"გიორგი გახარიას სელფის გადაღება რომ ვთხოვე, არც დაფიქრებულა" - არქივი - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარიას სელფის გადაღება რომ ვთხოვე, არც დაფიქრებულა" - არქივი

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დღეს უკვე ყოფილი პრემიერი მთავრობის ადმინისტრაციაში თანამშრომლებს დაემშვიდობა და მათთან ერთად სამახსოვრო "სელფიც" გადაიღო, ფოტო კი მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განათავსა.

გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან, რომელიც გიორგ გახარიას პრემიერობის დროს ჩაიწერა ელისო გაბელიასთან 2019 წელს.

"ვერაფრით იგრძნობდი, რომ მინისტრი იყო. ძალიან უბრალო ადამიანია. იმდენად უშუალო პიროვნებაა, რომ გაოცებული დავრჩი"

ელისო გაბელია აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა დედაა. მას ყოფილმა მეუღლემ ყველაფერი წაართვა და 25 წლის ასაკში სრულიად მარტო დარჩა, ოთხ შვილთან ერთად. პროფესიით სტილისტია და ადრე სალონებში მუშაობდა, მაგრამ დღეს ორ ადგილზე დამლაგებლად მუშაობს და შვილებს რომ არაფერი დააკლოს, არც ოჯახის დასალაგებლად გამოძახებებზე ამბობს უარს... როგორც თავად ამბობს, მისთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო, როდესაც არც ერთი შვილი გვერდით არ ჰყავდა, რადგან ელემენტარული პირობები არ გააჩნდა და ბავშვები თავშესაფარში იმყოფებოდნენ...

შვილების მიმართ დღესაც არანაირ ყურადღებას არ იჩენს მისი ყოფილი მეუღლე, რომელიც ელისო გაბელიას სცემდა. ის ისეთი სასტიკი ძალადობის მსხვერპლი იყო, რომ ახალგაზრდა ქალი თავის მოსაკლავად მტკვარში გადახტა და სიკვდილს პოლიციელებმა გამოჰგლიჯეს...

სულ ახლახან ელისო გაბელიამ მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გადაღებული სელფით მიიქცია ჩვენი ყურადღება... დავინტერესდით, სად შეხვდა ელისო გიორგი გახარიას...

- ორი გოგონა მყავდა წაყვანილი ღონისძიებაზე - საქველმოქმედო ფონდმა "სოლიდარობის სახლი" განახორციელა პროექტი - "მე მინდა ვიყო პოლიციელი". ორგანიზატორებს მივწერე, რომ მონაწილეობა მსურდა, რაზეც სიხარულით დაგვთანხმდნენ და პოლიციის აკადემიაში მიგვიწვიეს. იქ იმყოფებოდა ბატონი გიორგი გახარიაც, მაგრამ ვერაფრით იგრძნობდი, რომ მინისტრი იყო. ძალიან უბრალო ადამიანია. იმდენად უშუალო პიროვნებაა, რომ გაოცებული დავრჩი. ბავშვებთან ერთად ხელიხელჩაკიდებული დადიოდა, ყველაფერს მათთან ერთად ათვალიერებდა, რითაც როგორც ჩემი შვილები, ასევე ყველა ბავშვი ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იყო.

- როგორ მოახერხეთ მინისტრთან ერთად სელფის გადაღება?

- ბავშვებს ფოტოს რომ ვუღებდი, იმ დროს გამახსენდა მინისტრთან ერთად სელფი გადამეღო. ვუთხარი ბატონ გიორგის და ისიც დაუფიქრებლად დამთანხმდა... გამიკვირდა, რადგან მინისტრები ასეთი რამისგან თავს იკავებენ. იქ უამრავი მშობელი და ბავშვი ვიყავით, მაგრამ ყურადღებას არავის გვაკლებდა. ყველასთან მოდიოდა და გულში გვიკრავდა. შეიძლება ბევრი საჩუქარი ვერ მოგვცეს, მაგრამ სითბო და ყურადღება ყველაზე მეტად გვჭირდებოდა - ეს კი არ დაუშურებია.

- თქვენ ურთულესი ცხოვრება გამოიარეთ... თავის მოსაკლავად განწირული პოლიციელებმა გადაგარჩინათ. დღეს ოთხ შვილს მარტო ზრდით... უამბეთ მინისტრს თქვენ შესახებ?

- დიახ, მეუღლის მხრიდან სასტიკი ძალადობის მსხვერპლი ვიყავი და თავის მოსაკლავად მტკვარში გადავხტი... დღეს ყველაფერს ვაკეთებ ჩემს შვილების კარგად ყოფნისთვის... მინისტრთან არაფერი მითქვამს, რადგან არ იყო იმის დრო, რომ იქ ჩემს პირად ცხოვრებაზე მელაპარაკა. თუმცა იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იციან, რა ჯოჯოხეთი გამოვიარე და ალბათ, მინისტრს ჩემზე ეტყვიან. ძალადობის მსხვერპლი ქალი ვარ, რომელიც ოთხ შვილს მარტო ვზრდი და თან, ბინის პრობლემა მაქვს... დიდი ძალა და ენერგია მომცა მინისტრთან შეხვედრამ. უმნიშვნელოვანესია, როდესაც ცნობილი პიროვნებისგან პოზიტივს იგრძნობ. დარწმუნებული ვარ, ჩემი პრობლემის შესახებ თუ შეიტყობს, დახმარებას გამიწევს... იხილეთ სრულად

გიორგი გახარიას სამახსოვრო "სელფი" მთავრობის ადმინისტრაციიდან