სად წავა ეს მიწა და ქვა-ღორღი?! - კვირის პალიტრა

სად წავა ეს მიწა და ქვა-ღორღი?!

ნატანსაწინააღმდეგო ცხაურის შესახებ "კვირის პალიტრამ" 2018 წლის 11 ივნისს დაბეჭდილ სტატიაში გიამბოთ. ასეთი ორი ცხაური შეიქმნა: ერთი საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ხევში, მეორე კი ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზის გასწვრივ, მდინარის კალაპოტში. პროექტის ზედამხედველი ინჟინრის, გია ხარაბაძის განმარტებით, ნაფეტვრებთან კედელი 16 მ სიგანეზეა და ორი სექციისგან შედგება: საბურთალოსკენ გიგანტური კედელი კი 60 მ სიგანეზეა გაშლილი და 6 სექციისგან შედგება. ცხაურაში 60 სმ-ზე მეტი დიამეტრის ნაშალი არ უნდა გავიდეს. რაც ნაფეტვრების გზაზე გამოვა, იმას საბურთალოს კედელი დაიკავებს და ქალაქის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, გაფილტრული წყალი წავა და აღარ დატბორავს ტერიტორიებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვერეს ხეობის კალაპოტში რაიმეს აშენება შეიძლება. ვერემ 2015 წლის ივნისში კატეგორიულად¬გაგვაფრთხილა! შესაძლოა ნატანი ვეღარ წამოიღოს, მაგრამ წყალს ვერაფერი დააკავებს და აუცილებლად გაიშლება ძალიან ფართო კალაპოტში. ამასთან, ამ კედლებს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გაწმენდა სჭირდება.

ფოტოზე ნაფეტვრების მიმდებარედ ჩადგმული ცხაურია აღბეჭდილი. მისი ექსპლუატაციაში გაშვებიდან 8 თვეზე მეტი გავიდა და მის ძირში დაბინძურებული არეალის გასუფთავებაზე არავის უზრუნია. მეტიც, მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხაურიდან დაახლოებით 100 მეტრში დაუდევრად ყრიდნენ ფხაკაძის, იოსელიანის, პოლიტკოვსკაიასა და უნივერსიტეტის ქუჩებზე სამშენებლო საძირკვლების გათხრისას დაგროვილ მიწის ნაშალსა და ქვა-ღორღს. არაერთხელ გამოვიძახე საპატრულო პოლიცია და გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურები, მაგრამ არასაკმარისად დაჯარიმდნენ გარემოს დამბინძურებლები. პარადოქსია, მაგრამ კანონით, თუ გარემოს დაბინძურების მომენტში არ დაიჭერენ დამრღვევს, მისი დაჯარიმების უფლება არა აქვთ. ამაოდ ველი, რომ კანონს შეცვლიან, ან დააყენებენ ფარულ ფოტოხაფანგებს და შესაძლებელი გახდება დამნაშავეების ფაქტზე დაჭერა, მაგრამ... მე კი იმდენად შორიდან მიწევდა დანაშაულებრივი პროცესების დაფიქსირება, რომ შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდებული გარემოს დაბინძურების ამსახველი ფაქტები თურმე მტკიცებულებად არ ვარგა, რადგან შეუძლებელია სატვირთო მანქანების ნომრების ამოცნობა. თუმცა ბევრი ამომცნობი ფაქტორი იყო, რის შედეგადაც ჯარიმის გამოწერას წინ არაფერი ედგა...

ფოტოზე ასევე დაინახავთ უზარმაზარ მიწაყრილს, რომელიც ვერეს ხეობაში ეშვება. მისი ნაწილი მდინარემ უკვე გამოიტანა გარკვეულ მანძილზე. იოლი მისახვედრია, რა მოხდება გაზაფხულზე, როცა წვიმები დაიწყება, სად წავა ეს მიწა და ქვა-ღორღი. მიწის ნაწილს ცხაურები გაატარებენ, ლოდები და ღორღი ცხაურებთან დაილექება და მერე საბიუჯეტო თანხებით ამოიღებენ და წაიღებენ იქ, სადაც სამშენებლო მოედნებიდან უნდა წაეღოთ...

სახელმწიფოს მხოლოდ ხელისუფლება ან მხოლოდ ხალხი ვერასდროს ააშენებს. სახელმწიფო შენდება სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოებისგან და ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომელსაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოება აკონტროლებს. ხალხო, რატომ ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ, რატომ ვმარხავთ ჩვენი შვილების მომავალს გამორჩენის ხარჯზე? იმ გამორჩენის, რომელიც თუნდაც სამშენებლო მოედანზე ამოღებული ნაშალის სპეციალურ ნაგავსაყრელზე დაყრისგან თავის არიდებასა და გარემოს დაბინძურებაში გამოიხატება?!