ჭიათურელების უფასო ტრანსპორტი - კვირის პალიტრა

ჭიათურელების უფასო ტრანსპორტი

11 უძველეს საბაგიროს დღეში 1000 კაცი მაინც გადაჰყავს

დრო ყველაფერს დაღს ასვამს, თუმცა თავისებურ ხიბლს მატებს - ვისაც ჭიათურის ლამის საუკუნოვანი საბაგიროები უნახავს, ამაში დამეთანხმება. მართალია, ჭიათურელები ამბობენ, ამ ადამისდროინდელი საბაგიროების გამოცვლას ჩვენ ვერ ვეღირსებითო, სამაგიეროდ, უცხოელი ტურისტები რიგში დგანან, რომ ჭიათურის ერთი სოფლიდან მეორეში საბაგიროთი "გადაფრინდნენ". ჭიათურა, მგონი, ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელზეც მთების წვერზე შემოსკუპებული სოფლიდან სოფლამდე საბაგიროებით დადიან.

როგორც ძველი ჭიათურელები ამბობენ, ქალაქი საბაგიროებით სტალინმა დაქსელა, ბელადმა კარგად იცოდა ჭიათურის ზღაპრული რელიეფის ხიბლი და ჭიათურა მთელ იმპერიაში საჰაერო ტრასების ქალაქად აქცია. მთელ საბჭოეთშიც პირველი საბაგირო ამ ქალაქში გაიყვანა. რაც უნდა გაიკვირვოთ, საბაგირო აქ დღემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტია, თანაც უფასო. დღეში 11 უძველეს საბაგიროს მთის წვერიდან სოფლიდან სოფელში დაახლოებით 1000 კაცი მაინც გადაჰყავს. საბაგიროების ამჟამინდელი მმართველი ბონდო გაგნიძე 40 წელიწადია აწესრიგებს ჭიათურის საჰაერო ტრასას, ხან შუაღამისას წამოაგდებენ მის გასაკონტროლებლად ლოგინიდან, ხანაც - გამთენიისას.

- საბაგიროების გაყვანა ქალაქში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მალევე დაიწყო, 1947 წელს, თანაც უსაყრდენო იყო.

- უსაყრდენო? ალბათ, ხალხს გული უსკდებოდა... - კი, მაგრამ ეს საბაგიროები დღემდე ისეთი საიმედოა, ნეტავი ასეთი ბევრი გვქონდეს, თანაც გზაც შეამცირა! მაგალითად, ზოტი-ქვეუბნის საბაგიროს კილომეტრ-ნახევარზე გადაჰყავდა ხალხი და ამ გზის გავლას 15 წუთი უნდებოდა 120 მეტრ სიმაღლეზე, როცა მანქანას შეიძლება საათიც კი დასჭირდეს მიხვეულ-მოხვეული გზებით. "გულის გასკდომის" შემთხვევაც ხშირი იყო, ამხელა სიმაღლეზე რომ 15 წუთი "იფრენ", აბა, რა იქნება! მაგრამ თანდათან შეეჩვია ხალხი. ზოგჯერ ჰაერში საათობით გამოკიდებული რჩებოდნენ, მეორე დღეს კი მაინც საბაგიროს მოაშურებდნენ.

- საათობით? - დიახ. ეს ის წლები იყო, შუქი წამდაუწუმ რომ გვიქრებოდა. დაჭიმული ჰქონდათ ჩვენს ბიჭებს კუნთები, Gხელით ვატრიალებდით ვაგონის სამოძრაო ღერძს სადისპეტჩეროში. არ იყო ადვილი, მაგრამ ხალხს ჰაერში გამოკიდებულს ხომ არ დავტოვებდით. სამაგიეროდ, სილამაზეს უცქერდნენ ჭიათურის ყველა საბაგიროდან... ეს საბაგიროები ახლაც საიმედოა. 70 წლის საბაგიროებიდან ყველა ტრასა მუშაობს, გარდა ერთისა, რომელიც იმიტომ გაჩერდა, რომ სადისპეტჩერო მიწისძვრამ დაბზარა და აღარავინ შეაკეთა. სულ 11 სამგზავრო და 7 სატვირთო საჰაერო ტრასა გვაქვს.

- ხშირად ზიანდება ვაგონები?

- ნაწილები 70 წლის ვაგონებს კი არა, გუშინ გაკეთებულს უზიანდება. მთავარია, რომ ამ ტრასებზე საშიში არაფერია. საშრომი ნამდვილად ბევრი გვაქვს, მაგრამ ამას ვინ ჩივის? იმაზე მომდის გული, რომ ვაგონების შეკეთება ზოგიერთს წამში უნდა, რატომ არის გაჩერებულიო, ისე შემომწყრებიან, გეგონება, ჯადოსნურ ჯოხს ავიქნევ და ვაგონი გაფრინდება.

- როგორც ჩანს, ამ საბაგიროებით "ფრენას" ისე შეეჩვივნენ, გაჩერება აღარ მოსწონთ. - ჩვენს საბაგიროებზე ტურისტები გიჟდებიან, რიგი დგას გადასვლაზე, ფოტოებს იღებენ და ბედნიერები არიან. არ მიკვირს, ჭიათურის მთები ზემოდან ხომ ზღაპრულად ლამაზია.

ტურისტებს უკვირთ, უფასოდ რატომ გვამგზავრებთო, მაგრამ ჭიათურის საბაგიროებით მგზავრობა 70 წელიწადია უფასოა.

- ალბათ ფიქრობენ, ასე რომ ცხოვრობენ, იმიტომაც არიან აშენებულიო. - აშენებული ვართ თუ დაქცეულები, რაცა ვართ, ეგა ვართ, ნეტავი ამ ქალაქისთვის დიდხანს მაყურებინა და ძალიანაც კარგად ვიქნები.