"დებს მამა ადრე გარდაეცვალათ... ნათია ძალიან გახარებული იყო სახლის რემონტს რომ ასრულებდა, უცებ კი ეს ტრაგედია დატრიალდა" - კვირის პალიტრა

"დებს მამა ადრე გარდაეცვალათ... ნათია ძალიან გახარებული იყო სახლის რემონტს რომ ასრულებდა, უცებ კი ეს ტრაგედია დატრიალდა"

დიდ დიღომში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის მსხვერპლებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მათი ცხედრები 17 იანვარს სახლებში გადაასვენეს. ნათია ციცვიძე და მისი პატარა ბიჭუნა, ნიკოლოზი, ვერაზე, მაყაშვილის ქუჩაზე იმ სახლში დაასვენეს, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ნინო ციცვიძე კი დიდ დიღომში გადაასვენეს. როგორც ამბობენ, დაღუპულებს 19 იანვარს ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ და იქ გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, გამოსვენება კი 20 იანვარს მოხდება.

მთელი საქართველო შეძრულია ამ ფაქტით და სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი წერილებით. უმძიმეს მდგომარეობაში არიან ის ადამიანები, ვინც გარდაცვლილებს პირადად იცნობდა და მათთან ურთიერთობა ჰქონდა.

გოგონები სურამიდან იყვნენ. ციცვიძეების სახლში 4 შვილი გაიზარდა, სამი გოგონა და ერთი ვაჟი. დებმა სკოლა იქ დაამთავრეს და ამის შემდეგ განაგრძეს სწავლა თბილისში. წარმატებული სტუდენტები იყვნენ და ორივემ მუშაობა აქ დაიწყო. ორივე პედაგოგია, ნათიას ისტორია-გეოგრაფიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და სხვადასხვა სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, ბოლო 6 წელია ქართულ- ამერიკულ სკოლაში ასწავლიდა ისტორიას და საკმაოდ წარმატებული პედაგოგი იყო, ნინო ციცვიძე კი გერმანისტი იყო, ჯავახიშვილის უნივერსიტეტშიც მუშაობდა ლექტორად და კავკასიის ფრანგულ სკოლაში გერმანულს ასწავლიდა. საყვარელ პედაგოგებს გლოვობენ მათი სტუდენტები და მოსწავლეები, ამ ახალგაზრდა გოგოებმა შეძლეს უდიდესი სიყვარული და სითბო დაეთესათ და ამიტომაც უჭირთ მათზე წარსულში საუბარი.

პედაგოგი დარეჯან კვანჭიანი ნათია ციცვიძეს წლებია იცნობს, ისინი ერთ სკოლაში მუშაობდნენ.

დარეჯან კვანჭიანი: - ხუთი წელი ერთად ვიმუშავეთ სკოლაში. 25 წლის იყო ჩვენთან რომ მოვიდა, ლამაზი, ცისფერთვალება გოგონა, რომელიც ულამაზეს მოგონებად დარჩება და სამუდამოდ იქნება ჩემთან მისი ბოლო მონაწერი. ყველას უზომოდ უყვარდა. მერე სხვა სკოლაში გადავიდა სამუშაოდ, მეც წამოვედი იმ სკოლიდან, მაგრამ ურთიერთობა არასოდეს გაგვიწყვეტია. ისტორია-გეოგრაფიული ჰქონდა დამთავრებული, ჩემს სკოლაში გეოგრაფიას ასწავლიდა, მერე ქართულ-ამერიკულ სკოლაში გადავიდა და იქ ისტორიას ასწავლიდა. ორივე დარგის სპეციალისტი იყო. არაჩვეულებრივი ადამიანი. ნაკლს ვერ მოუძებნიდი ნათიას, იყო მშვიდი, გაწონასწორებული, კეთილმოსურნე. ღიმილიანი, კეთილგანწყობილი ყველას მიმართ. ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა და სულ სიყვარული იფრქვეოდა მისი თვალებიდან. უკონფლიქტო ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით აკეთებდა ყველაფერს. რაც მთავარია, ბავშვებს უყვარდათ ძალიან, კარგი ურთიერთობა ჰქონდა მათთან, ძალიან მეგობრული იყო.

ბოლო დროს ვერ ვხვდებოდი, მიმოწერა გვქონდა. სამი დები იყვნენ და ერთი პატარა ძმა ყავდა, მასზე მგონი 10 წლით პატარა იყო და დედასავით ზრუნავდა თავის ძმაზე. მერე ოჯახი შექმნა, შვილები ჰყავდა, კარგი მეუღლე და ბედნიერი იყო. მისი და ნინო უცხო ენის სპეციალისტი იყო. მასთან არ მქონია ურთიერთობა, ნანახი მყავს სკოლაში. ეს საშინელი ამბავი რომ გავიგე, დაზაფრული ვიყავი და უფრო მეტად გავნაგდურდი, როცა გავიგე, რომ ამ ტრაგედიის მსხვერპლი ჩემი ნათია და მისი ოჯახი იყო. არ ვიცი, სიტყვები უძლურია ამ დროს, ყველას ტკივილია და ყველას დააკლდება ისინი.

ირმა ქობულაშვილი, ქართულ-ამერიკული სკოლის პედაგოგი:

-მე და ნათია 6 წელია ერთად ვმუშაობთ და ასეთი ენერგიული, შრომისმოყვარე გოგო იშვიათია. გამორჩეული იყო სკოლაში, ისტორიას ასწავლიდა. ბოლოს ბავშვებს რომ ვუშვებდით საახალწლოდ სიცხიანი იყო, აკანკალებდა, სახეზე ფერი არ ედო. ვუთხარით წასულიყო სახლში, მაგრამ იმდენად პასუხისმგებლიანი იყო, სანამ გაკვეთილები ბოლომდე არ ჩაატარა არ წავიდა სახლში. მერე გაიგო რომ ფილტვების ანთება ჰქონდა და ცოტა იავადმყოფა. თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული იყო და სულ გამორჩეული იყო მისი ღია გაკვეთილები. ბოლოს პედაგოგებს შეხვედრა გვქონდა სკოლაში, "სანტობანა" ვითამაშეთ და დავასაჩუქრეთ ერთმანეთი, დირექტორმა კი დაგვასაჩუქრა ყველა პედაგოგი, ვინც ამდენი წელი ვმუშობთ იმ სკოლაში და მათ შორის ნათიაც იყო. ძალიან ბედნიერი იყო თავისი ოჯახით. რომ გათხოვდა უცებ არ დარჩა ფეხმძიმედ და ამას განიცდიდა, მაგრამ მერე ორ წელიწადში ნათიას სამი შვილი ეყოლა, უფროსი გოგონა პატარა ყავდა და ტყუპებზე აღმოჩნდა ორსულად. ბოლომდე დადიოდა სკოლაში, ბოლო გაკვეთილი ჩაატარა სახლში წავიდა და რამდენიმე საათში იმშობიარა. ნათია ციცვიძე

ძალიან ლამაზი, ცისფერი თვალებით, გამხდარი, სიფრიფანა გოგო იყო და საოცრად კონტაქტური და ძალიან ძლიერი. თავიდან მული ეხმარებოდა, მერე სამ შვილს მარტო ზრდიდა. ძალიან გახარებული იყო სახლის რემონტს რომ ასრულებდა, გვაჩვენებდა ფოტოებს, თავისი გემოვნებით აკეთებდა ყველაფერს, სულ თავის შვილებზე და ოჯახზე საუბრობდა. მეუღლეც კარგი ჰყავდა. ორივე ჩართული იყო შვილების აღზრდაში. ნათია რომ მიდიოდა სახლში, მერე მისი ქმარი მიდიოდა სამსახურში. იშვიათად შემხვედრია ასეთი პასუხისმგებლიანი ადამიანი. მისი პატარები ძალიან ცელქები იყვნენ, ერთს რასაც მიუტანდა, ის უნდოდა სამივეს.

