შიშისა და ფობიების ტყვეობაში... - კვირის პალიტრა

შიშისა და ფობიების ტყვეობაში...

"ადრე თუ გვიან, დგება მომენტი, როცა ჩვენი ფსიქიკის "იმუნიტეტი" თავს ვეღარ ართმევს დაკისრებულ ფუნქციებს და მჟღავნდება დეპრესიული მოვლენები"

შიში ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი გრძნობაა. არსებობს ფობიების კლასიფიკაცია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც. მაგალითად, ბავშვებისთვის ნიშანდობლივია სიბნელის შიში, მოზარდებისთვის - ნაადრევი სიკვდილის. ფობიებსა და მათ დაძლევაზე სტრესის მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის დამფუძნებელი, ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე გვესაუბრება.

- ცხოვრების რა ეტაპზე უყალიბდება ადამიანს ფობიები?

- ბევრი ფობია ბავშვობაში წარმოიქმნება. როგორც წესი, გარდატეხის ასაკში ან ზრდასრულობისას ქრება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მათი ქრონიკული მიმდინარეობა ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება.

- შესაძლებელია თუ არა ფობიის მემკვიდრეობით გადაცემა?

- კონკრეტული რაღაცის შიში მშობლიდან შვილზე შეიძლება გადავიდეს უფრო გარემო ფაქტორებიდან, ვიდრე გენეტიკით. მაგალითად, როდესაც მშობელს ქვეწარმავლების შიში აქვს, ბავშვი ტელევიზორში მის ყურებას თავს არიდებს. გენეტიკა არის განწყობა და გენით შეიძლება ადამიანს გადაეცეს შიშის მზაობა, მერე კი განუვითარდეს. თუმცა შეიძლება დაავადებისკენ/შიშისკენ ჰქონდეს მიდრეკილება, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გამოუვლინდეს.

- შიში რამდენად ახდენს გავლენას ჩვენს ყოფაზე?

- შიში გარკვეული დოზით ყველას გვაქვს და შეიძლება უკავშირდებოდეს სრულიად ობიექტურ საფრთხესაც. პრობლემად ითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც უმიზეზოდ აღმოცენდება. როცა ადამიანს აწუხებს ფობია, მაგალითად, სიმაღლის, გაშლილი ან დახურული სივრცის შიში, ლიფტში ვერ შედის, მეტროში ვერ ჩადის და ა.შ., ეს უკვე პიროვნების სოციალურ ფუნქციონირებასა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას დიდ საფრთხეს უქმნის.

- შესაძლებელია თუ არა ფობიების დაძლევა? - შესაძლებელია. 2015 წლიდან სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში დაინერგა EMDR (თვალის დესენსიტივაციისა და რეპროცესირების მეთოდი) - ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ადამიანის წარმოსახვაში ხდება ხელახლა განცდა იმ ფაქტორის/ობიექტის, რისიც ეშინია და ნელ-ნელა შიშის ობიექტთან ნეგატიური, ემოციური ჯაჭვი წყდება, საბოლოოდ კი ადამიანს ფობია უქრება.

2015 წელს პირველად საქართველოში მოვიწვიეთ ჰოლანდიელი სპეციალისტები. ჩვენმა ფსიქოლოგმა, ნანა მამულაშვილმა, პირველმა აითვისა ეს მეთოდი და ვიყენებდით თავდაცვის სამინისტროში პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შემდგომი შიშების გადასალახავად. EMDR ეფექტიანია ფობიების შემთხვევაშიც და დღესაც წარმატებით ვიყენებთ. სპეციალისტთან სულ 3-4 შეხვედრაა საჭირო და მისი ეფექტიანობა 80%-ს აღწევს.

- როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვებსა და მოზარდებს ფობიების დაძლევაში?

- როცა მშობლები ხედავენ, რომ ბავშვი რაღაცას თავს არიდებს, ეშინია, არ უნდა მოახვედრონ იმ გარემოში, რომელიც ფობიას იწვევს. შესაძლებელია გარკვეული პერიოდის მერე ფობია თავისით გაქრეს, მაგალითად, სიბნელის ან მარტო დარჩენის შიში. ბავშვებსა და მოზარდებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავად დასძლიონ შიში, მაგრამ თუ პრობლემა მძაფრდება, სპეციალისტს უნდა მიმართონ.

- ზოგიერთი არ ამჟღავნებს, რომ რაღაცის ეშინია, არც სპეციალისტთან მიდის. - ეს სტიგმაა. ჩვენ გვიჭირს აღიარება, რომ რაღაც არ შეგვიძლია, კარგად ვერ ვაკეთებთ... ხშირად სტომატოლოგთანაც კი არ მივდივართ, სანამ კბილი ღამეს არ გაგვათენებინებს.

სტიგმა კიდევ უფრო მეტად გამოიხატება მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ფსიქოლოგიურ-ფსიქიკურ პრობლემებთან. ამ შემთხვევაში ადამიანი კიდევ უფრო ძნელად უტყდება თავს, რომ დახმარებას საჭიროებს. ეს არ არის პიროვნების სისუსტე. ადრე თუ გვიან, დგება მომენტი, როცა ჩვენი ფსიქიკის ,,იმუნიტეტი~ თავს ვეღარ ართმევს დაკისრებულ ფუნქციებს და მჟღავნდება შფოთვითი, დეპრესიული მოვლენები. თუ ამ შემთხვევაშიც არ მივმართავთ სპეციალისტს, მდგომარეობა გართულდება...

- სადამდე მიგვიყვანს პრობლემების დამალვა? - ხშირად ფსიქოლოგიური პრობლემა არა მარტო ჩვენ, გარშემო მყოფებსაც უქმნის პრობლემას. როდესაც ადამიანს აქვს დეპრესია, შფოთვა და უხალისობა, ადვილად ღიზიანდება, აგრესიულად გამოხატავს თავის ემოციურ მდგომარეობას, ეს იწვევს დისკომფორტს ოჯახის წევრებთან, მეგობრებსა თუ თანამშრომლებთან და სერიოზულ სოციალურ პრობლემად გარდაიქმნება. ასეთ ადამიანს უფუჭდება ურთიერთობა ოჯახთან, უყვირის ყველას, მათ შორის, ბავშვებს... როდესაც ადამიანი ფსიქოლოგიურად სტაბილური არ არის, მას აქვს ძალიან დიდი ცდუნება, გახდეს ნარკოტიკ ან ალკოჰოლდამოკიდებული, ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ კი შეუქცევადად ზიანდება ორგანიზმი. მაგალითად, ხდება ქერქის ატროფია თავის ტვინის იმ ნაწილისა, რომელიც აზროვნებაზეა პასუხისმგებელი. ამ ნაწილების დაზიანების შედეგად, კიდევ უფრო ვკარგავთ მაღალ ადამიანურ თვისებებს და ქცევებიც ნელ-ნელა უახლოვდება ცხოველისას. იმიტომაც არის, რომ აფექტის მდგომარეობაში ადამიანი ვეღარ აკონტროლებს თავის ქმედებას, ზოგჯერ სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს სხვებს ან შეიძლება შემთხვევა მკვლელობით, ან თვითმკვლელობითაც კი დასრულდეს. ეს არის ერთი მთლიანი ჯაჭვი და თუ გვინდა ამ პრობლემების აღმოფხვრა, დროულად უნდა მივმართოთ სპეციალისტს.

ნათია სიბაშვილი