"ქვეყანას ვერ ავაშენებთ, ვიდრე ნაგავში ჯდომა ნორმა გვგონია" - კვირის პალიტრა

"ქვეყანას ვერ ავაშენებთ, ვიდრე ნაგავში ჯდომა ნორმა გვგონია"

35 წლის ზაქრო სონღულაშვილი რვა წელია, საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნდა და თელავში ცხოვრობს მეუღლესა და 6 თვის იოანესთან ერთად. იქაურ ბავშვებს რაგბიში ავარჯიშებდა, ვიდრე რაგბის გუნდები არ შეერთდა. ახლა უძრავი ქონების შეფასების კომპანიაში მუშაობს და უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვს გარემოს დაცვისა და კახეთის ტყეებში მობინადრე ცხოველებისა თუ ფრინველების შესასწავლად. ორი წლის წინ ფოტოხაფანგიც იყიდა და მის ობიექტივში ბევრი საინტერესო რამ მოხვდა. გარემოსდაცვით კანონდარღვევებსაც ყველაზე ხშირად, კახეთში აფიქსირებს.

- სკოლის დამთავრების შემდეგ ფიზკულტურულზე ჩავაბარე, თან რაგბის ვთამაშობდი. მერე, როცა თელავშიც ჩამოყალიბდა გუნდი, ჩემს ქალაქში დავბრუნდი მწვრთნელად. 2 დონის ლიცენზია მაქვს რაგბიში, ეს არის ჩემი საქმე. 2008 წელს საბერძნეთში წავედი მეუღლესთან ერთად და იქაც ვთამაშობდი. საბერძნეთში 2 წელი ვიყავით, მაგრამ ჩემი მეუღლის საბუთები ვერ მოვაწესრიგეთ და ისევ უკან დავბრუნდით.

- რაც შეეხება ბუნების სიყვარულს... - ბავშვობიდან მაინტერესებდა ყველაფერი - ცხოველები, ფრინველები. ვიძიებდი ინფორმაციებს და ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. ვიღებდი ფოტოებს, ოღონდ სამოყვარულოთი და მხოლოდ მწერებს. მერე პროფესიონალური ფოტოაპარატიც შევიძინე და კამერაც, ანუ ფოტომახე.

ზაქრო სონღულაშვილის ფოტო

- როგორ ადგილებში აყენებ ფოტომახეს? - ფოტოხაფანგის დასაყენებელ ადგილს წყლისა და ბილიკების სიახლოვეს ვეძებ. თუ წვიმიანი ამინდია ან თოვლია, ცხოველების სამყოფელს დატოვებული ნაკვალევის მიხედვით ვაგნებ. ხედს რამდენჯერმე ვამოწმებ, კამერას ხის ფესვზე ვამაგრებ და ქამარსაც მაგრად ვუჭერ, ცნობისმოყვარე ენოტმა რომ არ მოიპაროს.

- ყველაზე საინტერესო რა გადაგიღია? - ჩემთვის ყველაფერი ახალი და საინტერესო იყო, თუნდაც ენოტისა და ტყის კატის შეხვედრა. მეგონა, იჩხუბებდნენ, მაგრამ შევცდი, მშვენივრად თანაცხოვრობდნენ და "მეგობრობდნენ". ტყეებს ვიღებ, ახლა ალპურ ზონაში მაქვს დატოვებული, სადაც შეიძლება ფოცხვერიც იყოს. ეს ტყეები ფაქტობრივად, შესწავლილი არ არის. გამოდის, რომ პირველი ვარ, ვინც აქაური ცხოველები დავაფიქსირე, თანაც ისე, რომ არ მოვკალი. შველი რომ გადავიღე, უბედნიერესი ვიყავი. ნამდვილად არ მეგონა, ნაკრძალს გარეთ სადმე თუ იქნებოდა. კამერის შემოწმება კარგი შეგრძნებაა - წინასწარ არასდროს იცი, რომელი ცხოველი ან როგორი კადრი დაგხვდება. შველი, მგელი, ტურა, მელა, ენოტი, კვერნა, მაჩვი, ციყვი, თაგვი - ყველა ცხოველი გადაღებული მყავს. ყველაზე ხშირად მაინც შველი და ენოტი ხვდება ჩემს "მახეში". ენოტი ცნობისმოყვარეა, შველს კი კამერასთან მისასვლელად კარგი მიზეზი აქვს - სპეციალურად მისთვის დატოვებულ მარილს ლოკავს. ობიექტივში არაერთხელ მოხვედრილან ბრაკონიერებიც, რაც არასასიამოვნოა, მაგრამ რისი გაკეთება შემიძლია? მონადირეებს სწყინთ, ბრაკონიერებთან ნუ გვაიგივებო, მაგრამ საბოლოო ჯამში ხომ ორივე კლავს? ვისურვებდი, არავინ დახოცოს ფრინველები და ცხოველები.

ზაქრო სონღულაშვილის ფოტო

- თვითონ არასდროს გინადირია? - ბავშვობაში დავყავდი უფროსებს, მაგრამ არასდროს არაფერი მომიკლავს, თოფიც კი არ მჭერია ხელში. მონადირეები ხშირად ამბობენ, ჩვენი ნება რომ იყოს, საქართველოში ნადირობას რამდენიმე წლით ავკრძალავდით, ცხოველი და ფრინველი ცოტააო. თან ამას ამბობენ და თან მაინც ნადირობენ... იცით, მხოლოდ აჭარაში მიგრაციის დროს რამდენ ფრინველს ხოცავენ? ეს გარემოს დაცვის სამინისტროს არ ესმის, ვითომ არაფერი. სამინისტროს არაერთხელ მივმართე და ბრაკონიერობის ფაქტებზე პასუხი მოვთხოვე. ჩემი ასეთი აქტიურობის გამო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის "ფეისბუკ"-გვერდზე დამბლოკეს. მერე მინისტრის ჩარევით შეზღუდვა მომიხსნეს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ისევ დამბლოკეს. ბაზარში დღესაც იყიდება უკანონოდ მოპოვებული თევზი. ამის მერე გარემოს დაცვის სამსახურებს რა პასუხი უნდა მოვთხოვო? გარდა ამისა, ძალიან მტკივა გული, როდესაც მოსახლეობა თვითონ ეპყრობა უდიერად ბუნებას. დღეს გავაზში ვიყავი და 32 სარწყავი არხი ნაგვით იყო სავსე, ეს ხომ ჩვენი, ხალხის ბრალია? გული მისკდება ამის შემხედვარეს. ქვეყანას ვერ ავაშენებთ, ვიდრე ნაგავში ჯდომა ნორმა გვგონია.

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"