"რა უნდა ვქნათ და... არ უნდა გავჩუმდეთ!" - კვირის პალიტრა

"რა უნდა ვქნათ და... არ უნდა გავჩუმდეთ!"

"ალბათ ხვდებით, როგორ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული - დიდი სახელებით, საერთო ისტორიით, ჩვენი ერების ტრაგედიით და დიდი კულტურით, რომელიც მიუხედავად ტირანებისა და რუსული ტანკებისა, აგრძელებს შეინარჩუნოს სიყვარული..."

31 დეკემბერს ტელეარხ "დოჟდის" ეთერით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილმა მსახიობმა, თეატრისა და კინოს ვარსკვლავმა ლია ახეჯაკოვამ რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკა, მსოფლიო საზოგადოებრიობას კი პუტინის რეჟიმის გამო ბოდიში მოუხადა და პატიება სთხოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს სიტყვები მსახიობს არ ეკუთვნოდა. სიმართლის გასარკვევად ლია ახეჯაკოვას დავუკავშირდით და ქართველებისთვის საყვარელი მსახიობი ინტერვიუზეც დამთანხმდა. "ბედის ირონია", "სამსახურებრივი რომანი" და კიდევ სხვა მრავალი კინოჰიტის მონაწილე ლეგენდარული მსახიობი ამჟამად 80 წლისაა, ხმა კი კვლავ მდივან ვეროჩკასი აქვს. ლია ახეჯაკოვა თავის შემოქმედებასა და ბოლო დროს მის საწინააღმდეგო საინფორმაციო ომზე მოგითხრობთ.

- ქალბატონო ლია, თქვენი კინოროლები ძალიან უყვართ ქართველებს. როგორ ცხოვრობს ლია ახეჯაკოვა დღეს?

- დიდი მადლობა ყურადღებისა და თბილი სიტყვებისთვის, გული ამიჩუყდა. შევეცდები ყველა კითხვაზე გულწრფელად გიპასუხო, მაგრამ წინასწარ მოგიბოდიშებ, თუ რომელიმე შეკითხვას ვერ მოვუძებნი პასუხს - შეიძლება ვერ შევძლო აზრის ისე გამოხატვა, რომ არ ვიყო აგრესიული. ისედაც ყელAში ამომივიდა ფეიკნიუსები, НОД-სა (Национально-освободительное движение) და იატაკქვეშა ფალსიფიკატორებსა თუ ლიბერალებთან ბრძოლა. ინტერნეტში წერენ შეურაცხმყოფელ და სასტიკ კომენტარებს, თითქოს მე ვავრცელებ არასწორ და უღირს განცხადებებს. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ შეუძლებელია გაჩუმება, მაგალითად, როცა მიმდინარეობს სასამართლო სხდომები "თეატრალურ საქმეზე", როდესაც მასხრად იგდებენ და აწამებენ კირილ სერებრენიკოვს (რუსი რეჟისორი, "გოგოლ-ცენტრის" სამხატვრო ხელმძღვანელი. რუსეთის ხელისუფლების გაკრიტიკების გამო 2017 წელს საქმე შეუთითხნეს, თითქოს დიდი თანხები მიითვისა და დააკავეს. რა თქმა უნდა, ეს მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება. საზოგადოებისა და ხელოვნების მოღვაწეთა აქტიურობის შემდეგ, სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალეს). მე მიმიღია მის ფილმებში მონაწილეობა, "გოგოლ-ცენტრის" თაყვანისმცემელი ვარ, კირილის მოსწავლეების სადიპლომო ნამუშევრებს ვესწრებოდი... ახლა ეს ახალგაზრდები თეატრის მსახიობები არიან. კირილი უკვე მეორე წელია შინაპატიმრობაშია, თეატრში კი ანშლაგით მიდის სპექტაკლები. არ ვიცი, ეს როგორ მოახერხეს მსახიობებმა და რეჟისორებმა, მაგრამ სერებრენიკოვის სპექტაკლი "ნურიევი" მოსკოვის დიდ თეატრში დადგეს - ეს უდიდესი წარმატება იყო. ასევე "გოგოლ-ცენტრში" დაიდგა ახალი სპექტაკლი "ბაროკო", გადაიღეს ფილმი "ზაფხულიც", რომლის ფინალი მალულად, ღამე დაასრულეს. ამ ფილმში მეც ვმონაწილეობ, პირველივე დაძახებაზე გავვარდი, რომ პატარა როლით ჩემი სიტყვა მეთქვა... იქ თავისუფლებაა, იმედი, სუფთა ჰაერი, ახალი სამყაროს ენერგია... აი, ასე გაგეცი პასუხი კითხვაზე, როგორ ვცხოვრობ დღეს. ვწუხვარ, რომ ჩემი სპექტაკლებით ვერ ჩამოვედი თბილისში - ჩვენი ჩამოყვანა ძვირი აღმოჩნდა ქართველი პროდიუსერებისთვის. ვიყავი ამერიკაში, ისრაელში, კანადაში. ჩავდივარ რუსეთის იმ ქალაქებშიც, სადაც თანახმა არიან მიიღონ სპექტაკლი ახეჯაკოვას მონაწილეობით.

