"თუ "ყაზტრანსგაზ - თბილისის" ხელმძღვანელობაში აღმოჩნდა ხვიჩა მაქაცარია, გამოდის, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელი არის კახა კალაძე, რაც არის ტრაგედია" - კვირის პალიტრა

"თუ "ყაზტრანსგაზ - თბილისის" ხელმძღვანელობაში აღმოჩნდა ხვიჩა მაქაცარია, გამოდის, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელი არის კახა კალაძე, რაც არის ტრაგედია"

დღეს "ყაზტრანსგაზ თბილისი" არც მიწისაა და არც ცისა, არც სახელმწიფოსია და არც კერძო, - ამის შესახებ გიგი უგულავამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმის" ეთერში განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, სწორედ ეს შეიძლება იყოს ამ კომპანიის არაეფექტურობის ერთ-ერთი მიზეზი.

"რაც შეეხება თავად "ყაზტრანსგაზს", ეს კომპლექსური საკითხია. უკვე მე-8 თუ მე-9 წელია ეს კომპანია იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომ პრაქტიკულად არც მიწისაა და არც ცისა. ანუ როცა მოხდა მისი მიყიდვა "ყაზმუნაი გაზზე", შემდეგ იყო პრობლემები, რის გამოც მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებითი ადმინისტრაცია შესულიყო, მაგრამ უკვე მე-9 წელია კომპანიაში დროებითი ადმინისტრაციაა შესული. ეს საკითხი ეხებოდა კალაძეს, როგორც ენერგეტიკის მინისტრს და ვერ დაადგა საშველი გამოსავლის მოძებნას. დღეს ეს კომპანია არც სახელმწიფოსია და არც კერძოსი, ამით უნდა აიხსნას მისი არაეფექტური მუშაობა. დღეს არავისი არ არის ეს კომპანია. გუშინ მოვისმინე ჩემი კოლეგების განცხადებები და ეს ყველაფერი ნახევრად სიმართლეა. მიდის მოლაპარაკებები კომპანიის გადაცემასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი არ არის დასრულებული, მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში მიაქციეთ ყურადღება ტრანზაქციას, ვის ხელში აღმოჩნდება "ყაზტრანსგაზი". თუ მის ხელმძღვანელობაში აღმოჩნდა ხვიჩა მაქაცარია, რისი ალბათობაც დღეს არის 99%, გამოდის, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელი არის კახა კალაძე, რაც არის ტრაგედია", - განაცხადა გიგი უგულავამ.

იხილეთ ვიდეო