წამოზარდა შვილები მეტნაკლებად, უნდა ამოესუნთქა და ეს საშინელება მოხდა, მანამდე ვერაზე ცხოვრობდა. სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, ოქტომბერში გადავიდა ახალ ბინაში და ეს საშინელება მოხდა. ტელევიზიით გავიგე აფეთქების შესახებ. ყველა მოვიკითხე, ერთმა თანამშრომელმა მითხრა იმ სახლთან ნათია დავტოვე მანქანითო და ამის მერე სულ ვრეკავდით ნათიასთან, ვერ დავუკავშირდით. ტელევიზიით მოვკარით თვალი ნათიას დაქალს, დავუკავშირდით და გავიგეთ ეს უბედურება. საშინელებაა. ანასტასიაც თმითაც კი მივხვდით, მერე მეუღლის ფოტოები გამოქვეყნდა, ძალიან გვტკივა. ჩვენ მართლა ვამაყობდით მისით...

ნინო ციცვიძე დიდ დიღომში ცხოვრობდა. ის კავკასიის ფრანგული სკოლის პედაგოგი იყო, ასევე მუშაობდა ლექტორად სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, გოეთეს ინსტიტუტშიც, ჯავახიშვილის უნივერსიტუტშიც. ძალიან განათლებული გოგო იყო. სოციალურ ქსელში არაერთი მისი მოსწავლის ტკივილიანი კომენტარი შემხვდა. ნიკოლოზ ჩადუნელი, პარიზის ჟან დეკურის სასწავლებლის სტუდენტია, რომელსაც ფრანგულ სკოლაში ნინო ასწავლიდა გერმანულს. ნიკოლოზს ძალიან უყვარდა თავისი მასწავლებელი, როგორც მან დედას უამბო, იმ დროს როცა აქ ეს საშინელი აფეთქება მოხდა, პარიზში ფაქტობრივად ხილვა ნახა. "ნინო ჩემი გერმანულის მასწავლებელი იყო. დის და დისშვილების სანახავად ყოფილა მისული. ძალიან ვუყვარდი და მეუბნებოდა, წარმატებული რომ გახდები არ დამივიწყოო. ხმა არასოდეს არ აუწევია. ლექციებს შორის შუალიდი იყო, ჩამთვლიმა და დამესიზმრა, რაღაც სახლში ვიყავი კარი გამოვაღე და აფეთქება მოხდა. წამოვხტი ეგრევე, ჯგუფელებმა მკითხეს რა მოხდაო, მერე გავიგე რომ ზუსტად იმ დროს მოხდა იქ აფეთქება და ჩემი საყვარელი მასწავლებელი დაიღუპა. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. ძალიან მიჭირს", -ეს სიტყვები მოსწერა ნიკოლოზმა დედას. იმდენად განიცდის მომხდარს, რომ ჩვენთან საუბარი ვერ შეძლო.

ნინოს მეუღლე ჰყავდა, მაგრამ შვილი არ ჰყოლია. ის ნათიაზე უფროსი იყო. გოგონებს მამა ადრე გარდაეცვალათ. დედა სურამში ცხოვრობს. ნათიას ბავშვობის მეგობარი მორის დანდურაშვილი იხსენებს, რომ გოგონები ძალიან კონტაქტურები და თბილები იყვნენ.

- ნათია ჩემი მეგობარი იყო, ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული. ორივეს ისტორია გვაინტერესებდა და ეს პროფესია ავირჩიეთ. სურამში, ეკლესიაშიც ერთად დავდიოდით. ბოლო დროს აღარ მქონდა ახლო ურთიერთობა, მამა ადრე გარდაეცვალათ, მაშინ სკოლის მოსწავლეები იყვნენ და ძალიან განიცდიდნენ. ერთი და ხაშურშია გათხოვილი, ძმა მათზე პატარაა და თბილისში ცხოვრობს. ძალიან განათლებული ოჯახი აქვთ, ნიჭიერები და წარმატებულები იყვნენ დედმამისშვილები. გოგოებს საოცრად კარგი დედა ჰყავთ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შვილებისთვის საუკეთესო განათლება მიეცა. ძალიან დაგვწყვიტა გული ამ გოგონების გარდაცვალებამ, ძალიან მძიმეა ჩვენთვის.

გარდაცვლილებს 20 იანვარს დაკრძალავენ. მათ სახლთან ხალხის ნაკადი არ წყდება.

"კვირის პალიტრა" მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

იხილეთ ასევე: "ყველაზე დიდი შოკი ბავშვების ტანსაცმლის და სათამაშოების ნახვა იყო" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც აფეთქების ადგილზე პირველი მივიდა?

(სპეციალურად საიტისთვის)