"თბილისშიც ვერ მოხერხდა ბავშვის დასაფლავება, არადა აქ მერჩივნა" - კვირის პალიტრა

"თბილისშიც ვერ მოხერხდა ბავშვის დასაფლავება, არადა აქ მერჩივნა"

თბილისში, სანზონაში 4 წლის გოგონას, ნინო ზალინაშვილის დაღუპვის შემდეგ ბავშვის დედა ლელა ქსოვრელი დააკავეს, თუმცა ის მკვლელობაში არ არის ბრალდებული. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, დედას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, შესაბამისად მას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავებიან.

შსს-ს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ მიმდინარე წლის 22 იანვარს, თბილისში, 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 4 წლის გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს.

გუშინ, ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით: "ის იგივე ჩემი შვილი იყო, მე ვარ დღეს ნინოს ჭირისუფალი" - რას ჰყვება გარდაცვლილ გოგონაზე ქალი, რომელთანაც ბავშვი 4 წლამდე იზრდებოდა" დიდი გამოხამურება მოჰყვა. სტატიაში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ექსპერტიზის შემდეგ პატარას ცხედარი ისევ პროზექტურაში იყო და მისთვის არავის მიუკითხავს. ჩვენმა უამრავმა მკითხველმა გამოთქვა სურვილი ბავშვის დაკრძალვის ხარჯები გაეღო, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდით.

როგორც გავარკვიეთ, დეიდამ და მამინაცვალმა ნინო ზალინაშვილი პროზექტურიდან კასპში გადაასვენეს, სადაც ლელა ქსოვრელის წინაპრები არიან დასაფლავებული. როგორც გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალმა, არკადი ძევაშვილმა, გვითხრა - "კასპში, სადაც ნინო უნდა დაგვესაფლავებინა, აღმოჩნდა, რომ იმ ადგილას სხვა დაასაფლავეს. მერე დარეკეს, თბილისის ზღვაზე, სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გამოვნახავთ ადგილსო. ჩამოვედით. ამასობაში მე მანქანა გამიფუჭდა. თბილისშიც ვერ მოხერხდა ბავშვის დასაფლავება, არადა, აქ მერჩივნა - მერია ადგილსაც გამოგვიყოფდა და ბავშვის საფლავიც ახლოს გვექნებოდა. საბოლოოდ, დეიდამ ნინოს ცხედარი ისევ კასპში წაასვენა და იქ დაიკრძალა ბავშვი".