"დედას 1-3 დღით გაჰყავდა ხოლმე, ნებისმიერი ძალადობის ნიშანი იქნებოდა თვალსაჩინო" - ახალი დეტალები სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას საქმეზე - კვირის პალიტრა

"დედას 1-3 დღით გაჰყავდა ხოლმე, ნებისმიერი ძალადობის ნიშანი იქნებოდა თვალსაჩინო" - ახალი დეტალები სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას საქმეზე

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის განცხადებით, 4 წლის გოგონა, რომელიც გუშინ გარდაიცვალა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა და დედა ბავშვს თვეში რამდენჯერმე ნახულობდა.

მისივე ინფორმაციით, ამდენი წლის განმავლობაში სოციალურ სამსახურს არასდროს დაუფიქსირებია ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნები ამ ბავშვის ან სხვა ბავშვების მიმართ.

"დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა და ძალიან მიჭირს ამ ტრაგედიაზე საუბარი, თუმცა აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ კონკრეტული ბავშვის შემთხვევა ცნობილი იყო პრაქტიკულად ბავშვის დაბადებიდან, რადგან დედამ მიმართა სოციალურ სამსახურს და ითხოვა დროებით ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება, ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო. შესაბამისი რეაგირება მოხდა და ბავშვი მინდობით აღზრდაში იქნა გადაყვანილი, ეს ალტერნატიული ზრუნვის ფორმაა, სადაც მსგავსი და სხვა შემთხვევების დროს ხდება ბავშვების განცალკევება ოჯახიდან. ქვეყნისა და ჩვენთვის პრიორიტეტია ბიოლოგიური ოჯახი, თუ რამე სხვა არაა უკეთესი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესისთვის“, - განაცხადა მარი წერეთელმა.

მისივე ინფორმაციით, სამწელიწადნახევარი ხდებოდა ბავშვის განვითარებაზე მეთვალყურეობა, ასევე ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობაზე დაკვირვება.

"სამწელიწადნახევრის განმავლობაში დედა სისტემატურად, თვეში რამდენიმეჯერ ახდენდა ვიზიტებს, ჩართული იყო ბავშვის განვითარებაში. სწორედ ამიტომაც, როდესაც ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში, სამომავლოდ, იმისთვის, რომ გაყვანილ იქნას პირის მიერ, ხდება ამა თუ იმ პირის მნახველ და გამყვან პირად დარეგისტრირება. რეგისტრაციას წინ უსწრებს იმ ოჯახის და იმ ადამიანის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება, რომელიც იღებს უფლებას, ერთი, იყოს მნახველი და მეორე - გაიყვანოს ის. მსგავსი შეფასება მოხდა და აღვნიშნავ, რომ ამდენი წლის განმავლობაში არასდროს სოციალური სამსახური არ აფიქსირებდა ამ ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნებს ამ ბავშვისა და არც სხვა ბავშვების მიმართ. დედა დარეგისტრირდა მნახველ და გამყვან პირად, იმ გეგმით, რომ აქტიური მონიტორინგით ბავშვის სამომავლო რეინტეგრაციაზე იყო მუშაობა დაწყებული. გუშინ საღამოდან სამინისტროსა და სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა. რასაკვირველია, თანამშრომლების გადაცდომა და პასუხისმგებლობის საკითხი თუ დადგება, მოკვლევის შედეგს მყისიერად გაგაცნობთ და რასაკვირველია, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება", - განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, ძალადობაზე შეტყობინება 6 იანვრამდე არ იყო შესული და არც მაშინ იკვეთებოდა ძალადობის შემთხვევები, როცა ბავშვი დედას გაჰყავდა, ხოლო მისი ოჯახიდან განცალკევება მხოლოდ ეკონომიკური მიზეზების გამო მოხდა.

"ვიზიტები ხშირად ხდება მაშინ, როდესაც შეფასება და რეინტეგრაცია ხდება, ამას სჭირდება აქტიური მონიტორინგი. მოცემულ შემთხვევაში ბავშვის განცალკევება იყო მხოლოდ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გამო და არა საფუძვლიანი ან უბრალოდ ეჭვის გამო ოჯახში ძალადობაზე. ასე რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ინტეგრაცია ბევრად გვიან და არც მოხდებოდა. 3 წლის განმავლობაში არც ერთხელ ყოფილა ამის ნიშანი. დედას 1-3 დღით გაჰყავდა ხოლმე, ნებისმიერი ძალადობის ნიშანი იქნებოდა ამ დროს თვალსაჩინო, რაც არ ჩანდა. ოჯახი თანამშრომლობდა სოციალურ სამსახურთან, ჰქონდათ წინსვლა, ხოლო სოციალურად დაუცველობა არ ნიშნავს, რომ ბიოლოგიური ოჯახებიდან ბავშვები უნდა გავიყვანოთ. დანარჩენი ბავშვებიც ამ ოჯახში ცხოვრობდნენ, მათი ჰიგიენური ნორმები დაცული იყო, ხოლო მინიმუმ საცხოვრებელ გარემოს რას ვეძახით, ეს სადავოა. ოჯახისგან იყო გაუჯობესება, მამაკაცი იყო დასაქმებული, შესაბამისად, ეს იყო საფუძვლები მისი ინტეგრაციისთვის, ასევე, ჭეშმარიტი ინტერესიც, რომ ბავშვს ჰქონდა დიდი მიჯაჭვულობა ძალიან დედ-მამიშვილებთან, ასევე დედასაც ჰქონდა მიჯაჭვულობა ბავშვის მიმართ და რა თქმა უნდა, უმჯობესი იყო, ის გაზრდილიყო დედასთან", - განაცხადა წერეთელმა.

4 წლის ბავშვი გუშინ გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

"ინტერპრესნიუსი"