სახიფათო სამარხები - კვირის პალიტრა

სახიფათო სამარხები

"თბილისში სად რა საკანალიზაციო სისტემა გადიოდა, რა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ამის შესახებ ინფორმაცია დიდწილად დაკარგულია"

საქართველოში მრავლად არის რადიაციული ნარჩენების, ქიმიური ნივთიერებებისა და დაცემული ცხოველების სამარხები. ადრე ეს სახიფათო ზონები სპეციალურ რუკებზე იყო დატანილი. სად არის დღეს ისინი? - ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. პრობლემაა ისიც, რომ ასეთი ადგილების აღრიცხვა აღარ მიმდინარეობს. ხომ შეიძლება ერთ დღეს რომელიმე ასეთ ზონაში საკარმიდამო ნაკვეთი ვიყიდოთ, ან მასზე წამოჭიმულ კორპუსში დავსახლდეთ. გვესაუბრება "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" წევრი ნინო ჩხობაძე.

- კომუნისტების დროს რუკებზე დეტალურად აღინიშნებოდა, თუ სად იყო რაიმე დაავადებისგან დაცემული პირუტყვის სამარხი. მათ ჯერ დაავადების მიხედვით სპეციალური ხსნარებით ამუშავებდნენ, წვავდნენ და მერე მარხავდნენ...

ჯილეხის, ციმბირული წყლულის თუ თურქულგადატანილი ცხოველების სამარხები ცალ-ცალკე იყო. როცა ეპიდემია იწყებოდა, პირუტყვს ცრიდნენ და დაავადებული საქონლისგან აცალკევებდნენ, დაცემული პირუტყვი კი აღირიცხებოდა.

დღეს დაცემულ საქონელს ან მდინარეში აგდებენ, ან იქ მარხავენ, სადაც უხერხდებათ. ამის გამო შესაძლებელია რომელიმე დაავადება გავრცელდეს...

- ხომ შეიძლება, ასეთ ადგილას ნაკვეთი შევიძინოთ, რომლის ეზოშიც ინფექციის კერაა. - ეს კიდევ ცალკე თემაა. ადრე სამარხებად საგანგებოდ არჩევდნენ ადგილებს. მაგალითად, იქ, სადაც საძოვარი იყო, საქონელს არ მარხავდნენ, რადგან შეიძლებოდა ცოცხალ საქონელზე დაავადება გადასულიყო. ეს დიდი საფრთხეა - უსისტემოდ დამარხული დაავადებული საქონლისგან ინფექცია შეიძლება ბალახიდან გადავიდეს და პირუტყვი ისევ დაავადდეს. არც წყლის, მდინარის, წყაროს ახლო ტერიტორიის გამოყენება შეიძლება სამარხად. თბილისის გარშემო ბევრი სოფელი მისდევდა მეცხოველეობას. იქაც იყო სამარხები, თანაც ჯილეხიანი, ტუბერკულოზიანი საქონლის, ინფექცია კი მიწასა თუ ბალახში 100-150 წელი მაინც ცოცხლობს.

- ეს მონაცემები რუკაზე როდემდე აღირიცხებოდა?

- სსრკ-ის დაშლამდე, სანამ არსებობდა ვეტერინარული სამსახური. იმპერიის დაშლის შემდეგ, კიდევ ცოტა ხანს იმუშავეს, მერე გაუქმდა, ახლა კი გვაქვს სურსათის უვნებლობის სამსახური, სადაც ვეტერინართა პატარა ჯგუფი მუშაობს.

- ძველი რუკების მოძიება შესაძლებელია? - როცა შემოვლითი რკინიგზა გაჰყავდათ, მოვითხოვეთ ვეტერინარიისა და სანიტარიის რუკების მოძიება, რომლებზეც დატანილი იყო სამარხები. ნაწილი მოიძიეს, ახალი კერების შესახებ კი არაფერი ვიცით, არადა, უსაფრთხოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- დეველოპერებს არ აინტერესებთ, როგორ ადგილს ყიდულობენ მშენებლობისთვის? - ადრე მკაცრად კონტროლდებოდა, თუ როგორ ტერიტორიას ყიდულობდი და რისთვის. დღეს ეს არავის აინტერესებს.

