"სიხარბემ გადაჭამა ქვეყანა"
"სიხარბემ გადაჭამა ქვეყანა"
ფოტო:გურამ პეტრიაშვილი
"მე რომ კანონმდებელი ვიყო, ხელისუფალს ციხეში კი არ ჩავსვამდი, არამედ ყოველი დილის 5 საათიდან ქუჩაში ჩამოვატარებდი და "დავათვალიერებინებდი", როგორ იქექება ნაგვის ბუნკერებში უამრავი ადამიანი. დილის 5 საათზე იმიტომ, რომ ამ დროს ჯერ კიდევ არ არის ნაგვის მანქანა ჩამოვლილი და მას ასწრებენ, რომ რაიმე ამოიღონ. მაშინ როგორმე იქნებ სინდისი გაეღვიძოთ"

არსებობს გამონათქვამები, რომლებიც ისტორიას გვერდიგვერდ მიჰყვებიან - საქართველოს პირველი­ პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დამხობისას წარმოთქმული "მოგელანდებით" დიდხანს დაამახსოვრდა საზოგადოებას. გურამ პეტრიაშვილი თითქოს
საქართველოს სიმბოლოა: დაღლილი, გაბეზრებული და მაინც იმედიანი, მაგრამ ნიჭისა და ულევი ენერგიის წყალობით მაინც ფეხზე დადგა. ჩვენ კი მასთან საუბარი კვლავ "მოგელანდებით" დავიწყეთ.

- ამ სიტყვით მე მივმართავდი გადატრიალების მომწყობებს, რომლებიც დღესაც მშვიდად ცხოვრობენ, მათი ნამოქმედარის შედეგს კი ქვეყანა იმკის. რაც შეეხება ჩემს მაშინდელ კილოს,
არა მგონია, ვინმემ მშვიდად ილაპარაკოს, როცა ესმის, როგორ­ სკდება კედლებზე ტყვიები. რამდენჯერაც ისეთ რამეს ვიტყოდი, რაც "პუტჩისტებს" გააღიზიანებდა, სროლაც ძლიერდებოდა.. ტყუილად დაიღვარა ამდენი სისხლი, მაგრამ მიუხედავად უთვალავი მამაძაღლობისა და… სულმდაბლობისა, ჩვენ კარგი თვისებებიც გვაქვს და მოვა დრო, როცა ეს იმძლავრებს. ამას სხვანაირად ასე ვიტყოდი: როცა ქართველ კაცს სწამს ღმერთის, ის დავით აღმაშენებლამდე მიდის, როცა ქართველი კაცი ივიწყებს ღმერთს, ის სერგო ორჯონიკიძემდე ჩამოეთრევა და ორივეში დიდი ძალა გვაქვს. ახლა უფრო მეორის პერიოდია, იქიდან გამომდინარე, რაც ხდება: ერთი მხრივ, ქართველი კაცი იქექება ნაგვის ურნაში, მეორე მხრივ კი თავზე წამოსკუპული ბობოლები ენით აუწერელ ტკბობაში არიან. სჯერათ, რაც უნდა ჩაიდინონ, მათ ქონებასა და სავარძელს ვერაფერი შეეხება. ასეც არის. მათ არა მხოლოდ შენობები, არამედ მიწა, ხეობები, წყლები ჩაიგდეს ხელში. გამსახურდიას დამხობაც სწორედ ქონების მიტაცების გამო მოხდა. ხალხმა მშვენივრად იცის, რომ არც ზვიადსა და არც მის მთავრობას ქვეყნისთვის არაფერი წაუგლეჯიათ. ერთხელ დათო ტურაშვილმაც თქვა, ზვიადის მთავრობა დღესაც იმ პიჯაკებით დადის, მაშინ რომ ეცვათო.


