"მე-6 სართული, ფაქტობრივად, მონგრეული იყო, ლიფტი - გაჭედილი" - რას ჰყვება დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე თვითმხილველი? - კვირის პალიტრა

"მე-6 სართული, ფაქტობრივად, მონგრეული იყო, ლიფტი - გაჭედილი" - რას ჰყვება დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე თვითმხილველი?

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი 3 ადამიანი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არ არიან არასრულწლოვნები.

„ჩვენთვის როგორც ცნობილია, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია", - განაცხადა კუპატაძემ.

როგორც ცნობილია, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული.

"უცებ ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე, ჩაიმსხვრა ფანჯრები, რამდენიმე წამის განმავლობაში სრულ შოკში ვიყავი, მერე ჩემს მეუღლესთან ერთად ვეცადე დამეტოვებინა კორპუსი, ლიფტი გაჭედილი იყო, სრული პანიკა იყო, ამიტომ მერვე სართულიიდან ფეხით ჩამოვედი, მეექვსე სართული იყო, ფაქტობრივად, მონგრეული, რომ გამოვდიოდი გაზის ძლიერი სუნი იყო, მოვასწარი სახლში გადამეკეტა ბუნებრივი აირი, პირველ სართულზე სავრაუდოდ იყო გარდაცვლილი ადამიანი, რომელსაც შეიძლება ითქვას, პანიკისა და შიშისგან გადავუარეთ მთელმა კორპუსმა", - განუცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა ტელეკომპანია "იმედს".

იხილეთ ასევე: სულისშემძვრელი ფოტოები აფეთქების ადგილიდან, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა