"არა, ბრატცი, გეჩვენებათ, არაფერი არ ხდება აქო" - რას ყვებიან აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლები, ვინც "ყაზტრანსგაზი" გამოიძახეს - კვირის პალიტრა

"არა, ბრატცი, გეჩვენებათ, არაფერი არ ხდება აქო" - რას ყვებიან აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლები, ვინც "ყაზტრანსგაზი" გამოიძახეს

16 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 20:30 წუთზე ტრაგედია დატრიალდა დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი 4 წლის ბიჭუნაა. მომხდარის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, აქედან 2 მოზრდილი, 6 კი ბავშვია. პატარების უმეტესობა ექიმებმა სახლში უკვე გაწერეს, მხოლოდ ერთი ბავშვი, რომლის მდგომარეობაც შედარებით მძიმეა, მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.

იაშვილის კლინიკაში დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი გაიმართა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გამოვლენილია სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდაც ღონისძიებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ბავშვი კონტაქტურია. თუმცა, დაზიანების ხარისხის და სისხლის დანაკარგის გათვალისწინებით გააგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

ექსპერტები არ აკონკრეტებენ, თუ რა დრო დასჭირდება კვლევას, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ სახლი საცხოვრებლად ვარგისი იყოს და მისი დემონტაჟის საჭირო არ გახდეს.

ვესაუბრეთ ავთანდილის ქუჩის იმ კორპუსის ერთ-ერთ მაცხოვრებელს, რომელშიც აფეთქება მოხდა. ის ერთ-ერთია იმ მაცხოვრებლებისგან, რომლებმაც ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამო იმ დღეს "ყაზტრანსგაზში" დარეკეს და დახმარება მოითხოვეს.

"საშინელი სუნი იდგა, მე დავხვდი, როდესაც "ყაზტრანსგაზის" თანამშრომელი მოვიდა და დაგვაიმედა, ეს რა გაგვიკეთა - ასეთი საშინელება დატრიალდა მისი წასვლიდან ორ საათში. რომ არ ეთქვა საშიში არაფერიაო, სართულ-სართულ ყველა ბინას დავივლიდით და მივაგნებდით. კორპუსის შესასვლელთან კამერები აყენია, მისი მოსვლა დაფიქსირებული იქნება კამერებზე და ვერ იტყვიან, რომ არ იყო მათი წარმომადგენელი აქ მოსული.

გვეუბნებოდა, - არა, ბრატცი, გეჩვენებათ, არაფერი არ ხდება აქო, ზუსტად ამ სიტყვებით გველაპარაკა, რა მეჩვენება, ყარს აქაურობა- მეთქი. მე მერვე სართულზე ვცხოვრობ და ყველგან საშინელი სუნი იყო, ეტყობა ვინტილაციას ამოჰქონდა ეს სუნი. მერე ჩვენ გავანიავეთ ოთახები, მაგრამ დავხურეთ თუ არა ფანჯრები, მალევე ისევ ისეთი სუნი დადგა.. აშკარა იყო პრობლემა. წარმოიდგინეთ, ასე გვითხრა, ალბათ ვიღაცამ გაზით სავსე ბალონი აიტანა სახლშიო, ეს სისულელე გვითხრა, ვუთხარი, - კარგი, აიტანა გაზის ბალონი, მაგრამ ამდენი ხანი სუნი გაგიგია-მეთქი?

მოკლედ, დაგვაიმედა, წავიდა და მალე ეს აფეთქებაც მოხდა. ბავშვი და დედაჩემი აივანზე იყვნენ და მოასწრეს შიგნით შემოსვლა. ჩვენ გადავრჩით, მაგრამ ფირალიშვილების ოჯახი ხომ გაუბედურდა. მეექვსე სართულზე იყო დაგროვილი სავარაუდოდ. გარდაიცვალნენ ნათია და მისი - შვილი, ოჯახში სტუმარიც იყო ნათიას და, რომელსაც ეძებდნენ ყველგან, მერე გაირკვა, რომ ისიც დაიღუპა. ეზოში რომ ჩამოვედით, ძირს გარდაცვლილი კაცი ეგდო, ეტყობა წნევამ გადმოაგდო გარეთ, არ ვიცი, როგორ დაიღუპა. უკვე გადაფარებული ჰქონდათ და ამიტომ სახე არ დამინახავს".

მაცხოვრებლები მთელ პასუხისმგებლობას "ყაზტრანსგაზს" აკისრებენ. გვერდით კორპუსში მცხოვრები ქალბატონი ირწმუნება, რომ პრობლემა არის გაზის მაგისტრალზეც და ქუჩაში ხშირად დგას გაზის სუნი. არაერთი საჩივარი დაწერა თავად სხვადასხვა უწყებაში და ამაზე რეაგირება არ ხდება.

გვერდით კორპუსში მცხოვრები ქეთევან ბადუაშვილი:

- როგორც ვიცი, გამოძახებული იყო "ყაზტრანსგაზი" და არავითარი რეაგირება არ მომხდარა. ეს მაგისტრალი ჩემი გაყვანილია ამ დასახლებაში. პირველი მე დავსახლდი და გაზიფიცირების საკითხზე მე დავდიოდი. ჩვენი კორპუსის უკანა შუშებიც ჩაიმტვრა, მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ვიღაცამ თუ არ მიხედა ამ პრობლემას კიდევ მოხდება მსგავსი უბედურებები. მე სემეკშიც გავაგზავნე განცხადება მთელი ეს მილები მიწაში არის ჩადებული, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს მაგისტრალი არის მიწაში. სადაც მაგისტრალი გადის, იქ ყოველთვის სუნია, გაჟონვაა, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას. ბევრჯერ გამომიძახია "ყაზტრანსგაზი" და საერთოდ არ მოსულან. დღესაც გამოიძახეს, მოვიდნენ, მაგრამ თქვეს, რომ არავითარი სუნი არ არისო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ალბათ, მკითხველს ემახსოვრება გასული წლის ნოემბერში ზემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედია, სადაც კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა გააკეთეს შესაბამისმა უწყებებმა მომხდარის შემდეგ, მიიღეს თუ არა პრევენციული ზომები.

"ყაზტრანსგაზი": "მთელი წლის განმავლობაში ვამომწებთ ჩვენს აბონენტებს და დანადგარებს, მერე კი, ვაკეთებთ ამის აღწერას. კონკრეტულად ზემო ფონიჭალაში ოჯახი იყო შემოწმებული და ჩახსნილიც იყო დანადგარი. რაც შეეხება შემდგომ ღონისძიებებს, მუდმივად იცვლება მილები, ტარდება სხვადასხვა სამუშაო, ფონიჭალასაც რა თქმა უნდა, მიექცა ყურადღება, თუმცა შემოწმება რაიმე შემთხევვის გარეშეც მიმდინარეობს.".

თბილისის მერია: "ზემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, თბილისის მერია დაუკავშირდა "ყაზტრანსგაზს" და კომპანიამ უსაფრთხოების მიზნით, გამათბობლებისა და სხვა საშუალებების შემოწმების კამპანია დაიწყო, და ეს კამპანია დღესაც მიმდინარეობს. მერია, რა თქმა უნდა, ვერ შეამოწმებს ამ გამათბობლებს და გამაცხელებლებს, ეს სპეციალისტების საქმეა, რომელსაც უზრუნველყოფს "ყაზტრანსგაზი".

იხილეთ ასევე: "ქალაქი ნაღმზე ზის... გაზგაყვანილობის მიწისქვეშა ქსელები დაფხავებულია და გაზი ჟონავს"

თეა ხურცილავა, თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო