იაშვილის კლინიკა 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

იაშვილის კლინიკა 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იაშვილის კლინიკა 6 წლის საბა კიწმარიშვილის დიაგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ გარდაცვლილი ბავშვის დიაგნოზია ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი.

"გარდაცვლილი პაციენტის ს.კ-ს დიაგნოზია ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი. დიაგნოზი დადასტურდა ძვლის ტვინის პუნქტატის ჰისტოპათოლოგიური შესწავლით, იმუნოლოგიური კვლევით, ასევე იმუნოფერმენტული, ბიოქიმიური, რადიოლოგიური კვლევებით.

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი მიეკუთვნება რთულად სადიაგნოსტიკო, იშვიათ, გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს, მისი სიხშირე განსხვავდება გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და აშშ-ში შეადგენს 1 შემთხვევას 1.000.000 ბავშვზე. ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი ასოცირებულია სიმსივნეებთან, სხვადასხვა ვირუსულ, ბაქტერიულ, სოკოვან პათოგენთან. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია ეპშტეინ-ბარის ვირუსი და იმ პირებში, რომლებიც ამ ვირუსის მატარებლები არიან, ლეტალობის მაჩვენებელი 100%-ს აღწევს. ამ დაავადების სამკურნალო ეფექტური საშუალება მსოფლიოში არ არსებობს.

პაციენტთან კლინიკაში შემოსვლის დღიდანვე ტარდებოდა აგრესიული, კომბინირებული ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სისხლის და სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია, სხვადასხვა სახის დამხმარე თერაპია, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზია ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი და ამ ფონზე განვითარებული მძიმე, პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დარღვევები სისხლის შემადედებელ სისტემაში", - ნათქვამია იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 6 წლის საბა კიწმარიშვილი იაშვილის კლინიკაში წუხელ გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"