"გულგრილი მიდგომები... ასე ვხდებით მკვლელობის თანამონაწილეები..." - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" დიდი დიღმის ტრაგედიას? - კვირის პალიტრა

"გულგრილი მიდგომები... ასე ვხდებით მკვლელობის თანამონაწილეები..." - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" დიდი დიღმის ტრაგედიას?

"ნორმალურ ქვეყანაში ადამიანები ასე არ იღუპებიან, არა!"

16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან. შეგახსენებთ, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავებულია 8 ადამიანი, აქედან 6 ბავშვი. 5 პატარა უკვე გაწერეს კლინიკიდან, ერთის მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა.

ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკოსი: "ტრაგედია მოხდა და გასაგებია, რომ დაღუპულებს ვერ დააბრუნებ და დაზარალებულებს ტრავმას ვერ შეუმსუბუქებ.

გაზის გაჟონვის საფრთხე არსებობს ძალიან ბევრ სახლში.

საკუთარი თვალით მინახავს ბევრი სრულიად მოშიშვლებული და დაუცველი გაზის მილები სადარბაზოებში და კუსტარულად დაყენებული გამათბობლები. ლამის ერთმანეთზე მიჯრილი კორპუსები საფრთხეს ერთიორად ზრდის".

დავით იაკობიძე, ეკონომისტი: "თბილისს ესაჭიროება ღრმა და სისტემური კომუნალური რეფორმა.

საქალაქო სერვისების არსებული სისტემა ვერ პასუხობს დღევანდელობის მოთხოვნებს".

უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი: "ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ეს ტრაგედია უნდა გახდეს დისკუსიის საგანი და ამ შემთხვევაში მაინც უნდა მოხდეს რეალური გამოძიების წარმართვა. უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტების უგულებელყოფა და სახელმწიფოს ინერტულობა ამ საკითხში წლების განმავლობაში იყო სერიოზული პრობლემა. სამწუხაროდ უსაფრთხოება კვლავ პრობლემაა და რეალურად ბევრი არაფერი შეცვლილა.

P. S. ათი წლის წინაც იგივე ხდებოდა, ხუთი წლის წინაც და 1 წლის წინაც".

სოფო ხორგუანი, უფლებადამცველი: "საიდან დაიწყო ეს ტრაგედია, ასეთი სავოკური გამოთქმაა "ი ტაკ საიდიოტ", ამით იწყება ყველაფერი. როცა რომელიღაც ჩვენგანმა ნაგავი ფარდაგის ქვეშ შემალა. სახელმწიფო რომ მხოლოდ მეწველი ძროხაა და ისიც სხვისი, ეს ძველია, მაგრამ ჩვენი სახლი რომ ჩვენია, ამისაც არ გვჯერა. რეგულაციები არსებობს, მაგრამ არ მუშაობს. გულგრილობასა და პასუხისმგებლობაზე სისხლის სამართლის კოდექსში მუხლს ვიპოვით. მაგრამ ეს რწმენა, მე არ შემეხება, მტკიცეა, იმიტომ გვყავს ამდენი თაღლითი, იოლად ვიჯერებთ, თაღლითური პირამიდა არ შეგვეხება, მე არ ვიქნები ბოლო.

ჩემს თავზე ვიტყვი, როგორც ამ ერთი ანონიმური უპასუხისმგებლო საზოგადოების წევრზე, თქვენც გექნებათ თქვენი მოსაყოლი ისტორია. მეზობელმა ბოლო სართულზე საერთო გამწოვი მილი გადაიტანა, მისმა "პრარაბმა" თუ არქიტექტორმა თუ დიზაინერმა უთხრა, არაა პრობლემაო. ჰოდა, ბევრი ვიფიქრე და დამეზარა სასამართლოში წასვლა, ვარჩიე, გამწოვი მუდმივად ჩართული მქონდეს, ის სივრცე დაგმანული და ვიხადო მეტი ფული. ჩემი პირადი პრობლემა ასე მოვაგვარე, უსინდისოდ უპასუხისმგებლოდ.

