"მთაში ხალხი მარტოობით, ხოლო ბარში უსაქმურობითა და უსახსრობით დაავადდა" - 91 წლის შოთა ბაბუს ჯანმრთელობის საიდუმლო - კვირის პალიტრა

"მთაში ხალხი მარტოობით, ხოლო ბარში უსაქმურობითა და უსახსრობით დაავადდა" - 91 წლის შოთა ბაბუს ჯანმრთელობის საიდუმლო

"ჩემი უსაყვარლესი ადამიანი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა და დამიბარა, შენ აუცილებლად უნდა იცოცხლო, შვილებს სჭირდებიო. ჰოდა, მეც ვცოცხლობ"

არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმდენად გაგაოცებენ, რომ შეხვედრის შემდეგ კიდევ დიდხანს ფიქრობ მათზე. 91 წლის შოთა მელაშვილმაც ასე გამაოცა - მოღიმარი და ჯანმრთელი ადამიანი ბევრ ისეთ თემაზე მესაუბრა, ყველამ რომ უნდა იცოდეს. უსათვალოდ რომ ჩაიკითხა რაღაცები, გაოგნებული შევყურებდი. ვუთხარი, რა არის თქვენი ჯანმრთელობის საიდუმლო-მეთქი, გამიღიმა და მითხრა, თქვენ წარმოიდგინეთ, მაგ საქმეში, შრომასთან ერთად, თქვენს "კვირის პალიტრასაც" აქვს წვლილი, ორშაბათობით მოუთმენლად მოველი და მთელი კვირა წამალივით ვიზოგავ საკითხავადო. მერე კი ხელები მაჩვენა, ასე იმიტომ ვარ, რომ ეს ხელები უშრომლად არასოდეს ყოფილან, ბავშვობიდანვე ადამიანმა სულ უნდა იფუსფუსოსო.

- ადამიანს შრომა რომ აცოცხლებს და ეს ვიცი, იმიტომაც მეწვება თვალები, ქუჩებში უსაქმურად გაჩერებულ ახალგაზრდობას რომ ვხედავ. ალბათ, უგუნური კაცი შემომედავება, კი მაგრამ, სად იშრომონ, სამუშაო რომ არ არისო, მაგრამ არც ასეა საქმე, ვისაც ბავშვობიდან აჩვევენ შრომას, ის უსაქმურად ვერასოდეს გაჩერდება.

ამიტომაც არის, რომ მეც ვერ ვჩერდები.

შრომას რაჭაში შევეჩვიე, ჩემს სოფელ წესში, სადაც ხალხს ტყეებში ჰქონდა ყანები, ოღონდაც მოსავალი აეღოთ. ამიტომაც იყო, რომ შემოსავალიც ჰქონდათ და არც ამდენი დარდი ჭამდათ, დღეს სტრესს რომ ეძახიან.

ახლა ყანები და პლანტაციები მხოლოდ რაჭაში კი არა, მთელ ქვეყანაში გაქრა. მთაში ხალხი მარტოობით, ხოლო ბარში უსაქმურობითა და უსახსრობით დაავადდა. რაჭაში მე და ჩემი შვილები ყოველ წელიწადს დავდივართ და იქ შემოსეული დათვების გამო სოფლის დარდი მომყვება ხოლმე.

17 წლისამ პედაგოგიური სასწავლებელი რომ დავამთავრე, ქვემო სვანეთში გამანაწილეს პედაგოგად და იქ გაძლება იმიტომ მიჭირდა, რომ პედაგოგობის გარდა, საქმე არ მქონდა. სადაც ვიყავი ბინაში, პატრონებს ვეხვეწებოდი, რასაც ოჯახში აკეთებთ, ის მეც გამაკეთებინეთ, თორემ უშრომლად ვერ გავჩერდები-მეთქი.

მერე ეკონომიკური განათლება მივიღე და ხულოში წავედი სამუშაოდ. იქიდან საოცარი განცდა წამომყვა - აჭარლები ისედაც ხომ მოსიყვარულე ხალხია, თან შრომის უნარი აქვთ გამორჩეული. ამბობენ, თურქობაში უსამშობლოდ და უპატრონოდ რომ ვიყავით, იმიტომაც მივეჯაჭვეთ მიწას და ვშრომობთო. სადაც ცხოვრობენ, მიწის ერთი გოჯიც არა აქვთ დაუმუშავებელი.

