აფეთქება, სავარაუდოდ, ფირალიშვილების ბინაში მოხდა - რა მდგომარეობაში არიან ბინაში მყოფი ადამიანები - კვირის პალიტრა

აფეთქება, სავარაუდოდ, ფირალიშვილების ბინაში მოხდა - რა მდგომარეობაში არიან ბინაში მყოფი ადამიანები

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე გაზის გაჟონვით მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი შეეწირა, რამდენიმე მოქალაქე კი სხვადასხვა ტიპის დაზიანებებით გადაყვანილია სხვადასხვა საავადმყოფოში, მათ შორის 6 არასრულწლოვანს იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა უმძიმესია, კიდევ ერთი დაშავებული არასრულწლოვანის მდგომარეობა, რომელის გადაყვანასაც „იმედის“ კლინიკიდან იაშვილის კლინიკაში აპირებენ.  ექიმის თქმით, მიმდინარეობს გულის ფუნქციების

აღდგენისთვის ბრძოლა, პატარა მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. ბავშვის მოსანახულებლად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა.

ცნობილია, რომ აფეთქება მე-6 სართულზე მოხდა. ჩვენი კორესპონდენტის ინფორმაციით, ტრაგედია, სავარაუდოდ, ფირალიშვილების ოჯახში დატრიალდა და ტყუპი მცირეწლოვნები, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაში „იმედის“ კლინიკაშია, მეორეს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებებით იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ, ამ ბინაში იმყოფებოდნენ. როგორც ირკვევა, ბავშვების მამაც შინ იყო, ის მართალია ფიზიკურად ჯანმრთელად არის, თუმცა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ბავშვების დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უცნობია.

(სპეციალურად საიტისთვის)