- თქვენს კინოროლებზე ვისაუბროთ...

- ელდარ რიაზანოვის, ალექს გერმანის, კირილ სერებრენიკოვისა და სერგეი ლოზნიცას წყალობით, კინოთი უფრო გამიცნო მაყურებელმა, ვიდრე თეატრალური როლებით. ახალგაზრდობაში ბევრ რეჟისორთან მითამაშია, ხშირად მწირ ჰონორარზეც ვთანხმდებოდი, რადგან თეატრში ხელფასი კაპიკები იყო. ხშირად ვმონაწილეობდი სულელურ კონცერტებშიც, რომ თავი გამეტანა. მახსოვს, გასტროლზე ვიყავით ტაჯიკეთში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. ზუსტად იმ პერიოდში ავღანეთში საშინელი ამბები დაიწყო. ყველგან, სადაც ჩავდიოდით, კონცერტებს აუქმებდნენ, კარს რაზავდნენ, ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა. დილაა, ვწევართ ზამბარიან რკინის საწოლებზე დაცარიელებულ საომარ ნაწილში, ყველაფერი, რაც გვქონდა, შევჭამეთ და დავლიეთ. ფული აღარ გვაქვს, ხმას არავინ იღებს, სამარისებური სიჩუმეა და ამ დროს ერთმა მსახიობმა თქვა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გვაქვს აქედან სარგებელიო...

- თქვენ ელდარ რიაზანოვთან მეგობრობდით, როგორი იყო ის მუშაობისას? - სანამ ჩემს გონებაში რიაზანოვი ცოცხალია, მასზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი. სამწუხაროა, რომ თანდათან ვკარგავთ ძვირფას მეგობრებს... მას შემდეგ, რაც აღარ ვმონაწილეობდი მის ბოლო ფილმებში, ძალიან დავმეგობრდით. თავიდან იმედმა გაგვაერთიანა, როგორც ვიქტორ ცოის სიმღერაშია, "ცვლილებების კლიმატი" ვირწმუნეთ. თუმცა მალევე მივხვდით, რომ ჩვენი იმედი ფუჭია და ისევ წარსულისკენ მივექანებით, მე და რიაზანოვი კიდევ უფრო დავახლოვდით. მან მომაქცია თავის "რწმენაზე" და დღეს რომ პოლიტიკურ პროცესებს გულგრილად ვერ ვუყურებ, სწორედ მისი დამსახურებაა. ელდარს ულევი ენერგია ჰქონდა, უსაზღვროდ უყვარდა თავისი საქმე. გადასაღებ მოედანზე არაჩვეულებრივი იუმორითა და პროფესიონალიზმით კვებავდა"მსახიობებს და ცხოვრებას აზრს აძლევდა. ის არსი, რასაც თითოეულ კადრში დებდა, გასაგები იყო მსახიობებისთვის...

"გარაჟის" გადაღება მიმდინარეობდა - გუსკოვის ცოლის, სვეტლანა ნემოლიაევას ემოციურ სცენას ვიღებდით და მსახიობი ემზადებოდა. ჩვენს საქმეში არსებობს ე. წ. პროფესიული ცრემლი, მაგრამ ნამდვილი ცრემლიც არსებობს, გულიდან წამოსული, და ეს მსახიობის შინაგანი მდგომარეობითა და განცდით, ხშირად კი ნატანჯი სულით მიიღწევა... "კამერა!"- დაიძახეს და სვეტლანამ ზუსტად ეს მდგომარეობა "ჩართო", წამოუვიდა ცრემლები და ხმის კანკალით წარმოთქვა სიტყვები... უცებ დეკორაციის მიღმა ორი მამაკაცის საუბარი და სიცილი ისმის. მსახიობის ოსტატობით მოხიბლულმა და ეშხში შესულმა რიაზანოვმა დაიღრიალა, "რა ხდება, ვინ არიან ესენი..." და გავარდა მათ მოსაძებნად. მთელი დეკორაცია ჩამოშალა, პავილიონი სულ დალეწა. დარბოდა და ყვიროდა, დაგხოცავთო. იმ ღამეს სიცხე მისცა - 40 გრადუსი. მეორე დღეს მუშაობა ვერ შეძლო და გადაღება გადაიდო...

