"ხაჯიბეგი საქართველოში სულ ხუთნი ვართ" - კვირის პალიტრა

"ხაჯიბეგი საქართველოში სულ ხუთნი ვართ"

"არ არსებობს საკრავი, სალამურისა და მანდოლინის ჩათვლით, რომელზე დაკვრაც ბაბუაჩემმა ვლასი ხაჯიბეგიმ არ იცოდა. იმდენად მუსიკალური იყო, რომ ლანჩხუთში გუნდი შექმნა, რომელიც მუნჯ კინოსაც ახმოვანებდა"

ალი-აღა ხაჯიბეგის სევდისმომგვრელ ისტორიას ლანჩხუთში წავაწყდი. პირველად იქ მიამბეს თურქეთიდან გამოქცეული ძირძველი ქართველი ლაზის, ვინმე ალი-აღა ხაჯიბეგის შესახებ, რომელმაც საუკუნე-ნახევრის წინ ხოფაში თურქი ბეგი მოკლა, მერე გადასარჩენად ისტორიულ სამშობლოს მოაშურა და უკან არასოდეს დაბრუნებულა. დღეს ალი-აღას შთამომავალი ხაჯიბეგები ქობულეთში ცხოვრობენ. თამთა ხაჯიბეგმა მამის ბაბუაზე, ალი-აღა ხაჯიბეგსა და მის შთამომავალზე სიამოვნებით მიამბო:

- არ მიკვირს, როცა მეკითხებიან, თამთა, რა უცნაური გვარი გაქვს, საიდან მოდისო? რომ ვპასუხობ, უძველესი ლაზები ვართ-მეთქი, მიხარია. ხაჯიბეგი საქართველოში სულ ხუთნი ვართ: მე, ჩემი ძმა, მამაჩემი და ჩემი ორი პატარა ძმისშვილი.

- ვიცი, რომ საქართველოში ჩამოსულ ალი-აღას, რომელმაც ქრისტიანული რწმენაც დაიბრუნა, მონათვლისას ალექსანდრე დაარქვეს. - დიახ. მამაჩემის ბაბუა, ალი-აღა ლაზიკის მკვიდრი იყო, ხოფაში ცხოვრობდა. საქართველოში უძველესი ლაზური გვარი აღარ ჩამოჰყოლია, შეიძლება იმიტომ, რომ თურქეთში საუკუნეების განმავლობაში უკრძალავდნენ მის ხსენებას და ახალი გვარი მიიღო. `ბეგი~ თურქულად თავადს ნიშნავს. როგორც მამაჩემს ბაბუა უყვებოდა, `ხაჯი~ თურქეთში ხაჯიბეგების სალოცავს აღნიშნავდა. ხაჯიბეგებმა ეს გვარი იმიტომ დაირქვეს, რომ სალოცავში მათი გვარის გარდა არავინ შესულიყო. ალი-აღას კი ამ სალოცავში სიარული არ დასცალდა, მეზობელი ბეგი მოკლა. ალი-აღა ხაჯიბეგი და მისი მეზობელი თხილის პლანტაციის მფლობელები იყვნენ, მაგრამ ალი-აღასაგან განსხვავებით, მის მეზობელს თხილის ამკრეფი მუშახელი არ ჰყოლია. მან ალი-აღას უთხრა, შენი მუშახელი მომახმარე და საფასურს თხილს რომ გავყიდი, მაშინ გადაგიხდიო. მაგრამ სიტყვა გატეხა და თხილის გაყიდვის შემდეგ მუშებს ფული აღარ გადაუხადა. ალი-აღამ მუშები თავად გაისტუმრა, მაგრამ მეზობელი პირის გატეხისთვის მოკლა. ამის შემდეგ ბაბუაჩემი ჯერ ბათუმში დასახლდა, მაგრამ რადგანაც შურის საძიებლად თურქები იქაც შეიძლება ჩამოსულიყვნენ, აიყარა და ჩოხატაურში გადავიდა. იქ გურული ქალი შეირთო და ლანჩხუთში დასახლდა. მერე თურქეთიდან მოგვარეებს ჩამოუკითხავთ, წამო ხოფაში, შენზე შურისმაძიებლები დაიხოცნენ, თუკი იქ მაინც აღარ გაჩერდები, შენმა დიდმა ბაბუამ რომ ხმალი დაგიტოვა, ის მაინც წამოიღეო. არ წაჰყოლია, იქაურობის აღარაფერი მინდაო. ლანჩხუთში დაიბადა მამაჩემის მამა, ვლასი ხაჯიბეგი. მესაათეობა მოსწონდა და მისი გაკეთებული საათები დღესაც მუშაობს ბევრი ლანჩხუთელის ოჯახში. ჩვენც შინ მისი ნახელავი 6 საათი გვაქვს. გარდა ამისა, არ არსებობს საკრავი, სალამურისა და მანდოლინის ჩათვლით, რომელზე დაკვრაც ბაბუაჩემმა არ იცოდა. იმდენად მუსიკალური კაცი იყო, რომ ლანჩხუთში გუნდი შექმნა, რომელიც მუნჯ კინოსაც ახმოვანებდა. როცა ეკრანზე მუნჯი ფილმები გადიოდა, ბაბუაჩემის ანსამბლი დარბაზში იდგა და უკრავდა. თუ კადრები მხიარული იყო, მხიარულ მუსიკას უკრავდა, თუ სევდიანი, პირიქით.

- წარმომიდგენია, ეს რამხელა ფუფუნება იყო, ცოცხალი ორკესტრის ცოცხალი შესრულება, რისი კომფორტიც დღეს უკვე აღარ გვაქვს! - ეს მეც მეამაყება, ისე, როგორც ჩემი გვარი და ჩემი ლაზი დიდი ბაბუის ისტორია - სიტყვის გატეხა რომ ვერ აიტანა და სამშობლოს მოაშურა, შემიფარებსო. მას შემდეგ ხაჯიბეგები აქ ვცხოვრობთ, ჯერ ცუდი არაფერი გაგვიკეთებია და არც არასოდეს გავაკეთებთ!