"სახლის ჩამონგრევის შიშით ვცხოვრობთ" - კვირის პალიტრა

"სახლის ჩამონგრევის შიშით ვცხოვრობთ"

"გამაგრებაში დაგეხმარებით, თუ დაფინანსებაში თქვენც მიიღებთ მონაწილეობასო. რაც უნდა უწამლო 100 წლის ავადმყოფს, სიცოცხლეს გაუხანგრძლივებ? ისე არ ეშველება ჩვენს სახლსაც არაფერი. მხოლოდ ფული გადაიყრება წყალში"

"70 წელს გადაშორებულ კაცს ჭერი თავზე მენგრევა: ჩუღურეთის ძველ უბანში ვცხოვრობ, ისეთში, სადაც მოსახლეობას უფლება არ გააჩნია, მშენებელი ინვესტორი მოიძიოს და საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესოს. დედაქალაქში რამდენიმე ასეთი უბანია, რომელზეც სახელმწიფოს ტაბუ აქვს დადებული. არადა, ყოველი დღე დაბზარული სახლის ჩამონგრევის შიშში გადის! საშუალება მოგვცენ, რომ ჩვენს თავს თავად მივხედოთ, წლებია კაბინეტიდან კაბინეტებში დავდივართ, მაგრამ...

Dდიმიტრი ზაქრაძე"

გზავნილი, რომელსაც ხელს ბატონი დიმიტრისთან ერთად არაერთი ჩუღურეთელი აწერდა, ყურადღებით წავიკითხეთ და დავინტერესდით. ბატონი Dდიმიტრი უშველებელი ჩანთით გვეწვია რედაქციაში, რომელშიც Dუბნის დაფხავებული სახლების დოკუმენტაცია და სახელმწიფო დადგენილებები ეწყო.

დიმიტრი ზაქრაძე: - როგორც მშენებელს მრავალი სახლი ამიშენებია, ამიტომ ეზოში შემომიჩნდნენ, ამხანაგობის თავმჯდომარე იყავი, იქნებ ხელისუფლებას ჩვენი სამშენებლო პრობლემები უკეთ დაუხატოო. მეც დავთანხმდი, - ჩვენი სახლები, ალბათ, სასწაულის წყალობით დგას, ზოგიერთის ბზარებში მუშტი შეეტევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრობლემა არც ერთ ხელისუფლებას არ ადარდებს, მეზობლებს ვუთხარი, თუ მხარს ამიბამთ, ეგებ ინვესტორის მოძიების უფლება მოვიპოვოთ, მერე კი მცირესართულებიანი კორპუსის აგების ნებართვაც მივიღოთ-მეთქი, მაგრამ არაფერი გამომივიდა - წლებია დოკუმენტაციით გატენილი ჩანთით ფოსტალიონივით დავრბივარ, მაგრამ ამაოდ. არადა, რას ვითხოვთ: ჩვენს თავს თავად მივხედავთ! უბრალოდ, ნება დაგვრთეთ-მეთქი... ამასობაში თბილისი მახინჯი კორპუსებით ივსება.

ამ საქმისადმი სახელმწიფო მოხელეების დამოკიდებულებას რომ ვუყურებთ, ვრწმუნდებით, რომ ეს ხალხი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მშენებლობის ნებართვას ვერ გავცემთ, რეგულაციები არ გვაძლევს უფლებასო.

ეს რეგულაციები იმიტომ შექმნეს, რომ მოსახლეობას მუდმივ შიშსა და გაჭირვებაში ეცხოვრა? ჩვენ ხომ წასასვლელი არსად გვაქვს!

გასაგებია, რომ სახელმწიფოს უნდა ამ უბნებით დიდი ფული მოიგოს, მაგრამ არც ფული ჩანს, არც უცხოელი ინვესტორები.

- სანაცვლოდ რას გთავაზობენ, ვისაც სახლი გენგრევათ? - გამაგრებაში დაგეხმარებით, თუ დაფინანსებაში თქვენც მიიღებთ მონაწილეობასო. რაც უნდა უწამლო 100 წლის ავადმყოფს, სიცოცხლეს გაუხანგრძლივებ? ისე არ ეშველება ჩვენს სახლსაც არაფერი. მხოლოდ ფული გადაიყრება წყალში - გვითხრა ბატონმა დიმიტრიმ და კვლავ გვთხოვა, მათი საწუხარი გაგვეხმაურებინა.

ჩვენ თბილისის მერიის პრესასთან ურთიერთობის კოორდინატორს, ქართლოს თეთრაძეს დავუკავშირდით: "მობინადრეებს შეუძლიათ ინვესტორის მოძიება, ეს კანონით დაშვებულია, თუმცა მშენებლობის შესახებ რეგულაციები ზოგიერთ უბანში მართლაც მოქმედებს და მათი დარღვევა იკრძალება. ამ კონკრეტულ პრობლემაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური კიდევ ერთხელ მოუსმენს მობინადრეებს და საქმეს განიხილავს. იმედია, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ".