"ამ ხატმა სასწაული მომივლინა, 7 წლის ეტლზე მიჯაჭვულს შვილი მაჩუქა" - კვირის პალიტრა

"ამ ხატმა სასწაული მომივლინა, 7 წლის ეტლზე მიჯაჭვულს შვილი მაჩუქა"

წმინდა დედოფლის ხატი საფრანგეთიდან 300 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა

"თითქმის არავინ იცის, რომ წმინდა დედოფალ ქეთევანის ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ის სიკვდილამდე ლოცულობდა საქართველოში, 300 წლის შემდეგ ქართველმა დედა-შვილმა, ნანა მიროტაძემ და ოლღა ხარშილაძემ, დააბრუნეს. ეს ის ხატია, რომელიც დედოფალს ტყვეობაში ახლდა და წარმოუდგენელ ტკივილს ათმენინებდა და აძლებინებდა. დღეს ხატი დედაქალაქის პატარა ეკლესიაში, ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძარში ბრძანდება. გვინდა, რომ ეს მთელმა ქვეყანამ იცოდეს.

თამარ გიგაშვილი".

ქალბატონი თამარის ამ გზავნილს ჩვენ სიამოვნებით მივყევით და ეს საოცარი ისტორიაც აღმოვაჩინეთ.

ოლღა ხარშილაძე: "ჩემი ისტორიაც ზუსტად ისეთია, როგორიც სხვა ქართველი ქალებისა, რომლებიც უსაშველობის გამო წავიდნენ უცხოეთში. რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი ქალიშვილიც ჩემს კვალს წამოჰყვა. ინგლისში გახლდით, როდესაც მან საფრანგეთიდან ღვთისმშობლის ხატის ქსეროასლი გადმომიგზავნა და მითხრა, ეს ხატი აქ ერთ ფრანგულ ოჯახში ვნახე. დიასახლისს ბარბარა ჰქვია, მან ხატი დიდი მოწიწებით მაჩვენა და მითხრა, ხომ არ იცი, მისი წარმოშობის შესახებ, მან მე სასწაული მომივლინა, 7 წლის ეტლზე მიჯაჭვულს შვილი მაჩუქაო, ხატს რუსულად აწერია, რომ ქართულიაო. მალე საქართველოში წავედი და მამა გიორგის (რაზმაძეს) ვაჩვენე ქსეროასლი. რომ დახედა, სახე გაუბრწყინდა. სად ბრძანდება ამჟამადო, მკითხა.

თავდაპირველად ხატი საფრანგეთში მცხოვრებ ავსტრალიელი დიდგვაროვნის ოჯახში ბრძანებულა, სადაც ბარბარას დიდი ბებია მუშაობდა. არავინ იცის, რატომ, მაგრამ დიდგვაროვანმა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ხატი ბარბარას დიდ ბებიას აჩუქა, შემდეგ კი მან ბარბარას გადასცა. ღმერთმა ინება და ამ ოჯახში ჩემი შვილი აღმოჩნდა. ბარბარამ ჩემს ქალიშვილს უთხრა: ამ ხატს თავიდან ისე ვუყურებდი, თითქოს მხოლოდ ხელოვნების ნიმუში იყო, რომელსაც გავყიდდი და ფულს ავიღებდი, ამიტომაც რესტავრაცია გავაკეთებინე, რაშიც დიდი ფული გადავიხადე, მაგრამ მან მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა, ეტლზე მიჯაჭვულს შვილი მომცა. ხატი თუ ქართულია, სამშობლოში დააბრუნეო.

ხატის ქართული წარმომავლობის დასადასტურებლად მამა გიორგი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ბარბარასა და მის მეუღლეს შეხვდა. მათ კი მოძღვარი იმ რესტავრატორთან მიიყვანეს, ვინც ხატი აღადგინა. სწორედ მისი დახმარებით დადგინდა, რომ ეს ღვთისმშობლის ხატი იყო, რომელიც სპარსეთში ქეთევან დედოფალს ახლდა და აღსასრულამდე წარმოუდგენელ ტკივილს ათმენინებდა. სხვათა შორის, ღვთისმშობლის ხატმა რესტავრატორსაც მოუვლინა სასწაული - მასაც 7 წლის უშვილობის შემდეგ მისცა შვილი. რაც შეეხება რუსულ წარწერას, გაირკვა, რომ ის რუს ვაჭარს ეკუთვნოდა, თუმცა მას შემდეგ ბევრი იმოგზაურა, სანამ საქართველოში არ მობრძანდა".

ტაძარში მისულს მამა გიორგიმ ეს ისტორია დამიდასტურა. უფლის ნებას წინ ვერაფერი გადაუდგება, ისევე ნახავს გზას, როგორც ეს ხატი, რომელიც 300 წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში.