"სკაიპით დავიტირე ჩემი ძმა" - კვირის პალიტრა

"სკაიპით დავიტირე ჩემი ძმა"

"გიორგი ტყვეობაში გახდა სამი წლის. იკითხავთ, როგორ დარჩნენ ცოცხლები საკვებისა და წყლის გარეშეო... საწყალი დედაჩემი ჩუმად გამოხოხდებოდა ხოლმე ბოსლიდან და მეზობლების ეზოში კვახსა და სიმინდს გლეჯდა. მერე ამას უზოგავდა გიორგისა და მეზობლებს. მოკლედ, ღმერთი დაეხმარათ, გადარჩნენ"

"გააჩუმე, სუკა, ეგ უჯიშო, თორემ ორივეს გესვრით!" - ღრიალებდა ბოსელს მომდგარი ავტომატმომარჯვებული აფხაზი. ეს "ეპითეტი" 2 წლის ატირებულ გიორგი ჩაჩხალიას ეკუთვნოდა, რომელიც თხრილში გატარებული ოცდღიანი მალვის შემდეგ, აფხაზებმა დედასთან, ბებიასა და ბიძასთან ერთად ახალდაბასთან მდებარე სოფელ აძუბჟაში, ბოსელში დაამწყვდიეს სხვა დატყვევებულ ქართველ ქალებსა და ბავშვებთან ერთად. გიორგი ამ ტყვეთა ბანაკში ყველაზე პატარა იყო. "მაყურებლებს" შორის, ვინც ქართველი მეომრების, რეზო ჩაჩხალიასა და ბიჭიკო მელაძის ჯვარცმას ესწრებოდა, ალბათ, ღმერთიც იყო, რადგან დედამ და ბებიამ სიცოცხლის გაგრძელება შეძლეს და გიორგიც გადაარჩინეს. თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ გიორგი ჩაჩხალიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორ გადაიბარეს ნაწამები ჩვილის ბედი ადამიანებმა, როგორ იზრუნა მასზე სახელმწიფომ, ამაზე მის ძმას, მეცნიერებათა კანდიდატს, ისტორიკოსს, ამჟამად ემიგრაციაში მცხოვრებ ზურაბ სულაბერიძეს ვესაუბრები.

- სოხუმელი ვარ. ჩემი მშობლები გაშორებულები იყვნენ და დედა მარტო მზრდიდა, მაგრამ იმ წელს, როცა ომი დაიწყო, მე უკვე სრულფასოვანი ოჯახი, დედა, მამა და ძმა მყავდა. ჩემი მამინაცვალი საოცრად კარგი ადამიანი აღმოჩნდა. სოხუმის ცენტრში, ლაკობას ქუჩაზე ვცხოვრობდით. დედა მკერავი იყო, მამა ქიმიურ ქარხანაში მუშაობდა, ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ახალდაბაში კი ხეხილის ბაღები და ძალიან კარგი სახლი გვქონდა. 1992 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, თუმცა ერთ ლექციასაც ვერ დავესწარი.

- ომი დაიწყო, სახლში ჩვილი გყავდათ, არ გიფიქრიათ გახიზვნაზე? - ახალდაბაში ვიყავით. მამა სამშობლოს დამცველთა რიგებს შეუერთდა, ახალდაბაც საომარ მდგომარეობაში იყო. ირგვლივ აფსუების სოფლები გვესაზღვრებოდა და ყველა მეზობელი მამაკაცი სოფლის საზღვარზე მორიგეობდა. 1992 წლის 10 დეკემბერს რუსეთის ავიაციამ ახალდაბა დაბომბა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ მაშინ გადავრჩით. 1993 წლის სექტემბერში ომის განახლებას სოხუმში შევხვდი, დანარჩენები კი ახალდაბაში იყვნენ. 600-კომლიანი დიდი, აყვავებული სოფელი გახლდათ. გაგრის ტრაგედიის შემდეგ სწორედ ახალდაბა იყო ყველაზე სასტიკი ეთნოწმენდის მომსწრე.

ახალდაბა 1993 წლის 16 სექტემბერს აიღეს. ამაზე რუსი ჟურნალისტის მიხაილ აიდიონოვის ჩანაწერებიც არსებობს: "ახალდაბაში ბავშვებს ხელები და ფეხები დაუმტვრიეს, სარებზე დასვეს, ერთ ბავშვს ტანკით გადაუარეს, სტადიონზე გაუპატიურებული ქალები ცოცხლად დაწვეს, ბავშვი გაატყავეს და წააწერეს "ქართული ძაღლი იყიდება კუპონებზე".

ჩემი ოჯახი ჩვენი სახლის უკან, სიმინდის ყანაში, აბანოსთვის გაჭრილ დიდ თხრილში დაიმალა, დედ-მამა, ბებია და ბიძაჩემი. გიორგი განუწყვეტლივ ტიროდა... დედა ხელს აფარებდა პატარას, მაგრამ მტერმა მაინც გაიგონა ბავშვის ტირილი და ჩემი ოჯახი სამალავიდან ამოიყვანა, რასაც მამაჩემისა და ბიძაჩემის სასტიკი წამება მოჰყვა. შემდეგ ქალები (მათ შორის მეზობლის შუახნის ცოლ-ქმარი) ისევ ორმოში ჩაყარეს, კაცები კი ათარასა და აძუბჟაში გადაანაწილეს.

როდის მოკლეს მამა, აქვს თუ არა საფლავი, არავინ ვიცით. თვითმხილველების თქმით, ის სხვა მეზობლის კაცებთან ერთად დახვრიტეს და დიდხანს ღობეზე იყო ჩამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ძალა არ დავაკელით ამ ამბის კვლევას, არ ვიცით, მიაბარა ვინმემ მიწას მამაჩემის ნეშტი თუ ღორების ლუკმა გახდა.

ახლა დედა გმირთა მოედანზე ამოტვიფრულ მის სახელთან მიდის ხოლმე. საბედნიეროდ, ბიძაჩემი გადარჩა, მაგრამ ჯანმრთელობაშერყეული და გატეხილი. ახალდაბა ცენტრალურ გზაზე მდებარეობდა (მდებარეობდა-მეთქი, ვამბობ, რადგან ახლა იქ გავერანებული ნასოფლარიღაა). ეს გზა აკავშირებდა ერთმანეთთან სოხუმსა და თბილისს. საჰაერო გზაც ახალდაბის თავზე გადიოდა, ასე რომ, ახალდაბის აღებით ორი მთავარი, სახმელეთო და საჰაერო გზა, გადაიკეტა სოხუმისკენ. როცა ამბობენ, აფხაზეთი გაყიდული იყოო, აუცილებელ არგუმენტად შეუძლიათ დაამატონ ახალდაბის თემაც. საქმე ის არის, რომ როცა თითქოს მშვიდობა დამყარდა, აფსუების ანკლავისკენ, ზემო ტყვარჩელში, რომელიც ახალდაბას ჩრდილოეთიდან ემიჯნება, სოხუმიდან ახალდაბა-ოჩამჩირის ცენტრალური გზით ჰუმანიტარული ტვირთი გაატარეს ქართველებმა. სულ ოცდაათი სამხედრო მანქანა. ამ ტვირთის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამაც გააკეთა მაშინ რეპორტაჟი, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ "ჰუმანიტარული ტვირთი" სამხედრო ტექნიკა, იარაღი და ტყვია-წამალი ყოფილა. სწორედ ამ იარაღით აიღეს ახალდაბა. ეს ინფორმაცია თავად აფსუებმა გააჟღერეს დატყვევებულ ქართველებთან. ასე დაგვცინეს.

- ისევ იმ დროს დავუბრუნდეთ, როდესაც თქვენი ოჯახი და ორი წლის გიორგი ორმოში იმალებოდნენ, შემდეგ კი აფხაზებმა სოფელ აძუბჟაში გადაიყვანეს. - დიახ, ასამდე ტყვე - ქალები და ბავშვები აძუბჟაში ბოსელში, ზოგი საღორეში და ზოგიც სარდაფებში ჩაკეტეს, წყლისა და საკვების გარეშე.

აფსუა და ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულ მკვლელებს რომელი ქალიც მოუნდებოდათ, გამოჰყავდათ და აუპატიურებდნენ. ერთს გული რომ წაუვიდა, სახეზე დააშარდეს... ერთი ქალი ჰყავდათ ამოჩემებული, წამდაუწუმ აუპატიურებდნენ. დედამთილმა კივილი რომ დაიწყო, რძლის თვალწინ მოკლეს და იმ ქალის შეურაცხყოფა გააგრძელეს. ვიცი ამ საცოდავი ქალის ვინაობა, მაგრამ როგორ გავამხელ, ის სამშვიდობოს გამოვიდა, მაგრამ მალევე გარდაიცვალა.

- რამდენ ხანს გაგრძელდა ეს საზარელი ტყვეობა?

- გიორგი ტყვეობაში გახდა სამი წლის. იკითხავთ, როგორ დარჩნენ ცოცხლები საკვებისა და წყლის გარეშეო... საწყალი დედაჩემი ჩუმად გამოხოხდებოდა ხოლმე ბოსლიდან და მეზობლების ეზოში კვახსა და სიმინდს გლეჯდა. მერე ამას უზოგავდა გიორგისა და მეზობლებს. მოკლედ, ღმერთი დაეხმარათ და გადარჩნენ, თუმცა დედამ ყანაში მორიგი გადაპარვისას აფსუები შენიშნა, ღობეზე მოუწია გადახტომამ და ფეხი ამოიგდო. დღემდე აწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია გაიკეთა სამშვიდობოს გამოსულმა.

- თქვენ როგორ გამოხვედით ალმოდებული სოხუმიდან? - სოხუმიდან 27 სექტემბერს წამოვედი, ბაღმარანის გზით, რომელიც მერხეულის გზას უერთდებოდა. მერე სვანეთის გოლგოთა დაიწყო. ამ გზაზე ბევრი დაწერილა და აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ ემზარ კვიციანი რომ არ ვახსენო, არ შემიძლია, ახლა მამააბრამის ბატკნად რომ მოაქვს თავი. სწორედ მისი ბანდა იდგა და აყაჩაღებდა სვანეთის გზაზე დევნილებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სვანების ბევრ ოჯახს, რომლებმაც ათასობით ადამიანი შეინახეს მაშინ. ერთ-ერთი ასეთი იყო ჭუბერის მკვიდრი ყარამან საღლიანის ოჯახი, რომელმაც უამრავი ოჯახი შეიკედლა იმ ტრაგიკულ დღეებში.

ეს გზა რთული იყო, მაგრამ უფრო რთული ის იყო, რომ ჩემების შესახებ არაფერი ვიცოდი.

როცა მეგონა, რომ ყველაფერი უკან დარჩა, ახალი კოშმარი დაიწყო, დევნილობის კოშმარი. არ გვქონდა ჭერი, ტანსაცმელი, საკვები, ყველას ექიმის დახმარება სჭირდებოდა. ბელორუსიაში წავედით ბიძაჩემის ცოლთან, მაგრამ ბელორუსიის მთავრობამ უარი გვითხრა თავშესაფარზე და უკან დავბრუნდით. უკანა გზაზე მატარებელი მთელი ექვსი დღე გააჩერეს ჩეჩნეთში. კეთილი ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, შიმშილით დავიხოცებოდით იმ გაყინულ მატარებელში. ერთმა კეთილმა ადამიანმა ლორი მოგვცა და ის ვჭამეთ... სალა სამი წლის ბავშვსაც ვაჭამეთ. 18 წლის ვიყავი და მცირეწლოვანი ბავშვისა და ორი ჯანმრთელობაშერყეული ქალის ბედი მებარა... შევუდექი ჩემი მოვალეობის აღსრულებას.

- გიორგის მეხსიერებაში შემორჩა ომის კადრები?

- მეეჭვება, რამე ცხადად ხსომებოდა, მაგრამ დიდხანს ჰქონდა ამოჩემებული "გრადის", ტანკის, ავტომატის სახელი. ბელორუსიიდან დაბრუნებულები ფოთში, დევნილების თავშესაფარში ნათესავს შევეკედლეთ. დიდი დახმარება გაგვიწია იმ ოჯახმა. მიუხედავად ამისა, ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, ხან ვვაჭრობდი, ხან ფიზიკურად ვშრომობდი. ჩემი ოჯახის განსაცდელიდან გამოხსნა მხოლოდ მე შემეძლო და თავს არ ვზოგავდი. მერე მივხვდი, რომ მხოლოდ ფიზიკური შრომით გზას ვერ გავიკვლევდი და სწავლაც გავაგრძელე, საკანდიდატო მინიმუმიც კი დავიცავი.

- გიორგი როგორ ვითარდებოდა?

- რთულად. ექვსი წლის იყო, როდესაც ომგადატანილი დევნილი ბავშვების პროგრამით ესპანეთში გავუშვით. ვიფიქრე, მშვიდი ცხოვრება ესპანელ ოჯახთან ერთად მის ფსიქიკას მალამოდ დაედებოდა. იქ დაუვიწყარი დღეები გაატარა, მაგრამ შემდეგ, უკან დაბრუნებული, ისევ თავის თავში ჩაიკეტა. ასე გადიოდა წლები. მე ლექციებს ვკითხულობდი და ჩემს შემოსავალს მთლიანად ოჯახს ვახმარდი, გიორგიმ ესპანური ენის სწავლა გადაწყვიტა და მეც თბილისში გავუშვი. ერთ დღესაც უბედურება დაგვატყდა თავს, გიორგიმ იჩხუბა, მადლობა ღმერთს, მისი მოქნეული ჯაყვით დაჭრილი ბიჭი იოლად გადარჩა, გიორგის კი თვრამეტმა კაცმა სასტიკად სცემა. ჩემს ძმას სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ჩემი ნაკოწიწარი სახსრებით ნაყიდი პატარა ბინა გავყიდე და საპროცესო გარიგებით გამოვიყვანე ციხიდან. იქიდან კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში გამოვიდა, ჩაკეტილი, უსიტყვო... მივხვდი, ოჯახის ჭაობიდან ამოყვანა კიდევ უფრო გამიჭირდებოდა და ამერიკაში წასვლაზე დავიწყე ფიქრი. ამასობაში გიორგი დაქორწინდა. მეგონა, სიყვარული, ოჯახი მის ფსიქიკაზე დადებითად იმოქმედებდა, მაგრამ შევცდი.

- ამერიკაში როდის გაემგზავრეთ? - ამერიკაში 2013 წელს პირველად კონფერენციაზე ჩავედი, სულ სხვა სტატუსით, მეორედ კი უკვე სამუშაოდ, თუმცა მალევე დავბრუნდი, რადგან მივხვდი, რომ მეცნიერებაში წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ჩემს ოჯახს წინ ვერ წავწევდი. უკვე მზად ვიყავი ხელმეორედ გასამგზავრებლად, როდესაც გიორგი წვრილმან ხულიგნობაზე (მაღაზიიდან სასმელი მოიპარა) დაიჭირეს და წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. ისე გავბრაზდი, რომ მის სანახავადაც არ წავედი. გიორგის ციხე კი არა, მკურნალობა სჭირდებოდა, ფსიქოლოგიური, პროფესიონალის დახმარება და არა ის, რაც მე, 18 წლის ბიჭმა, ოდესღაც მოვახერხე: თავშესაფარი ვუშოვე და საკვებით უზრუნველვყავი.

როცა გიორგი ციხიდან გამოვიდა, მე უკვე ამერიკაში ვიყავი. იმხანად ხან მშენებლობებზე ვმუშაობდი, ხან კვების ობიექტებზე, პარალელურად ექვსთვიან კურსებზე ვსწავლობდი, რომ ექთანის დამხმარის სტატუსი მომეპოვებინა. ასე მოვხვდი ებრაელი მოხუცების პანსიონატში. მატერიალურად წელში გავიმართეთ, მაგრამ წინ თურმე უბედურება მელოდა - სახლიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი შვილივით გაზრდილი ძმა აღარ მყავდა. გიორგიმ თავი მოიკლა.

ჩემი ძმაც, ისევე როგორც ჩემი მამინაცვალი, ომის მსხვერპლია, ომისა და სახელმწიფოს უძლურების, რომელმაც დღემდე ვერ შეძლო ისეთი სამედიცინო სისტემის შექმნა, სადაც ომში დაზარალებულ ადამიანებს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. ომის ბავშვების ფსიქორეაბილიტაციაზე არც არავინ მუშაობს.

ომის მსხვერპლი ადამიანების მდგომარეობას მხოლოდ ერთეული ექიმები ხვდებიან. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენს ქვეყანაში უსაზღვროდ მძიმე გარემოა, სოციალურ სიდუხჭირეს პოლიტიკური ფონიც ემატება. როგორ უნდა იპოვოს სიმშვიდე და გზა ამ ჩვილობაში ფსიქიკაშერყეულმა კაცმა? დღემდე გული მტკივა, რომ მის გვერდით არ ვიყავი მაშინ, როდესაც, ალბათ, ჩემი თანადგომა სჭირდებოდა.

ჩემს ძმას სამი პატარა დარჩა: უფროსი, რეზი, წელს გახდა პირველკლასელი. დაკრძალვაზე რომ ჩამოვსულიყავი, უკან ვეღარ დავბრუნდებოდი. სკაიპით დავიტირე ჩემი ძმა. ჩემს ძმისშვილებს პატარა ბინა ვუყიდე თბილისში, რადგან ფოთის ჰაერს ვერ იტანს უმცროსი. არაფერს ვაკლებ და არც მოვაკლებ.

- თქვენ არ დაოჯახებულხართ? - არა, ძირითადად, მუშაობაზე ვარ გადართული, რათა ეს დღეები მალე გავიდეს. დასვენების დღესაც არ ვიღებ, რაში მჭირდება, სად ვიარო? ებრაელ მოხუცთა თავშესაფარში 15 მოხუცი მყავს და დილის რვა საათიდან საღამომდე ამათ ვუადვილებ ყოფას. საღამოობით წლების წინ მოსკოვის ბიბლიოთეკებსა და არქივებში შეგროვებულ ისტორიულ მასალებზე ვმუშაობ, მინდა წიგნად გამოვცე და ჩემს ძმას მივუძღვნა. სულ ეს არის ჩემი ცხოვრება.

- აფხაზეთში დაბრუნებაზე თუ ფიქრობთ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ იმედი ნამდვილად არა მაქვს. რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ ჩვენი სოხუმის სახლი დაანგრიეს და იმ ადგილას სავაჭრო ცენტრი გახსნეს, ახალდაბის სახლი კი აგურ-აგურ დაშალეს...

- ბატონო ზურაბ, როგორ ფიქრობთ, თქვენც ომის მსხვერპლი ხართ თუ გმირი? - სხვა ჩემი თანამემამულეების მსგავსად, მეც ამ უაზრო და დაუნდობელი ომის მსხვერპლი ვარ. მხოლოდ დევნილები კი არა, ყველა ქართველი, რომლებმაც, ამ უსამართლო, ტყუილებითა და ფარისევლობით აღვსილი გარემოს მიუხედავად, ადამიანობა შეინარჩუნა და ყველაფერს აკეთებს საქართველოს სასიკეთოდ, გმირია.

იხილეთ ასევე: "19 წლის, მარტო დარჩენილი, კაფანდარა გოგო ვიყავი, მშიერ - მწყურვალი და სიკვდილს ველოდებოდი"

დეა ცუცქირიძე