"ყველაზე დიდი შოკი ბავშვების ტანსაცმლის და სათამაშოების ნახვა იყო" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც აფეთქების ადგილზე პირველი მივიდა?
"ყველაზე დიდი შოკი ბავშვების ტანსაცმლის და სათამაშოების ნახვა იყო" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც აფეთქების ადგილზე პირველი მივიდა?
ფოტო:აფეთქებისას გარდაცვლილი ნათია და ნინო ციცვიძები და ლევან დავლაძე
მთელი საქართველო აატირა დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 4 ადამიანის - ლევან დავლაძის, დების ნათია და ნინო ციცვიძეების და ნათიას პატარა ვაჟის - ნიკუშას სიცოცხლე ემსხვერპლა. ბუნებრივია, შემთხვევის ადგილზე პირველები მაშველები მივიდნენ. ემოციურად ძალიან მძიმე მოსასმენი იყო გლდანი-ნაძალადევის ოცმეთაურის, არჩილ ჯაფარიძის მონათხრობის მოსმენა. ის ერთ-ერთი პირველი მივიდა თავის ჯგუფთან ერთად შემთხვევის ადგილზე და გამთენიის 5 საათამდე მუშაობდა. მან და მისმა კოლეგებმა ბევრი ადამიანი გამოიყვანეს სამშვიდობოს და თავიანთი თვალით
ნახეს, ის უმძიმესი ვითარება, რაც იქ ტრიალებდა.

არჩილ ჯაფარიძე:
- შემოვიდა შეტყობინება მომხდარ აფეთქებაზე და მაშინვე გავეშურეთ შემთხვევის ადგილისკენ. პირველადი ინფორმაციით, კორპუსში ხანძრის ნიშნები არ იყო, მაგრამ სიტუაცია იყო ძალიან მძიმე. როცა შევდიოდით შენობაში, პირველი რაც ვნახე, სადარბაზოში, პირველ სართულზე დაბლა დაგდებული ახალგაზრდა მამაკაცი იყო.
მას მაშინვე პულსი გავუსინჯე... გული არ უცემდა, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იყო, როგორც შემდეგ გაირკვა, იგი მეექვსე სართულიდან გადმოეგდო აფეთქებით გამოწვეულ წნევას.
მივიწევდი ზევით, შემთხვევის ადგილისკენ და ვხვდებოდი, რომ საშინელი მდგომარეობა იყო... კორპუსის მეექვსე სართული მთლიანად დანგრეული იყო, თითქმის არც ერთი კედელი არ ჰქონდა შერჩენილი ბინებს...
არჩილ ჯაფარიძე
ოთახები, ფაქტობრივად, აღარ იყო. ბინის შესასვლელთან ქალბატონი ვნახეთ, ზემოდან ეყარა ნანგრევები, ბიჭებმა სასწრაფოდ გადავწყვიტეთ ნანგრევები მოგვეშორებინა, იმედს არ ვკარგავდით, იქნებ ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ არანაირი სიცოცხლის ნიშანი არ ჰქონდა. ნანგრევებს თავი სასიკვდილოდ დაეზიანებინა...

იმ ადგილას, სადაც მანამდე საძინებელი ოთახი იყო, საწოლებთან ახლოს მეორე ახალგაზრდა ქალი ვნახეთ. სამწუხაროდ, არც მისი პულსი ისინჯებოდა. მის ცხედართან მიმოფანტული იყო ბავშვის სათამაშოები და ტანსაცმელი, ამან ემოციურად ძალიან იმოქმედა. იმის შეგვეშინდა ხომ არ იყვნენ ბინაში ბავშვები, ძებნა დავიწყეთ, თუმცა მალევე გაირკვა, რომ პატარები ჩვენს მისვლამდე გამოეყვანათ.
იყო საშინელი პანიკა, ყვირილი, ყველა მხრიდან ხალხი შველას ითხოვდა, ძნელია გადმოსცე ის რეალობა სიტყვებით, რაც იქ ხდებოდა, ბიჭებს ვუთხარი დაგვეწყო შენობის ევაკუაცია და დავიწყეთ ბინებიდან ხალხის გამოყვანა. არ ვიცოდით თვითონ შენობა რა მდგომარეობაში იყო და იყო თუ არა შენობის ჩამონგრევის საშიშროება.