ხელისუფლების შესანარჩუნებლად სკამებს თავგანწირულად ეჭიდებიან. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ზოგიერთის ჩადენილი შავი საქმეები შავით თეთრზე წერია, მაგრამ თანამდებობა კიდევ უფრო უმტკიცდებათ... ხომ ვხედავ, როგორ არის ხელისუფლება თანამდებობასა და ფულზე გამგელებული. მათ მადას აღარაფერი ჰყოფნის - შარშან რომ მავანმა ურეკის მაგნიტურ ქვიშაზე დაისვენა, წელს უკვე ნიცა უნდა, გაისად სხვა ეგზოტიკურ ქვეყანაში გადაინაცვლებს. ამისთვის მრავალათასიანი ხელფასი აღარ ჰყოფნით და საკუთარი ხელით მრავალათასიან პრემიებს იწერენ. ეს მაშინ, როცა ხალხს შია! ხანდახან მიფიქრია - მე რომ კანონმდებელი ვიყო, ხელისუფალს ციხეში კი არ ჩავსვამდი, არამედ ყოველი დილის 5 საათიდან ქუჩაში ჩამოვატარებდი და "დავათვალიერებინებდი", როგორ იქექება ნაგვის ბუნკერებში უამრავი ადამიანი. დილის 5 საათზე იმიტომ, რომ ამ დროს ჯერ კიდევ არ არის ნაგვის მანქანა ჩამოვლილი და მას ასწრებენ, რომ რაიმე ამოიღონ. მაშინ როგორმე იქნებ სინდისი გაეღვიძოთ, თორემ სიხარბემ გადაჭამა ქვეყანა. საკუთარი ყურით მაქვს გაგონილი, როგორ წუხდა მინისტრი სერგეენკო წამლების ფასზე, მაგრამ ფასი კიდევ უფრო გადიდდა. პატიოსანი ეკონომისტები მეუბნებიან, გასულ წელს სააფთიაქო ქსელის მამებმა ცალ-ცალკე ნახევარი მილიონი მოგება მაინც ნახესო და ვის ხარჯზე? ან ბანკები როგორ მდიდრდებიან? საკუთარი ხალხის გატყავების ხარჯზე...

- თავად როგორ ხართ? ვიცი, რომ ინსულტი გადაიტანეთ.
- ვუძლებ, მაგრამ უფალმა, ჩემი ასაკისა­ და პროფესიის ხალხისგან განსხვავებით, ოდნავ მეტი შეღავათი მომცა - პარლამენტარის პენსია მაქვს, 500 ლარი, და კიდევ ჩემი წიგნების გაყიდვით აღებული პროცენტები. კიდევ სხვა ბედნიერებაც მაქვს - მეწერება. ყოფილი მერის, ნარმანიას შეპირებული ფული კალაძემ გადმომცა და ჟურნალის ერთი ნომერი გამოვეცი. ლექსებიც დავბეჭდე, რომელიც გიორგი წერეთელმა დამისურათა. საბავშვო ლექსებიც მზად მაქვს გამოსაცემად. ჩემი ზღაპრების კრებული გაზრდილი ტირაჟით უკვე მეოთხედ გამოიცემა. მაგრამ ერთ რამეზე მწყდება გული - წიგნი 19 ლარი ღირს. ბაბუა რომ მხოლოდ 180 ლარს იღებს თვეში, შვილიშვილს ამ ფასად წიგნი როგორ უნდა უყიდოს?!

მგონი, მართლაც კარგი მეზღაპრე ვარ და მსახიობიც,…როდესაც ბორჯომში "წერილი ნაძვებს" ვიღებდით, ბავშვები დამდევდნენ, ბიძია, ბიძია, ეს ნაძვი როგორ დაიმაგრეო. ვუთხარი, მართლა ამომდის, საღამოს გოდერძი ჭრის და დილით ისევ იზრდება-მეთქი. დაიჯერეს და ისეთი თვალები ჰქონდათ, მათ ცქერას არაფერი სჯობდა. აი, ამისთვის ვწერ. კიდევ იცით, რა მაწერინებს? ძალიან მიყვარს ჩოგბურთი, სულ ვფიქრობდი, ამ ქართველებს ყველა სფეროში გენიოსები რომ გვყავს, ნუთუ ჩოგბურთში არავინ გამოგვიჩნდება-მეთქი და უცებ არ გამოვარდა ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც უკვე მსოფლიო ჩოგბურთის 17-ეულშია! ფეხბურთში კიდევ სულ დაქცეულები ვიყავით და უცებ გიორგი ჩაკვეტაძე გამოჩნდა. მხოლოდ 18 წლის არის და ვიცი, რომ ბევრს მიაღწევს! აი, ეს მაწერინებს. დარწმუნებული ვარ, ამქვეყნად ბევრი კარგი ადამიანია, ვიდრე ცუდი. ასე რომ არ იყოს, დედამიწა ამოტრიალდებოდა!

უჩა
18 მარტი 2019 01:38
დიდება ხუნტას
didi
27 იანვარი 2019 07:55
გაგებით მოეკიდეთ გაჭირვებას! მალე იბერია გაბრწყინდება!
ნოდარი
26 იანვარი 2019 23:57
როდესაც ვინმე კრიტიკას უწერს მეორეს,თანამდებბის პირს,ვერცხლის მოყვარულს,სულ განცდა მეუფლება ვკითხო შენ თუ იქ მოხვდი მის ადგილზე განა ისეთივე არ იქნები?გურამ პეტრიაშვილს და მის თანამოაზრეებს ეს არ ეხება,მათი გავლილი ღირსეული ცხოვრება მაძლევს საფუძველს რომ ეს თქვა.ღმერთმა დიდ ხანს გაცოცხლოს ამ ქვეყნად საქართველოს გულანთებულო პატრიოტო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები