რას ამბობს კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც მას 2009 წელს "ყაზტრანსგაზის" წილის შეძენა სურდა - კვირის პალიტრა

რას ამბობს კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც მას 2009 წელს "ყაზტრანსგაზის" წილის შეძენა სურდა

კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას 2009 წელს სურდა "ყაზტრანსგაზის" წილის შეძენა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, კალაძე მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მასთან ყოველგვარი ნეპოტიზმის გარეშე, მხოლოდ პროფესონალები იყვნენ დასაქმებული.

"მამუკა კობახიძე, სანამ მე ენერგეტიკის მინისტრი ვიქნებოდი, მანამდე მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია. მე პოლიტიკური ნიშნით არ ვიღებდი და ვათავისუფლებდი ადამიანებს. ჩემი ერთ-ერთი წარმატება ენერგეტიკის სამინისტროში ეს იყო, ამიტომ ვიყავით ერთ-ერთი წარმატებული სამინისტრო და იმიტომ განვახორციელეთ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც არასდროს გაკეთებულა ქვეყანაში. ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება, რომ ყველა პროფესიონალი ადამიანი შემოვიკრიბეთ ირგვლივ და ერთიანი ძალისხმევით ვაკეთებდით საქმეს. ყველა ადამიანი, რომელიც ჩემთან მუშაობდა, იყო კვალიფიციური, პროფესიონალი", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, 2009 წელს მას უნდოდა თუ არა, რომ შეეძინა "ყაზტრანსგაზის" წილი, კახა კალაძე ამბობს, რომ ეს ტყუილია.

"ტყუილია ეს. 2006-2007 წლებში ჩვენს ჯგუფს ჰქონდა ინტერესი, როცა ბიზნესსაქმიანობით ვიყავი დაინტერესებული, თუმცა როცა სააკაშვილმა გაიგო ეს ინფორმაცია, მაშინვე სპეცმმართველი შეუშვა "ყაზტრანსგაზში" და გააუბედურა კომპანია",- აღნიშნა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"