- სამარხების გარდა, კიდევ რა აღირიცხებოდა? - ვეტერინარიის სამსახურს თავისი რუკა ჰქონდა, სანიტარიისას - თავისი, რომელზეც ზოგ შემთხვევაში რადიაციული სამარხებიც იყო დატანილი და ქიმიურიც. მაგალითად, ქლორის, რომელსაც ხშირად იყენებდა წყალმომარაგების სისტემა. "დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში ერთ-ერთმა ორგანიზაციამ მოიძია და რუკაზე დაიტანა ეს ინფორმაცია. ზოგიერთი რუკა არ არის საჯარო, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და საფრთხის მატარებელია. მაგალითად, ლენტეხში, სოფელ ცანაში ვიცოდით, რომ დარიშხანის მარაგის ნარჩენი იყო შენახული, ერთ დღეს სამარხი გახსნეს, დარიშხანი რკინის ავზებიდან ამოყარეს, ავზები კი წაიღეს.

- მერე რა მოჰყვა ამას? - სპეციალური სამუშაოები ჩავატარეთ მის გასაუვნებლად.

იყო შემთხვევები, როცა ხალხმა კონტეინერები დააზიანა, რომლებშიც რადიაციული ნარჩენები ინახებოდა. ნარჩენები გადმოყარეს, კონტეინერები კი ჯართში ჩააბარეს.

გამაფრთხილებელი ნიშნების მნიშვნელობა, რომლებიც კონტეინერებზეა დატანილი, ბევრისთვის უცნობია.

- ადამიანების დაავადებული, ამპუტირებული ორგანოები სად მიაქვთ? - ასეთი ორგანოები აღარ იმარხება, წვავენ. ადრე სპეციალური ორმოები არსებობდა... ერთხანს ყველა ნაგავსაყრელს ჰქონდა ცხოველური ნარჩენების განთავსების ადგილი, ბეიკერის ორმოდ წოდებული, რომელიც სპეციალური ხსნარებით მუშავდებოდა. ბეიკერის ორმოები ზოოპარკშიც იყო. მიჰქონდათ დაცემული, მაგრამ არადაავადებული საქონელი, სხვა შინაური ცხოველი და იქ მარხავდნენ.

როცა ვამბობთ, რომ ძველი ნაგავსაყრელები უნდა დაიხუროს, დახურვასაც თავისი წესი აქვს. ძველ ნაგავსაყრელზე რაიმე ნაგებობის აშენება არ შეიძლება.

- სასაფლაოებზეც ვისაუბროთ... - თბილისის მერიაში რამდენიმე წლის წინ სასაფლაოებთან დაკავშირებული წესები მიიღეს, მაგრამ არავინ ემორჩილება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასაფლაო დასახლებული პუნქტიდან მოცილებული უნდა იყოს.

- არადა, ზოგი სახლი სასაფლაოსთან იმდენად ახლოა, ფანჯრიდან საფლავის ქვაზე ამოკვეთილი ეპიტაფიის წაკითხვა შეიძლება. - საცხოვრებელი ნაგებობა სასაფლაოსგან მინიმუმ 500 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული. იცით, როცა პირამიდები გახსნეს, ძალიან ბევრი ექსპედიცია დაავადდა გვამის შხამით.

- სკვერებად რომ იყენებენ ყოფილ სასაფლაოებს? - ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს, რომ ასეთ ადგილას სკვერი გაშენდეს, მხოლოდ სკვერი და არა საცხოვრებელი სახლი. ასეთი ადგილების შესახებ ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

გეოინფორმაციული სისტემების რუკები სწორედ ამისთვის არის საჭირო. ის იძლევა ინფორმაციას, თუ რა არის არა მარტო მიწის ზედაპირზე, არამედ მიწის ქვეშაც.

თბილისში სად რა საკანალიზაციო სისტემა გადიოდა, რა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ამის შესახებ ინფორმაცია დიდწილად დაკარგულია. ვერეს ხეობის ადიდების დროს, როდესაც ვარაზისხევის სათავესთან მივედით, ზედ სახლი აღმოვაჩინეთ წამოჭიმული. სარდაფში წყალი მოდიოდა. ყველა მდინარე, რაც ჩვენს ქალაქშია, თუ ადიდდა, საფრთხის შემცველია და ვერეს ტრაგედიამ ეს კარგად გვაჩვენა. ნებართვების უსისტემოდ გაცემამ დიდი პრობლემა შეუქმნა ქალაქს.