- ხალხი ბინებში იყო ჩაკეტილი?
- მესამე სართულიდან მექვსე სართულამდე არც ერთ სახლს კარი არ ჰქონდა, მაგრამ მეექვსე სართულის ზემოთ, ძირითადად კარები იყო გაჭედილი და არ იღებოდა, ხალხი შიგნით იყო დარჩენილი, ბინებიდან ვერ გამოდიოდნენ. მეექვსე სართულიდან ზევით დავიწყეთ სვლა, მეშვიდე თუ მერვე სართულზე ვიპოვეთ პატარა გოგონა, იქნებოდა 4 წლის, მარტო იყო და ისტერიულად ტიროდა, ერთ-ერთ მაშველს ვუთხარი, რომ ბავშვისთვის მიეხედა. ხელში აიყვანა, გულში ჩაიკრა და ისე ჩაიყვანა ქვევით სამაშველო მანქანასთან. ახლა მისი მშობლების ძებნა დავიწყეთ. ბავშვს არ ჰქონდა არანაირი დაზიანება, უბრალოდ შეშინებული იყო. მალევე ვიპოვეთ ბავშვის დედაც...
ფოტო აფეთქების ადგილიდან. ფოტოგრაფი: გიორგი ჟამერაშვილი
ადგილზე სამი სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, მერე კიდევ ერთი დაგვემატა, თან დახმარებას ვუწევდით ოჯახებს და ხალხის ევაკუაცია ხდებოდა ბინებიდან...

- როგორც ვიცით, სულ 7 ბავშვი იყო დაშავებული, ეს ბავშვები იმავე სართულზე ცხოვრობდნენ?
- იმ სართულზე ცხოვრობდა 3 ბავშვი, ისინი გადაყვანილები იყვნენ საავადმყოფოებში, დანარჩენები სხვადასხვა ბინებში ვნახეთ, საიდანაც ჩვენმა მაშველებმა გამოიყვანეს.

- ფირალიშვილების სახლში ახალგაზრდა ქალი აფეთქების ეპიცენტრში იყო?
- ეტყობა აფეთქების ძალამ ახალგაზრდა ქალი ჰაერში ააგდო და შემდეგ ძირს დაანარცხა... ლიფტის კედლებიც ჩანგრეული იყო, შეიძლება ითქვას, რომ  მეექვსე სართული მთლიანად გაერთიანებული იყო.

- გარდაცვლილი მამაკაციც იმ სართულზე ცხოვრობდა?
- პირველი მისი ცხედარი ვნახეთ, 30 წლამდე ასაკის ბიჭი იყო. წნევამ გადმოაგდო ზევიდან და პირველ სართულზე ეგდო. მერე ძმაკაცი ეძებდა, გაირკვა, ის ბიჭი იქ არ ცხოვრობდა, მეგობართან იყო სტუმრად მისული, სწორედ ის მეგობარი ეძებდა, ვისთანაც იყო სტუმრად. როგორც გავიგეთ, ბინაში გასაღები დარჩა და იმის ჩამოსატანად ავიდა, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება.
ფოტო აფეთქების ადგილიდან. ფოტოგრაფი: გიორგი ჟამერაშვილი
მოპირდაპირე მხარეს 20-25 მეტრით არის დაშორებული მეორე კორპუსი, იმ კორპუსამდე მიღწეულია აფეთქების ძალა და იქ სულ ჩამსხვრეულია მინები, აივნები დანგრეულია.