ხულოდან ისევ საქმემ წამომიყვანა დედაქალაქში. აქაც არ გავჩერებულვარ უსაქმურად, ან რა გამაჩერებდა. ქვეყანა რომ დაიქცა და დაინგრა, მე და ჩემი ცოლი კუმისში წავედით, იქ ჩვეულებრივი საბჭოთა მშრომელის აგარაკი გვქონდა, მაგრამ ძროხებიც გვყავდა, ღორებიც და ქათმებიც.

ჩვენი შრომით მდიდარ გლეხებად ვიქეცით. ეგ არის, რომ ბედისწერას ვერსად გაექცევი, ჩემს მეუღლეს ინსულტი დაემართა და იძულებული ვიყავი, თბილისში დავბრუნებულიყავი. მას 2013 წლამდე ვუვლიდი, წამით არ შევჩერებულვარ, ოღონდ ეცოცხლა. ჩემი უსაყვარლესი ადამიანი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა და დამიბარა, შენ აუცილებლად უნდა იცოცხლო, შვილებს სჭირდებიო. ჰოდა, მეც ვცოცხლობ.

ყველაზე რთულ მომენტშიც კი ადამიანს სასიცოცხლო ძალა აქვს. მეც მემუარები დავწერე. მინდა, რომ შვილთაშვილებმა წაიკითხონ და გაძლება ისწავლონ. უმცროსი შვილიშვილი 20 წლის მყავს. ვუთხარი, პირველმა შენ უნდა წაიკითხო, ცხოვრების გზაზე ხარ გასასვლელი-მეთქი.

- რა გითხრათ? - აუცილებლად წაიკითხავს, მაგრამ ახალგაზრდა თაობას რომ ვუყურებ, ძალიან მაფიქრებს - მათ წიგნებს კომპიუტერები ურჩევნიათ. კომპიუტერს ბევრი რამ აქვს კარგი, მაგრამ ბევრი დამღუპველიც. წიგნის კითხვისას მისი თანამონაწილე ხდები, ფიქრობ, იგონებ, კომპიუტერი კი ისე იოლად აკეთებს ყველაფერს, რომ ტვინი ჩერდება.

აი, კიდევ ამიტომაც მიყვარს "კვირის პალიტრა", რომ ის გაზეთთან ერთად ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად წიგნებს ბეჭდავს. ამ წიგნებსაც ვყიდულობ გაზეთთან ერთად. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა წიგნი იმდენად ლამაზია, რომ ბავშვივით მაოცებს. რაც მთავარია, მათ ჩემს შვილთაშვილებს ვჩუქნი, თან ისეთ წარწერებს ვუკეთებ, რომ დაფიქრდნენ და ისწავლონ არა მხოლოდ კომპიუტერით, არამედ უმთავრესად წიგნით.

მაგალითად, ჩემს სპეციალობას, ეკონომიკას, მხოლოდ კომპიუტერით ვერასოდეს ისწავლი. აAრადა, ეკონომიკაში გვიჭირს ყველაზე მეტად. ეEკონომიკა რომ არა გვაქვს, იმიტომ გადავიქეცით მწარმოებლიდან მომხმარებელ ქვეყნად. ახლა ვერ გაიგებს, მაგრამ როცა გაიგებს და ჩაუღრმავდება, კარგად მიხვდება, რას მოითხოვდა მისგან მისი წინაპარი.

- მაოცებთ, თქვენი ასაკის კაცი როგორ ზრუნავთ შვილიშვილებზე. - ახალგაზრდობა ადამიანს ასაკში თუ არ უყვარს, წასულია მისი საქმე. მახსოვს, როცა ყველაზე ძალიან მიჭირდა, მეუღლე გარდამეცვალა, მის ნეშტთან ვიდექი და ჩემმა ძმის შვილიშვილმა მშვენიერი გოგონა მომიყვანა სამძიმრის სათქმელად, თან გამაცნო, ჩემი საცოლეაო. უმშვენიერესი გოგო იყო, მოგვეწონა ერთმანეთი. ძმის შვილიშვილს ვუთხარი, უკეთესს ვერც ვინატრებ-მეთქი, საპატარძლოსაც მოვეწონე, რა კარგი ბაბუ გყოლიათო. ყველაფერი რომ ჩამთავრდა, ჩემს ვაჟს ვუთხარი, შენ თუ მოგეწონა ჩვენი სარძლო-მეთქი, საუკეთესო გოგოაო. მაშინ ჩემს ბინაში უნდა გადავიყვანო ორივე, მე მარტო ვცხოვრობ და ამ ჩვენს ბიჭს კი ბინა არა აქვს-მეთქი. გადამეხვია, საუკეთესო მამა მყავხარო. ჩემთან სამი წელიწადი ცხოვრობდნენ, გამრავლდნენ, გაიხარეს და მერე გადავიდნენ გაფართოებულ ბინაში. მე კი რაც შემეძლო, ვეხმარებოდი და ვხარობდი. ეს არის ცხოვრება და სიყვარული.

სიყვარული მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენს ვაჟებსაც ვასწავლეთ. საუკეთესო ვაჟები მყავს. ისეთი, ნებისმიერი მამა რომ ინატრებს. სხვათა შორის, "კვირის პალიტრაში" მშობლისა და შვილის კონფლიქტზეც არაერთი სტატია წამიკითხავს და გული მტკენია. მგონი, შეცდომა აღზრდაშია, შვილს რომ სიყვარულს ასწავლი, მერე შენც ეყვარები.

- სრულიად გეთანხმებით და ყურადღებით გისმენთ. - მეც მიხარია, რომ მისმენთ. ბევრ რამეზე მაფიქრებს ცხოვრება და ამის გაზიარება მინდა. მაგალითად, ის მაკვირვებს, რომ ძალიან ნიჭიერი ერი ვართ და პოლიტიკა ვერაფრით ვისწავლეთ.

რასაც მე თქვენს გაზეთში ვკითხულობ ან ამ ქვეყანას ვუყურებ, ჩვენ პოლიტიკის ინჩიბინჩი არ გაგვეგება. რომ გაგვეგებოდეს, მაშინ ხელისუფლებას ენდომება, რომ ოპოზიცია ჰყავდეს. სააკაშვილის ხელისუფლებას რომ ოპოზიცია ჰყოლოდა, ცამდე აიყვანდა ქვეყანას. ოპოზიცია დღევანდელ ხელისუფლებასაც არ უნდა, იმის ნაცვლად, რომ შეცდომები ოპოზიციის კრიტიკით დაინახოს და გამოასწოროს. ასე არაფერი გამოვა..

- ესეც მინდა გკითხოთ, უამრავი წიგნი და ალბომი გიდევთ მაგიდაზე. კითხულობთ, ხომ? - რა თქმა უნდა. კითხვა ყოველთვის მიყვარდა და ახლაც მიყვარს. ალბომები "კვირის პალიტრის" იმ სტატიებიდან არის შედგენილი, რაც სამედიცინო გვერდებიდან ამოვჭერი. ასეთი სულ სამი ალბომი მაქვს. იცით, რატომ? ამ გვერდის რჩევები მრავალჯერ გამომიყენებია და მუდამ კმაყოფილი დავრჩენილვარ. არა მხოლოდ მე, ახლობლებისთვისაც მირჩევია და მადლობა უთქვამთ. ასე ნელ-ნელა მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს ცოდნა შემეკრიბა, ვინ იცის, ვის როდის გამოადგება. აქ პროფესიონალების სამედიცინო ცოდნაა ჩაქსოვილი.

- ანუ თქვენებური სამი "კომპიუტერი" შექმენით "კვირის პალიტრის" სამედიცინო მასალით, თანაც მარტივად მოსაძებნი, სარჩევიც კი გაგიკეთებიათ, რომელი სტატია ალბომის რომელ გვერდზეა. - საქმის გამარტივება წარმატების საფუძველი ყოველთვის იყო და იქნება. მე ეს ცხოვრებამ მასწავლა. არც ერთ სფეროში არ მიშრომია ისე, რომ ჩემი მუშაობის შედეგი და ცოდნა ვინმესთვის გაუგებარი ყოფილიყო. ვფიქრობ, ყველა კარგი საქმე ასე კეთდება: რასაც აკეთებ, გასაგები, ადვილი და ზომიერი უნდა იყოს. დაახლოებით ისე, როგორც "კვირის პალიტრაშია", რომელიც მე ძალიან მომწონს. ყველანი მიყვარხართ.