უძილო "მკვლელები" საქართველოს გზებზე - კვირის პალიტრა

უძილო "მკვლელები" საქართველოს გზებზე

ახალი წლის დღეებში დასავლეთიდან თბილისისკენ ვიმგზავრე, უფრო სწორად, დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში ვიყავი თრილერის გმირი, რომელიც საკუთარი თავისა და სხვების გადარჩენას ცდილობდა... ავტობუსში, რომლითაც დაახლოებით 50 ადამიანი მოვდიოდით, მძღოლის უკან მომიწია ჯდომამ. ზესტაფონის ავტობანის გავლის შემდეგ დავინახე, რომ მძღოლმა რამდენჯერმე ჩათვლიმა... ასეთი რამ მიკროავტობუსების მძღოლებზე მქონდა გაგონილი და უფრო სანდო ავტობუსი მეგონა, მაგრამ... მეოთხედ რომ ჩათვლიმა, მოქმედება გადავწყვიტე. თქვენს ავტობუსს Wi-Fi-ის ნიშანი ეხატა და მართლა გაქვთ, თუ კლიენტების მოსაზიდად-მეთქი? - ხმამაღლა ვკითხე. მართლა გვაქვს, აი, პაროლიო, - დაფაცურდა და ფურცელზე გაკრული ხელით დამიწერა... ამასობაში ცოტა გამოფხიზლდა, თუმცა რიკოთის გზაზე ისევ ჩათვლიმა და საჭეც გაექცა...

მგზავრობას ცუდად ვიტან და აქ ჩამოვჯდები-მეთქი, ვთხოვე. სიგარეტი უნდა მოვწიო და ხომ არ შეგაწუხებთო? - მკითხა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გამოკიდების დრო არ იყო, ყველა სიკვდილ-სიცოცხლის გზას გავდიოდით...

გააბოლა... შევაპარე, დაძაბული გრაფიკი გექნებათ-მეთქი. არ გამახსენო, შვილო, დილის 9 საათზე ჩამოვედი ზუგდიდში, 6-ის ნახევარზე თბილისში უნდა ვიყო. მერე ერთი-ორი საათი წავუძინებ და უკან დავბრუნდები. სხვა დროს მზესუმზურას ვყიდულობ, რომ თავი შევიქციო, დღეს დამავიწყდაო... წამოვხტი - უკან მსხდომი ბიჭები მიირთმევდნენ და იქნებ დარჩათ-მეთქი... მივუტანე თუ არა, ააკნატუნა. ხაჭაპურიც შევთავაზე, ალბათ, ჭამასაც ვერ ასწრებთ-მეთქი და მოზრდილი ნაჭერი შევაჩეჩე... მგზავრებმა უკვე იცოდნენ, რაც ხდებოდა. ვიღაცამ ენერგეტიკული სასმელიც შესთავაზა, მაგრამ იუარა, ვერაფერი გავუგეო... ასე ვიმგზავრეთ თბილისამდე.

ღვთისა და ბედის ანაბარა დარჩენილ მგზავრებს უფრო ექსტრემალური ისტორიებიც ჰქონიათ... ერთმა მიამბო, თბილისიდან დასავლეთში ისეთი ძველი ავტობუსით ვიმგზავრე, მძღოლმა გათბობა რომ ჩართო, სალონში ისეთი სუნი დადგა, ორი დღე ინტოქსიკაციას ვმკურნალობდიო...

თეა ხურცილავა, ჟურნალისტი: - ამას წინათ ქობულეთში მივლინებით მივდიოდი და დიღმის ტრასაზე ბათუმის მიკროავტობუსი გავაჩერე. რომ ჩავჯექი, მაშინღა შევნიშნე, რომ მხოლოდ მე ვიყავი მგზავრი. ავტობანზე რომ მივდიოდით, შევამჩნიე, მძღოლი თვლემდა. ჩაეძინებოდა, მერე უცებ გაახელდა თვალებს... ასე ვიარეთ ხაშურამდე. მარტო ვიყავი და შემეშინდა, ვერც ვერაფერი ვუთხარი. ხაშურამდე, შეიძლება ითქვას, გამოიძინა, იქ საწვავი ჩაასხა და მერე მშვიდად ვიმგზავრეთ...

უფრო ადრე ბათუმიდან ღამის 12 საათზე მომიწია წამოსვლამ. მინივენი ვარჩიე. ზღვის სეზონი იყო. მძღოლის გვერდით ვიჯექი, უკან კი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ისხდნენ - ღამე ვარჩიეთ მგზავრობა, ბავშვებმა რომ დაიძინონ და მგზავრებიც არ შეაწუხონო... ჩამთვლიმა. უცებ მკვეთრმა მოძრაობამ გამაღვიძა. საპირისპირო გზაზე ვიყავით გადასული. მძღოლს ეძინა. მეგონა, მომეჩვენა და დავაკვირდი... თვალები დახუჭული ჰქონდა... მოულოდნელობისგან ბეჭებში ჩავარტყი, ჩაგეძინათ-მეთქი... მაშინვე გაიღვიძა, მაგრამ მალე ისევ ჩათვლიმა. გაჩუმება სიკვდილის ტოლფასი იყო და განგაში ავტეხეთ. მძღოლს ვთხოვეთ, გაჩერებულიყო და დაესვენა. ქუთაისთან რომ ახალი ავტობანი გააკეთეს, იქ ვიყავით, საბედნიეროდ, გზა ცალმხრივია და ამან გადაგვარჩინა... როდესაც საწვავის ჩასასხმელად გაჩერდა, ბავშვების მამამ მძღოლს ენერგეტიკული სასმელი უყიდა, მაგრამ არ უშველა. გამოსაფხიზლებლად თავს და ხელებს ფანჯრიდან ჰყოფდა... სამი დღე-ღამის უძილო ვარო, გვითხრა. თბილისში მხოლოდ წყლის გადავლებას ვასწრებ, ზღვის სეზონზე, ახალ წლებსა და აღდგომას მძღოლების 80% ასეთი რეჟიმით მუშაობსო...

დათო კაპანაძე, დიზაინერი:

- პროფესიის გამო ხშირად მიწევს რეგიონებში სიარული. ბევრჯერ ჩასძინებიათ მძღოლებს საჭესთან. ერთხელ მძღოლს ვთხოვე, მე დავჯდები საჭესთან, თქვენ გამოიძინეთ-მეთქი. ვერა, მანქანას ვერ განდობო...

"არ არსებობს სახელმწიფო უწყება, რომელიც პასუხს აგებს ამ განუკითხაობაზე"

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის თქმით, უკვე წლებია, ერთ ჯადოსნურ წრეზე ვტრიალებთ:

- არავინ არაფერს აკონტროლებს... ვითარებას ართულებს თვითორგანიზებული სადგურებიც, რომელთა შესახებ ეკონომიკის სამინისტროსაც აქვს ინფორმაცია და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსაც. ეს სადგურები რეგისტრირებული არ არის და იქიდან ე.წ. ხიშნიკი მძღოლები გადიან. მოქალაქისთვის ძნელი გასარჩევია, "ხიშნიკს" მიჰყვება თუ რეგისტრირებულს... "ხიშნიკი" ცდილობს, ყველას გადაასწროს, რათა მგზავრები აიყვანოს, ამიტომაც დადიან არანორმალური სიჩქარით.

- ვინ არეგულირებს ამ პროცესს? - ეს არის ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა, ისევე როგორც ის, თუ რამდენად შეესაბამება სადგურები, სატრანსპორტო საშუალებები ან მძღოლები სტანდარტებს... ყველაფერი მიშვებულია.

დღესასწაულების დღეებში ხაზზე დგებიან გაუმართავი ავტომანქანები. მათი ტექნიკური მდგომარეობის საკითხი ტექნიკური ინსპექტირების სამსახურს უნდა მოეგვარებინა, თუმცა, სურათი არ შეცვლილა - უსაფრთხოების თვალსაზრისით ისევ განუკითხაობაა. ისეთი ავტობუსებით მიჰყავთ მგზავრები, ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ გაუმართავია...

არ არსებობს სახელმწიფო უწყება, რომელიც პასუხს აგებს ამ განუკითხაობაზე. მძღოლებს სამედიცინო შემოწმებას უტარებენ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. დღე-ღამეში ზოგჯერ 3-4 რეისს ასრულებენ. ამასთან, მიკროავტობუსების უმეტესობა სამგზავროდ ისე გადააკეთეს, ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. სავარძლებს შორის მანძილი იმდენად მცირეა, მგზავრებს დასხდომა უჭირთ, რომ არაფერი ვთქვათ ტაბურეტების ჩადგმა-ჩაჭედებაზე. სურათი, წლებია, უცვლელია და რა საჭიროა ტექნიკური ინსპექტირება?! სისტემა არ არსებობს, კანონები მხოლოდ ფურცელზე წერია.

ამ პრობლემაზე საუბრობს ეკოტრანსპორტცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძეც:

- მძღოლები სავალდებულო ტექდათვალიერებას არც კი გადიან. ტრანსპორტის გამართვასა და მოწესრიგებას ურჩევნიათ ჯარიმა 100 ლარი გადაიხადონ. ერთია, რომ კანონმდებლობა არ მოქმედებს, მეორე კი საკანონმდებლო ხარვეზია და არის ბევრი პრობლემა, რომლებიც ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს.

"კანონი სასამართლოს ნებართვის გარეშე სადამსჯელო ზომების მიღებას კრძალავს..."

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობის თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მონიტორინგი ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაა, ამ უწყებისგან კი ასეთი პასუხი მივიღეთ:

- საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანის საკითხი კანონმდებლობით რეგულირდება. ავტოსადგურები უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ პარამეტრებს, ისევე როგორც ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებენ, მაგრამ ვითარება რთულია, რადგან კანონი მომჩივანი მხარისა და სასამართლოს ნებართვის გარეშე საზედამხედველო ორგანოს მიერ რევიზიის ჩატარებასა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სადამსჯელო ზომების მიღებას კრძალავს. ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი სტანდარტები, რომელთა მიხედვით, მგზავრთა მომსახურება უნდა განხორციელდეს სათანადო ავტობუსებით; ასევე აუცილებელია, გამკაცრდეს განრიგებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის კონტროლი.

რაც შეეხება ავტოტრანსპორტის, მათ შორის - სამგზავრო მიკროავტობუსების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, 2018 წლის პირველი იანვრიდან ყველა სამგზავრო მიკროავტობუსი, სადაც არის რვა ან მეტი სამგზავრო ადგილი, ვალდებულია, გაიაროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. კონტროლი იმისა, საქართველოს გზებზე რამდენი ისეთი მიკროავტობუსი დადის, რომელთაც არ გაუვლიათ ტექნიკური ინსპექტირება ან გავლის შედეგად ხარვეზიანად არიან მიჩნეული, კანონმდებლობით ეკისრება საპატრულო სამსახურს, რომელიც დარღვევების შემთხვევაში მათ დააჯარიმებს.

მგზავრთა გადაყვანის მასშტაბური რეფორმა 2019-2021 წლებში ეტაპობრივად განხორციელდება. შედეგად ბაზარზე კონკურენტული გარემო შეიქმნება, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, მგზავრობა უფრო უსაფრთხო გახდება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და გაზრდის საბიუჯეტო შემოსავალს.

საგანგაშო სტატისტიკა...

2018 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა, დაშავებულთა კი - 8%-ით.

2018 წლის იანვარ-აგვისტოს საგზაო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებს შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", რომლის მონაცემებით, 8 თვეში საქართველოში მოხდა 4 196 საგზაო შემთხვევა, დაიღუპა 307 და დაშავდა 5 989 კაცი.

ევროპული სტანდარტებით...

ვასო ურუშაძე, "ეკო ტრანსპორტცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი:

- ევროპასა და ამერიკაში სახელმწიფოს უამრავი მექანიზმი აქვს, რითაც მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოება დაცულია. ტრანსპორტში განთავსებულია კამერა, რომლითაც კონტროლდება მძღოლის მოქმედება, მისი მუშაობის საათები და სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, დიდი ჯარიმის გადახდა უწევთ; სახელმწიფო აკონტროლებს ავტოსადგურების მოწყობას, მძღოლების მოსასვენებელ და მგზავრების მოსაცდელ პუნქტებს. აუცილებელია მძღოლების სპეციალური გადამზადება სამგზავრო ტრანსპორტის მართვის საშუალების უფლებით. საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა შეეძლოთ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ეს ის სტანდარტებია, რომელთაც მათ სახელმწიფო უწესებს და შესრულებასაც ავალდებულებს.