"სანდროს შეუძლია, ჩვეულებრივი დღე აქციოს ზეიმად... ვჩხუბობთ მხოლოდ მაშინ, თუ ერთმანეთისთვის დრო არ გვრჩება" - კვირის პალიტრა

"სანდროს შეუძლია, ჩვეულებრივი დღე აქციოს ზეიმად... ვჩხუბობთ მხოლოდ მაშინ, თუ ერთმანეთისთვის დრო არ გვრჩება"

"დღემდე აფხაზეთი ჩემი და ჩემი ოჯახის დიდი ტრაგედიაა"

- თათია, შენი აზრით, რა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის?- ვეკითხები თათია შარანგიას. - სულიერი სიმშვიდე, საკუთარი თავის რწმენა... სწორად დასახული მიზანი და სიყვარული, სიყვარული, სიყვარული"- მპასუხობს და ჩვენი ინტერვიუც მისი ცხოვრების სიყვარულსა და შემოქმედებაზე საუბრით იწყება. წარმატებული პიანისტი და ახალი ონლაინგადაცემის ავტორი თათია შარანგია ბოლო დროს ჟურნალისტის ამპლუაში მოგვევლინა. მისი რესპონდენტები თავიანთი ცხოვრების "სთორის" გვიზიარებენ, ახლა კი თვითონ გადაცემის ავტორი უამბობს "კვირის პალიტრის" მკითხველს თავის "სთორის".

ფოტოგალერეა

"პატარა ვიყავი, როცა აფხაზეთი დავტოვეთ"

ძალიან ლამაზი ბავშვობა მქონდა, სითბო და სიყვარული ტრიალებდა ჩემ გარშემო. სულ პატარა ვიყავი, როცა აფხაზეთი დავტოვეთ, მაგრამ მაინც მახსოვს საოცარი შეგრძნებები, რაც იმ წლებმა მაჩუქა.

შემდეგ იყო თბილისი. პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი. მე და დედა ფეხით მოვსეირნობდით ხოლმე სკოლიდან და თავის ბავშვობაზე მიყვებოდა.

პირველი სიყვარული თუ მახსოვს? - სკოლაში იყო, მაშინ სირცხვილი მეგონა, თუ ბიჭი იგრძნობდა, რომ მომწონდა და მეც გრძნობებს ვმალავდი...

"კონცერტის წინ სამხედრო რეჟიმით ვცხოვრობდი"

როიალთან პირველივე შეხებისას ვიგრძენი, რომ დაკვრა მამშვიდებდა, მაბედნიერებდა. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მასწავლებელი იყო ირმა რუხაძე, რომელმაც შემაყვარა მუსიკა - არა მარტო ფორტეპიანოზე დაკვრა, არამედ ის ჯადოსნური სამყარო, რასაც ხელოვნება ჰქვია. დღეს ის ჩემი უფროსი შვილის - ედუჩის ნათლიაა. ცხოვრების უდიდესი ნაწილი მუსიკას მივუძღვენი. ეს პროფესია დიდ სიყვარულსა და თავდადებას მოითხოვს. ბავშვობა თითქმის არ მქონია, მაგრამ არ ვნანობ. შედეგი ისეთი ტკბილია, ისეთი მადლიანი პროფესიაა, რომ შრომა ასმაგად გიბრუნდება. შენი მსმენელი ყველაზე დიდი საჩუქარია. კონცერტების წინ სამხედრო რეჟიმით ვცხოვრობდი, მთელი დღე ვმეცადინეობდი და როცა არ ვუკრავდი, მაშინაც კი ჩემი ფიქრი იმ ნაწარმოებების გარშემო ტრიალებდა, რაც კონცერტზე უნდა შემესრულებინა.

"ყოველთვის მინდოდა საავტორო გადაცემა მქონოდა"

რაც შეეხება გადაცემა "სთორის", ეს ჩემი მეოთხე შვილია, რომლის არსებობაც ძალიან მეამაყება. ადამიანი უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება მეტი ოცნება აქციოს რეალობად, ჰოდა, ერთ დღესაც ვიფიქრე, რომ სწორედ ახლაა ამის დრო. იმ ადამიანებს ვკითხე რჩევა, ვისაც ვენდობი. ინგა გრიგოლიას მაშინდელმა სიტყვებმა და მხარდაჭერამ დიდი სტიმული მომცა და მინდა მას ამისთვის მადლობა გადავუხადო.

"სთორის" შექმნის პირველივე დღიდან ამ გადაცემაზე მუშაობს პროფესიონალთა გუნდი. რომ არა ისინი, მე მარტო ამას ვერ შევძლებდი. ვერც ჩემი მეუღლის, სანდროს მხარდაჭერის გარეშე გამოვიდოდა ეს პროექტი. მას შეუძლია, ჩვეულებრივი დღე აქციოს ზეიმად, აქვს ნიჭი სიყვარულის და ნიჭი ამ სიყვარულის გამოხატვის. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა დროის ნაკლებობაა. ვჩხუბობთ მხოლოდ მაშინ, თუ ერთმანეთისთვის დრო არ გვრჩება. არ მომბეზრდება და მილიონჯერ გადავუხდი მას მადლობას ჩემი შვილების ასეთი სიყვარულისთვის, ასეთი მზრუნველობისთვის. ასე რომ არ ყოფილიყო, ვერასოდეს ვიქნებოდი ბედნიერი.

ყოველთვის მინდოდა, ისეთი საავტორო გადაცემა მქონოდა, სადაც რესპონდენტი თვითონ მოჰყვებოდა თავისი ცხოვრების ისტორიას. არ მიყვარს, როცა რესპონდენტის აზრს ამახინჯებენ, ან ამოკლებენ და ამით ცვლიან კონტექსტს. ზოგჯერ ერთ "ამოგლეჯილ ფრაზას შეუძლია, ადამიანი ცუდად წარმოაჩინოს.

ჩემთვის ყველა რესპონდენტი ძალიან ძვირფასია. "სთორიში" მოდიან მეგობრები და უცხო ადამიანებიც, მაგრამ გამოვარჩევ ჩემს მეგობარს, ნიკა რურუას, რომელმაც ასე მოულოდნელად დაგვწყვიტა გული. მიხარია, რომ მოვასწარი მისი ინტერვიუს ჩაწერა. ძალიან მიყვარდა ნიკა და რაც დრო გავა, უფრო დავაფასებთ მას...

რას შევცვლიდი?

საქართველოს ვუსურვებდი ჩემი უსაყვარლესი აფხაზეთის დაბრუნებას. დღემდე აფხაზეთი ჩემი და ჩემი ოჯახის დიდი ტრაგედიაა, ისევე როგორც ყველა ქართველის.

გული მეკუმშება, როცა ბავშვებს ვხედავ ქუჩაში. ჩვენს ქვეყანაში განათლების დონე თუ აიწევს, გაჭირვებაც მოიკლებს და ჩვენი შვილები უფრო ნათელ საქართველოში იცხოვრებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა