"მომხდარი აფეთქება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სიკვდილით სავსე ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

"მომხდარი აფეთქება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სიკვდილით სავსე ქვეყანაში"

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სიკვდილით სავსე ქვეყანაში, არამარტო ქალაქში,- ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე დიდ დიღომში, საცხოვრებელ კურპუსში აფეთქებას, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც ანა დოლიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ამ შემთხვევაში საჭიროა დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა ფაქტია, რომ სახელმწიფომ უნდა დააწესოს რეგულირების ნორმები და უპასუხისმგებლო ბიზნესი ამ ნორმებს დაექვემდებაროს.

"აქ, ყველა ჩვენთაგანისთვის ცხოვრება, ყოველდღიურად საფრთხის მომცველია. ცოტა ხნის წინ, ქუთაისში ძალიან ტრაგიკულ ვითარებაში, ავარიაში გარდაიცვალა ხალხი, ახლა კი გაზის აფეთქება მოხდა. თითქმის ყოველ დღე კვდება ვიღაც ბუნებრივი აირის გაჟონვით. სიმსივნეების რაოდენობა კატასტროფულ ზღვარს აღწევს. ეს რას ნიშნავს?! სახელმწიფო არის ფაქტობრივად გამქრალი იმ სფეროებიდან, სადაც (სახელმწიფო) უნდა იღებდეს რეგულირების ნორმებს, უნდა აწესრიგებდეს, უნდა აჯარიმებდეს ბიზნესს იგივე შრომის უსაფრხოების სფეროში. ამ შემთხვევაშიც იკვეთება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. უნდა დაველოდოთ გამოძიებას, მაგრამ სახელმწიფომ უნდა დააწესოს ისეთი ნორმა, რომელსაც დაემორჩილება ბიზნესი, ამ შემთხვევაში გაზის მომწოდებელი და დაემორჩილება რაიონი, უბანი და მოსახლეობაც. ყველა ამ სფეროდან სახელმწიფოს ხელები აქვს დაბანილი. ამიტომ, მითია საუბარი იმაზე, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა.

იგივე სიტუაციაა კრიმინოგენური მიმართულებით, თუ გავიხსენებთ ბოლოს მომხდარ შემთხვევას მელიქიშვილის გამზირზე, სადაც სროლა იყო. ამიტომ, ეს არის სიკვდილით სავსე ქვეყანა", - განაცხადა დოლიძემ.

იხილეთ ასევე: "უბედნიერესი იყო ნათია ახალმოსახლეობით, მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდა, როგორ იფიქრებდა, რომ ეს ბინა იმსხვერპლებდა"

"ინტერპრესნიუსი"