"ვწუხ­ვარ, რომ მის­თვის ამ ჩემი შე­ფა­სე­ბის მხო­ლოდ ნა­წი­ლი მაქვს ნათ­ქვა­მი" - რას წერს გიორგი თარგამაძე ლევან ჩხაიძეზე? - კვირის პალიტრა

"ვწუხ­ვარ, რომ მის­თვის ამ ჩემი შე­ფა­სე­ბის მხო­ლოდ ნა­წი­ლი მაქვს ნათ­ქვა­მი" - რას წერს გიორგი თარგამაძე ლევან ჩხაიძეზე?

ყოფილი ტელეწამყვანი და დეპუტატი გიორგი თარგამაძე გარდაცვლილი ჟურნალისტის, ლევან ჩხაიძის ზედმეტსახელის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, ჩხაიძეს მეგობრები და კოლეგები მრავალი წლის განმავლობაში ჯაკოს ეძახდნენ.

"შეიძლება ბევრმა არ იცის რატომ ვეძახდით ლევანს - ჯაკოს. წლების წინ ტვ იმედში მუშაობის დაწყებამდე რადიო "ჯაკო" - ში მუშაობდა. იქიდან ავიყვანეთ. მალე ნიუსრუმის და მთლიანად ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა და სპორტულ ამბებს უძღვებოდა. უნდა გამოვტყდე, რომ პოლიტიკურ ჟურნალისტიკასთან ნაკლებად ვაკავშირებდი და მათე კირვალიძის განსაკუთრებულ დამსახურებად მიმაჩნია ჯაკოს პოტენციალის შემჩნევა და გამორჩეულ ტელერეპორტიორად და წამყვანად მისი ტრანსფორმაცია (დღეს მათეს ყველა ჩვენგანზე მეტად უჭირს). რათქმაუნდა ტვ პირველის და მისი თანამშრომლების როლი ყველაზე მნიშვნელოვანია იმ მედიასახის ფორმირებაში, როგორადაც ქართველ ტელემაყურებელს ლევანი ყოველთვის ემახსოვრება. ბოლო წლებში, მე იშვიათად შემხვედრია პოლიტიკური სასაუბრო ჟანრის ისეთი მზარდი წამყვანი როგორიც ჯაკო იყო: სხარტი, სწრაფი აზროვნებით, მომენტალური რეაქციით, მკაფიო მეხსიერებით და კვალიფიციური აგრესიულობით გაჯერებელი სტილით. ვწუხვარ, რომ მისთვის ამ ჩემი შეფასების მხოლოდ ნაწილი მაქვს ნათქვამი, მინდოდა რომ მუდმივი ზრდის მოტივაცია დიდხანს შეენარჩუნებინა. უმძიმესი დღეებია ჩვენთვის და ყველას თანაგიგრძნობთ, ვისაც გული გწვყდება, რომ ჯაკოს გულწრფელი ღიმილითა და სიცოცხლის ნაპერწკლებით სავსე თვალებს ვეღარ დავინახავთ..ღმერთმა სამუდამო განსასვენებელი დაუმკვიდროს!"

"ტვ პირველის" დღის ამბების წამყვანი ლევან ჩხაიძე გუშინ გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 33 წლის ჟურნალისტი ბუდაპეშტში, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ასევე: "ყველაზე საყვარელი მეგობარი მომიკვდა და მგონია, რომ მეც მოვკვდი" - რას წერენ მეგობრები და კოლეგები გარდაცვლილ ჟურნალისტზე "ფეისბუკში"