"ყველა ელოდება, როდის გამბდღვნის ზაზა" - კვირის პალიტრა

"ყველა ელოდება, როდის გამბდღვნის ზაზა"

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ექიმ აჩიკოს გამოჩენამ თავგზა აურია და ოჯახიც დაანგრევინა ქეთის. საბედისწერო ექიმის როლს, რომელმაც მაყურებლების ნაწილის დიდი რისხვა დაიმსახურა, მსახიობი სოსო ხვედელიძე ასახიერებს, რომელიც დღეს "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- სერიალში ქასთინგით მოვხვდი. წინასწარ ვიცოდი, ვინ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ვინაიდან სცენარი გადაღების პარალელურად იწერებოდა, წარმოდგენა არ მქონდა, როგორი განვითარება მოჰყვებოდა ჩემი პერსონაჟის გამოჩენას.

ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, საინტერესოა აჩიკოს როლი. ამ გმირის უარყოფით და დადებით მხარეებზე მაყურებელი უფრო საუბრობს. მასში ზოგი თავის თავს ხედავს, ზოგი ახლობელს, ნაცნობს, მეზობელს... მთავარია, სწორედ ისეთი ვითამაშო, როგორიც არის.

არ ვიცი, შეიძლება ცივი გარეგნობა მაქვს და ამიტომ მაძლევენ ასეთ როლებს. არადა, ძალიან მინდა კეთილი პერსონაჟის განსახიერება.

- ისე, როგორ პიროვნებად მიგაჩნიათ აჩიკო? - ჩემს პერსონაჟს უარყოფითად შეხვდა მაყურებელი. ხშირად როლის შეფასებაში მსახიობის შეურაცხყოფა უფრო იგრძნობა, ვიდრე პერსონაჟის, რაც ძალიან საწყენია... ბევრად საინტერესო, ალბათ, ის მიზეზებია, თუ რის შედეგად იღებს საზოგადოება აჩიკოსნაირ ადამიანებს... ქეთი საზოგადოებრივი აზრის ტყვეა, მისი ოჯახის, ქმრის. შესაბამისად, გარემოებების მსხვერპლი ხდება. დაბნეულ და სუსტ ადამიანებთან ურთიერთობა ხელსაყრელია ზოგიერთისთვის.

ახლა ყველა ელოდება, როდის გამბდღვნის ზაზა. მეც ძალიან მაინტერესებს, რა მოხდება. სინამდვილეში, ბოჭორა ძალიან მიყვარს. წლებია, ვიცნობთ ერთმანეთს და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- რისი ღირსია "აჩიკო" ან "ქეთი"? - არავითარ შემთხვევაში, ჩაქოლვის. უფრო დაფიქრების ღირსია. ვიდრე მათ განსჯი და დასჯი, პრობლემაა საძიებელი. თავდაპირველად, ამ ყველაფრის მიზეზი უნდა გაიგო.

- თქვენს პარტნიორებზე რას იტყვით?

- საინტერესოა სალომე შარვაძესა (ქეთი) და თამუნა ნიკოლაძესთან (აჩიკოს ცოლი) მუშაობა. საუკეთესო პარტნიორები არიან, სასიამოვნოა გადაღების პროცესიც. ნამდვილად არ ვიცი წინასწარ, როგორ განვითარდება ჩვენი ისტორია. მეც თქვენთან ერთად ველოდები.

- კარგად მახსოვხართ სერიალ "ტიფლისში" განსახიერებული როლით. თეატრი უფრო გიყვართ თუ კამერის წინ მუშაობა? - ჩემთვის მთავარია რეჟისორი და პროექტი. ამიტომ, შეიძლება ითქვას, საოცნებო როლი არა მაქვს, უფრო საოცნებო რეჟისორები მყავს კინოშიც და თეატრშიც.

- დაოჯახებული ბრძანდებით? - დიახ, მე და ნათიას 7 წლის კატო და 5 წლის დაჩი გვყავს. სხვათა შორის, დაჩი ჩემს შვილს თამაშობს სერიალშიც. 8 წლის დაოჯახებული ვარ და წლების მატებასთან ერთად მეტი იდილია და სიყვარულია ჩვენს ოჯახში.

- თქვენზე მიამბეთ, მსახიობის პროფესიაზე ბავშვობიდან ოცნებობდით? - დავიბადე და გავიზარდე ჭიათურაში, პედაგოგების ოჯახში. მიუხედავად შავ-თეთრი 90-იანი წლებისა, მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ბავშვობა ნათელ ფერებში დამმახსოვრებოდა, რაც გამოუვიდათ კიდეც. ბავშვობაში საბავშვო სპექტაკლებში ვმონაწილეობდი ხოლმე და, ალბათ, იქიდანვე მომდევს ამ პროფესიის სიყვარულიც.

სკოლა რომ დავამთავრე, მამის სურვილისამებრ სამედიცინო კოლეჯში შევედი, 24 წლისამ კი პარალელურად თეატრალურში ჩავაბარე და ერთდროულად ორი დიპლომი ავიღე. ექიმად არასდროს მიმუშავია. რადგან მამაჩემს ძალიან უნდოდა, რომ ექიმი გავმხდარიყავი, მეგობრები ხუმრობენ, აჩიკოს როლი მას მიუძღვენიო.

იხილეთ ასევე: "რას იზამს ზაზა ქეთის ღალატს რომ გაიგებს" - პერსონაჟი, რომელმაც არჩევნები გადაფარა და რას ფიქრობს მის ღალატზე სალომე შარვაძე