- ელდარ რიაზანოვი რომ დიდი რეჟისორი იყო, ეს ქართველმა მაყურებელმა კარგად იცის. მისი ფილმები ძალიან გვიყვარს და ჩვენს სინამდვილეში დღემდე აქტუალურია. თქვენი გმირის, მდივან ვეროჩკას ფრაზები ხომ ლამის ყოველდღე ისმის. მოდი, თქვენს ბავშვობაზეც ვისაუბროთ. როგორც ვიცი, სტალინს მისწერეთ წერილი? - ამის შესახებ მეკითხებიან ყველა ინტერვიუში. ჩემმა მასწავლებელმა მიბიძგა ამისკენ - მშობლები ტუბერკულოზით იყვნენ ავად. დედაც მსახიობი გახლდათ და ისე სუსტად იყო, სცენაზე პირიდან სისხლი სდიოდა... რა თქმა უნდა, ჩემი წერილი არ მისულა ადრესატამდე. ვიღაცამ რიგაში გაგზავნა, საწარმოში, სადაც ტუბერკულოზის წამალს ამზადებდნენ. ასე რომ, რიგელებმა გადამირჩინეს დედ-მამა. წერილში პირობას ვდებდი, რომ მხოლოდ ხუთებზე ვისწავლიდი. პირობა მართლაც შევასრულე, ოქროს მედალზე დავამთავრე სკოლა, მაგრამ სტალინისტი არ გავმხდარვარ...

- თქვენს ბოლო განცხადებაზე მინდა გკითხოთ, რომელიც სიცრუე აღმოჩნდა. არ გამოსულხართ ტელეარხ "დოჟდის" ეთერში? - მადლობა ღმერთს, რომ ახალი წლის ღამეს თბილისში ვიყავი, ძალიან მენატრებოდა ეს ქალაქი. ჩემი საყვარელი რეზო გაბრიაძის ნახვაც მინდოდა და მის თეატრში წასვლაც. სწორედ ახალი წლის ღამეს, რომელიღაც ინტერნეტსაიტზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ 31 დეკემბერს ტელეარხ "დოჟდის" ეთერიდან საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოვუბოდიშე რუსეთის პოლიტიკის გამო და თითქოს ბოდიში მოვიხადე, რომ რუსები ვართ. ეს საზიზღრობა ვიღაცამ ჩემი სახელით გაავრცელა, რა თქმა უნდა, ვიცი, ვინც არის, მაგრამ მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ. ლამის სამარე გამითხარეს, წერდნენ, ჯერ კიდევ ცოცხალია ეს ბებრუხანაო და მსგავს კომენტარებს... უფრო საშინელი კი ის არის, რომ ყველამ დაიჯერა და არავინ მიაქცია ყურადღება, ამის ვიდეოჩანაწერი რომ არ არსებობდა. ეკრანზე მხოლოდ ჩემი ფოტო ჩანდა და მიწერილი ჰქონდა ტექსტი...

იცით, ყველაზე მტკივნეული რა არის? მიუხედავად იმ დიდი სიყვარულისა, რომელსაც მაყურებლებისგან ვგრძნობ, ბევრმა კომენტარებში ისეთი ზიზღი გამოხატა, გავოცდი. ნუთუ ეს პატრიოტიზმის ასეთი გამოხატულებაა? სად ინახებოდა ეს ბოღმა, რომელ რეზერვში?

- თქვენი აზრით, რატომ იზიდავთ ხელოვან ადამიანებს პოლიტიკა? - ხელოვანებს პოლიტიკა არ იზიდავთ, პირიქით, მათ ეს შეურაცხყოფს, უარყოფს, აკნინებს, მაგრამ როდესაც ხელოვანი სცენიდან, ეკრანიდან მიმართავს ხალხს, ვალდებულია იმუშაოს იმ საკითხებზე, რომლებიც აღელვებს დარბაზსა თუ ტელევიზორებთან მსხდომ საზოგადოებას.

რეჟისორი ცდილობს ანტიკური პიესაც კი დღევანდელ მაყურებელს მოარგოს და გაატაროს ის ხაზი, რაც საზოგადოებას აღელვებს. ნახეთ, რიმას ტუმინასის (ვახტანგოვის სახ. თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი და შესანიშნავი რეჟისორი) "ოიდიპოსი" როგორ უსმენს დროს. ეს სპექტაკლი დღევანდელობაზეა, რომ ადამიანს შეიძლება ისეთი რამ დაატყდეს თავს, რასაც სამყაროს გახლეჩა შეუძლია. გავიხსენოთ ანდრეი ზვიაგინცევის ფილმი "ლევიათანი". ეს არ არის პოლიტიკა, ეს ნიჭიერი, დიდი პიროვნების ნამუშევარია. ის არ გაურბის კითხვებს, რომელზე პასუხებსაც გამბედაობა სჭირდება. და თუ შესანიშნავი რუსი რეჟისორი ანდრეი მოგუჩი ოსტროვსკის "ჭექა-ქუხილს" დგამს, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვერ აუტანია ბნელეთის მოციქულები, რომლებიც საზოგადოებაში გამეფებულან. იხოცებიან ადამიანები, იღუპება სიყვარული, სამყარო.... დამყაყებული ჰაერი, ველურობა ეპიდემიასავით მოსდებია ადამიანებს. ეს არის დიადი დრამატურგის წინასწარმეტყველება და დიდი რეჟისორის თემა - ბნელეთის მოციქულობა; როცა რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი დგამს პუშკინის "პატარა ტრაგედიებს", ის დეტალურად მუშაობს ტექსტზე, რათა მასში მარადიული აზრი და ის მეტაფორები აღმოაჩინოს, დღესაც რომ წინასწარმეტყველურად გაისმის:

"Царица грозная Чума

Теперь идёт на нас сама...

…......................................

Что делать нам и чем помочь?"

- რა უნდა ვქნათ და, არ უნდა გავჩუმდეთ! როგორც ალექსანდრ გალიჩი ამბობდა, "Очень просто попасть в палачи - промолчи, промолчи, промолчи".

- თქვენ არასდროს გაურბოდით რუსეთის ხელისუფლების კრიტიკას... - თქვენ გინდათ, რუსეთის ხელისუფლება გავაკრიტიკო და ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო იმის მიმართ, რაც ახლა რუსეთში ხდება და რაც რუს ერს ემართება?! მოდი, არ ვისაუბრებ ამაზე ქართველ ხალხთან, მშვენიერ და საყვარელ საქართველოსთან. ამაზე შინ უნდა ვილაპარაკო, იმ ქვეყანაში, სადაც მე ვარ სახალხო არტისტი და ამასთან "ნაცმოღალატე", "მეხუთე კოლონის" წარმომადგენელი. მიუხედავად ყველაფრისა, იმედი ისევ ბჟუტავს, რომ კულტურა განკურნავს და დაიცავს შეშლილ სამყაროს. თებერვალში მოსკოვის დრამატულ თეატრ "სოვრემენიკში" რეზო გაბრიაძის გასტროლია. ეს ძალიან მიხარია! ადგილები ცოტაა. რეზო, ჩემო ძვირფასო, ჯანმრთელად იყავი, დიდ წარმატებას გისურვებ, ვამაყობ შენით და იმით, რომ მრავალწლიანი მეგობრობა გვაერთიანებს. ჩვენ ვნახეთ ანიმაციური დოკუმენტური ფილმი "Знаешь мама, где я был", რომელიც რეზოს შვილმა, ლევან გაბრიაძემ გადაიღო და ისევ მომინდა საქართველოს ნახვა. ავტირდი, როდესაც ყმაწვილი რეზო სოფელში ბებოსთან მიდის და ამ დროს ქართული მრავალხმიანი განუმეორებელი მუსიკა ისმის...

თბილისში სტუმრად ვიყავი ჩვენს მშვენიერ ალექსანდრა ბურატაევასთან (ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, რომელიც ახლა თბილისში ცხოვრობს). სუფრას ვუსხედით და ახალგაზრდა მუსიკოსები ქართულ სიმღერებს მღეროდნენ... ისეთი სანახაობა იყო... საოცარია საქართველო. ხუთი დღე ჩვენმა ალექსანდრამ ნამდვილი ქართული მასპინძლობა გაგვიწია. ალბათ, ხვდებით, ჩვენ როგორ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული: დიდი სახელებით, საერთო ისტორიით, ჩვენი ერების ტრაგედიითა და დიდი კულტურით, რომელმაც მიუხედავად ტირანებისა და რუსული ტანკებისა, სიყვარული მაინც შეინარჩუნა. მაპატიეთ პათეტიკური სიტყვები, მაგრამ მათ უკან აღტაცება და მადლიერება იმალება.

ყოველთვის თქვენი ლია ახეჯაკოვა!

იხილეთ ასევე: რა მისწერა 10 წლის ლია ახეჯაკოვამ სტალინს? - საბჭოთა კინოლეგენდის ცხოვრება და სამი ქორწინება