p.s. გაზი არ შემოვიყვანე, მიუხედავად ჩემი "პრარაბის" დაჟინებული თხოვნისა. იმედი მაქვს, ოდესმე ყველა სახლის სახურავზე გვექნება მზის პანელები.

p.p.s. რემონტის ტანჯვაზე არ მოვყვები, ეს მითი ან მატრაკვეცობა არ არის, მართლა ჯოჯოხეთია"

ანა ნაცვლიშვილი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილი თავმჯდომარე: "საშინელი, საზარელი ამბავი! და უფრო საზარელი ის, რომ ნორმალურ ქვეყანაში ადამიანები ასე არ იღუპებიან, არა!!! ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ და ჩვენც ნელნელა, ნაწილ-ნაწილ, უჯრედ-უჯრედ ვკვდებით ამდენი სიკვდილის და უბედურების შემყურე! გუშინ ქუთაისში სამი ახალგაზრდა დაიღუპა, დღეს თბილისში გაზის გაჟონვამ 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხვალ - ?!

ამ ყანსტრანსგაზის თანამშრომლების პასუხისმგებლობა კი უნდა იქნეს შესწავლილი და სისტემურადაც გამოკვლეული, ეს უწყება რამდენად სწორადაა მოწყობილი, რომ უპასუხოს თავის ფუნქციას, და ა.შ. მაგრამ პრობლემის სათავე იცით სად არის? არავის ამ ქვეყანაში არაფერზე პასუხი რომ არ მოეთხოვება და ანგარიშვალდებულების გრძნობა რომ არ არსებობს სულ სათავეებში და დაუსჯელობის მრავალწლიანი "კულტურა" რომ მოგვდგამს, ქვედა რგოლებსაც ედება მერე ეს მიდგომები: აი ეს ანგარიშმიუცემლობა, სანახევროდ, საუცფათოდ, პოზისთვის, ჩათვლისთვის და ა.შ. საქმის კეთება ... უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები, გულგრილი მიდგომები . . . ასე ვხდებით მკვლელობის თანამონაწილეები..." დაჩი გრძელიშვილი, ჟურნალისტი: "იგივეს დავწერ, რაც ქობულეთის სასტუმროში ბავშვების დაწვის, ბათუმის სასტუმროს ტრაგედიის, მეტროში ჭერის ჩამოვარდნის, ფასადიდან მინაბლოკით ბავშვის დაღუპვის მერე დავწერე - სულისშემძვრელი ფოტოების გაზიარებით, ან განტევების ვაცის ძებნით კი არა, რეალური მიზეზების და პრევენციით უნდა დავკავდეთ - მედიაც და მისი მომხმარებლებიც. დარწმუნებილი ვარ, ყველა ჩვენგანი აქაც, ფეისბუკზე წყევლა-კრულვითა და ტრაგიკული ფოტოებით გაჯერებულ პოსტებში რაიმე რაციონალური რჩევის და პრევენციული ინფორმაციის პოვნას ვცდილობთ - სამწუხაროდ, უშედეგოდ. არადა გაზი ყველას გვაქვს ბინაში... მე არ ვარ გაზგაყვანილობის სპეციალისტი. ვინმე - მთავრობა, მედია, მოქალაქე... რამე რაციონალურს დაწერს თუ როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა დავით ხიდაშელმა თქვა - ასე ვიდგეთ სიკვდილის რიგში გამწკრივებულები". თორნიკე შარაშენიძე, პოლიტოლოგი: "ჰოდა, ბანალური ჭეშმარიტება: ყველა გარე მტერზე უარესი ჩვენი უვიცობაა".

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

იხილეთ ასევე: ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც დიდი დიღმის აფეთქებას ემსხვერპლა?