- რა აფეთქდა ამის თქმა შეიძლება?
- არ ვიცი, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ძნელია რამე თქვა, ორი ბინა, ფაქტობრივად, გაერთიანებული იყო და ორივე ბინაში ერთნაირად დანგრეული იყო ყველაფერი. ამიტომ ვერ ვიტყვი იმასაც დაზუსტებით, რომელ ბინაში იყო აფეთქება. შიგნით ყველაფერი გაპარტახებულია. ყველაზე დიდი შოკი ბავშვების ტანსაცმლის და სათამაშოების ნახვა იყო. ძალიან მძიმე იყო ემოციურად, როცა სათამაშოები ვნახეთ.

- ქვედა სართულის ჭერი რა მდგომარეობაშია?
- ჩამოსხმულია ეს შენობა, მონოლითია და ამიტომ ქვედა კედელი არ იყო ჩამონგრეული...

- აფეთქების კერა ფირალიშვილების მეზობლის ბინაში ხომ არ იყო? მეზობლები იმასაც ამბობდნენ, ეტყობა გასაღების ასაღებად ბინაში რომ ავიდა ახალგაზრდა კაცი, შუქი აანთო, გაზი იყო დაგროვილი და ამან გამოიწვია აფეთქებაო...
- დანამდვილებით მიჭირს ვთქვა, სად იყო აფეთქების კერა, ეს ექსპერტიზამ უნდა გაარკვიოს... ჩემი აზრით, იმ ბინაში იყო, სადაც ქალები გარდაიცვალნენ...ისე კი, ორივე ბინაში იყო ნგრევა, ორივე ბინას ჰქონდა ცენტრალური გათბობა. მიზეზები გამოძიების და ექსპერტების დასადგენია.

მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა.

(სპეციალურად საიტისთვის)

daviti
18 იანვარი 2019 10:50
ეს არის სისხლის სამართლის საქმე, გამოიძახეს ყაზტრანსგაზი 2-ჯერ სუნის გამო, იმათ კიდე მიზეზი ვერ/არ დაადგინეს და ხალხი დაიღუპა. ასეთი დანაშაული ნორმალურ ქვეყნებში კლასიფიცირდება როგორც არაგანზრახ მკვლელობა და ისჯება 5-10 წელი ციხით და რამოდენიმე მილიონი ჯარიმით. ჩვენთან კიდე ადრე აჭარაში სასტუმრო რომ დაიწვა და ბავშვები დაიღუპნენ, პასუხი არავის უგია. იმედია ახლაც ასე არ იქნება.
ზოია
18 იანვარი 2019 08:42
საშინელება მოხდა.ვიზიარებ ასეთ ტრაგდიას.მთელი საქართველო ტირის.ვვინნნც დაიღუპა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა და დარჩენილებს ვუსურვებ გამძლეობას და დიდი ხნის სიცოცხლეს.მთელ თბილისს დაატყდა უბედურება.ეს არ უნდა ხდებოდეს ორი თვის უკან ფონიჭალაში საშინელება დატრიალდა რა ხდება?ლაპარაკობენ ყველგან გაზი გაუმართავიაო ესეც მოსალოდნელია.
დავითი
17 იანვარი 2019 17:38
ნორმალურ ქვეყანაში ასეთ შემთხვევაში აღიძვრება სისხლის სამართის საქმე მშენებლების წინააღმდეგ და გაზის კომპანიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ვინც გამოძახებაზე მოვიდა და ობიექტი უყურადღებოდ დატოვა. ამას იქ მოყვებოდა ამ ხალხის ციხეში გაგზავნა 4-8 წლიანი ვადით და კომპანიის სერიოზული დაჯარიმება, მილიონობით დოლარით. მაგრამ ეს საქართველოა, აქ რა მოხდება კაცმა არ იცის. აჭარაში დაიწვა სასტუმრო დაიღუპა ხალხი და არაფერი არ მოხდა, რადგანაც მშენებლობის სტანდარტები არ არსებობს ან არის ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული, აი შედეგიც.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები