რა კავშირშია "ჭკვიანი" კამერები ტექნიკურ ინსპექტირებასთან - კვირის პალიტრა

რა კავშირშია "ჭკვიანი" კამერები ტექნიკურ ინსპექტირებასთან

2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ. "ჭკვიანი" კამერების მეშვეობით ავტომატური რეჟიმით დაიწყო იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ (შსს-მ დაამონტაჟა და მოქმედებს 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 - ზოგადი ხედვის, 646 კი ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერაა).

ბექა ლილუაშვილი, შს სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელი:

- ბატონო ბექა, ტექინსპექტირების არქონის შემთხვევაში რამდენია ჯარიმის ოდენობა?

- ფიზიკური პირისთვის - 50 ლარი, იურიდიული პირისთვის კი - 200 ლარი. თუ ტექინსპექტირების არმქონე მანქანის მძღოლი მანქანის მესაკუთრე არ არის, მძღოლი ჯარიმდება 50 ლარით, მესაკუთრე კი, თუ ფიზიკური პირია - 50 ლარით, თუ იურიდიული - 200 ლარით.

- კამერა როგორ აფიქსირებს, მესაკუთრე ზის საჭესთან თუ მფლობელი?

- კამერას მძღოლის იდენტიფიცირება არ შეუძლია. ის აჯარიმებს მხოლოდ ტექინსპექტირების გაუვლელობის ფაქტს.

- დახარვეზებულ ავტომანქანას ერთი თვე აქვს ხარვეზების გამოსასწორებლად. ამ ერთი თვის განმავლობაშიც ჯარიმდება ავტომფლობელი? - თქვენ შეიძლება ტექინსპექტირება გაიაროთ წარუმატებლად, მაგრამ მოძრაობის უფლება მაინც მოგცენ. ასეთ შემთხვევაში, 30-დღიანი ვადა მოგეცემათ ხარვეზის გამოსასწორებლად და ამ ხნის განმავლობაში არ დაჯარიმდებით; მაგრამ თუ თქვენი მანქანა დახარვეზებულია, არ გაქვთ მოძრაობის უფლება და ასეთი მანქანით მაინც ივლით, აუცილებლად დაჯარიმდებით.

- თუ არ გამივლია ტექდათვალიერება, ერთი დაჯარიმების შემდეგ ხელახლა რამდენ ხანში დამაჯარიმებს ვიდეოკამერა? - თუ თქვენ დაგაჯარიმათ ერთმა კამერამ, ხელახლა არ დაჯარიმდებით, სანამ პირველი დაჯარიმებიდან არ გავა 30 დღე.

- თუ 20 იანვარს გავაფორმე ავტომანქანა, ტექდათვალიერების გაუვლელობისთვის 20 იანვრიდანვე დავჯარიმდები თუ 21 იანვრიდან? - თუ 20 იანვარს გააფორმეთ ავტომანქანა, დაჯარიმდებით 21 იანვრიდან.

- ვინც, ეს-ესაა, გამოიწერა ავტომანქანა საზღვარგარეთიდან, ავტომანქანის ჩამოსვლისთვის როგორ უნდა მოაგვაროს ტექდათვალიერების საკითხი ისე, რომ არ დაჯარიმდეს? - ავტოსატრანსპორტო საშუალება როგორც კი დარეგისტრირდება, მას ავტომატურად ეძლევა 30-დღიანი ვადა, რომ გაიაროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, შესაბამისად, ამ 30 დღის განმავლობაში ეს ავტომობილები არ დაჯარიმდება.

- ბევრი ჩივის, თითქოს ევროპას ვუწყობთ ფეხს, არადა, იქ ტექინსპექტირების არქონისთვის კამერები არავის აჯარიმებსო. - ზოგან აჯარიმებს, ზოგან - არა. გეტყვით, ჩვენ რატომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება...

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რა თქმა უნდა, აჯარიმებდნენ ტექინსპექტირების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, თუმცა ეს იყო არაეფექტიანი, რადგან საპატრულო ეკიპაჟი მხოლოდ მაშინ ამოწმებდა, ჰქონდა თუ არა ავტომფლობელს გავლილი ტექნიკური ინსპექტირება, როდესაც მას რაიმე დარღვევისთვის აჩერებდა. აღსრულების ეს მექანიზმი ახლაც არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ ქართული მენტალობის მძღოლების ქცევა შეიცვალოს და მათ კანონით დადგენილ ვადებში გაიარონ ტექინსპექტირება. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, კამერებით აღმოგვეჩინა სამართალდამრღვევები.

აღსრულების პროცესი 14 იანვრიდან დავიწყეთ და შედეგად, პერიოდული ინსპექტირების ცენტრებში მიმართვის მაჩვენებელი 10-ჯერ გაიზარდა. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიზანს ვაღწევთ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით:

2019 წლის 1-დან 17 იანვრის ჩათვლით ტექნიკური ინსპექტირება გაიარა 32 342 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ (ასს). გამართულად ჩაითვალა 17 650 ერთეული ასს. ტექნიკური ინსპექტირებისას დახარვეზდა 14 515 ასს, ხოლო განმეორებით დახარვეზდა 278 ასს. გზაზე გადაადგილება აეკრძალა 136 ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარია

ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში. თუ პირველ შემოწმებას ვერ გაივლის, ავტომფლობელს აქვს 30 კალენდარული დღე ხარვეზის გამოსასწორებლად. იმავე ტესტირების ცენტრში ავტომობილის განმეორებითი ინსპექტირება უფასოა. მთელ საქართველოში მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარია.

ინსპექტირების პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით მოქმედებს ცხელი ხაზი - 1484, რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 09:00-დან 18:00 საათამდე.

ინფორმაცია ვიდეოჯარიმის შესახებ

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე იღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის შესახებ. ჯარიმის შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში მოქალაქე სარგებლობს 20%-იანი შეღავათით.

თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღეში არ გადაიხდის, მას საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ფოსტით ეგზავნება, ხოლო 30-დან 60 დღემდე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვიდეოჯარიმის ჩაუბარებლობის შემთხვევაში პირს ჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საჯარიმო ქვითრის ფოსტით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარიმო ქვითარს საჯაროდ აქვეყნებს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.police.ge