"ყოფილი მინისტრი დღეს, ისე, როგორც თითოეული ქართველი ემიგრანტი აშშ-ში მუშაობს იმისათვის, რომ ოჯახი არჩინოს" - კვირის პალიტრა

"ყოფილი მინისტრი დღეს, ისე, როგორც თითოეული ქართველი ემიგრანტი აშშ-ში მუშაობს იმისათვის, რომ ოჯახი არჩინოს"

მომღერალი ზაზა ბანძელაძე, რომელიც წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ლტოვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრის კობა სუბელიანის შესახებ "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს:

"ადამიანი რომელიც ერთ დროს მინისტრიც კი იყო, სხვა თანამდებობებს აღარ ჩამოვთვლი და დღეს როგორც თითოეული ემიგრანტი აშშ-ში მუშაობს იმისათვის რომ ოჯახი არჩინოს...ეს არის სუფთა ხელები პოლიტიკაში...კობა შენ ხარ პატიოსანი ადამიანის სიმბოლო".

თავის დროზე, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გაამხვილა მისი თანაგუნდელის საქმიანობის შესახებ ყურადღება ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელშიც აღნიშნა, რომ კობა სუბელიანი მშენებლობაზე მუშაობდა აშშ-ში.

შეგახსენებთ, რომ კობა სუბელიანი 2004 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის მაისამდე მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის აღმასრულებელ დირექტორად. 2005 წლის მაისიდან 2005 წლის აგვისტომდე იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2005 წლის აგვისტოდან 2007 წლის ნოემბრამდე კი თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად მუშაობდა. ხოლო 2007 წლის ნოემბერიდან დაინიშნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად. 2008 წლის აპრილში გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი და იმავე წლის ნოემბრიდან დაბრუნდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობაზე.

იხილეთ ასევე: სად მუშაობს ვერა ქობალია? - რას ამბობს სააკაშვილი?