როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება? - კვირის პალიტრა

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება?

ზოგიერთ ფრინველს ახსოვს, თვეების წინ სად შეინახა ზამთრისთვის მოგროვილი სარჩო, ციყვებს - სად გადამალეს თხილი, ჩვენ კი ზოგჯერ ისიც კი გვავიწყდება, ერთი საათის წინ სად დავდეთ გასაღები. ზოგისთვის ადვილია ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, ზოგს კი ხშირი გამეორება უწევს. მაგალითად, ბავშვის ტვინი ღრუბელივითაა, ყველანაირ ინფორმაციას იწოვს და ასე გრძელდება 25 წლამდე.

არსებობს რამდენიმე ტიპის, მათ შორის: სენსორული, მოკლევადიანი და გრძელვადიანი მეხსიერება. სენსორულის შემთხვევაში ტვინი ინფორმაციას იღებს შეგრძნებებით - ყნოსვით, მხედველობით, შეხებით... მოკლევადიანი მეხსიერება ცოტა ხნით ინახავს ინფორმაციას. ალბათ, ყველას დაგვიმახსოვრებია მოკლე ხანში ზღვა მასალა გამოცდისთვის, რომელიც შემდგომში გამქრალა გონებიდან. თუმცა არსებობს ცოდნა, რომელიც არასდროს გვავიწყდება. ეს იმიტომ, რომ ტვინი თავად ახარისხებს, რა შეინახოს დიდხანს და რა ხნით...

გამოყოფენ მეხსიერების სამ ძირითად პროცესს: ინფორმაციის რეგისტრაცია, შენახვა და აღდგენა. ჩვენი ტვინი შიფრავს და არეგისტრირებს მიღებულ ინფორმაციას. ამის შემდეგ შეიძლება ამ ინფორმაციის შენახვა. სპეციალისტები ერთმანეთისგან განასხვავებენ განზრახ და უნებლიე აღდგენას. პირველ შემთხვევაში ადამიანი რაღაცას მიზანმიმართულად იხსენებს და ამას მოგონებას უწოდებენ... ჩვეულებრივ, მეხსიერების პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა ამ სამი ეტაპიდან რომელიმე ირღვევა.

მეხსიერებას ასუსტებს სტრესი, გადაღლა, თავის ტრავმა, ზოგიერთი წამალი და მუდმივი დიეტა. როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება? ეს ის კითხვაა, რომელიც ახალგაზრდა თაობასაც უჩნდება. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს.

გონების ვარჯიში

არაფერი ისე არ აუმჯობესებს მეხსიერებას, როგორც ახალი ინფორმაციის დამახსოვრება. ყოველ საღამოს ისწავლეთ რაიმე ახალი გამოთქმა, ლექსი ან აფორიზმი... ყველაზე კარგია მნიშვნელოვანი ინფორმაცია დილის 7-დან 10-მდე ან საღამოს 17-დან 20 საათამდე მიიღოთ. დროის ამ მონაკვეთებში ტვინი ყველაზე აქტიურია. ნუ დასჯერდებით ტელევიზორისა და სერიალების ყურებას. კროსვორდების ამოხსნა, გონებაში დათვლა, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა, უცხო ენების შესწავლა - ამ მეთოდების გამოყენებით შეგვიძლია გონებას სამუშაო არ მოვაკლოთ.

ხშირად გავიწყდებათ მნიშვნელოვანი ნივთების ყიდვა? ყოველ საღამოს შეადგინეთ მეორე დღეს საყიდელი ნივთების სია. დილით წაიკითხეთ და შეინახეთ, მის გარეშე წადით მაღაზიაში და სცადეთ გაიხსენოთ ყველაფერი, რაც სიაში გეწერათ.

ფიზიკური აქტივობა

სიარული, სირბილი, ცეკვა, სპორტი - ყველაფერი ის, რაც სხეულს ავარჯიშებს, ტვინსაც უხდება. ვარჯიში ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდებას და უფრო მეტის დამახსოვრებას (წარმოიქმნება ახალი უჯრედები). ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მედიტაცია, იოგა და ა.შ. ხელს უწყობს კონცენტრაციას.

ძილი და სწორი კვება

უნდა გეძინოთ არანაკლებ 8 საათი - სრულყოფილი დასვენება ტვინისთვის მნიშვნელოვანია. ადამიანები, რომლებიც ახერხებენ გამოძინებას, უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ძილის დროს გაცილებით მეტი გამაახალგაზრდავებელი ჰორმონი გამოიყოფა. გამოძინებული ორგანიზმი 2-ჯერ მეტს იმახსოვრებს. რაც შეეხება კვებას, ტვინის უჯრედებისთვის აუცილებელია ვიტამინები, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი და თუთია.

თვალების ვარჯიში

თუ ყოველ დილით თვალებს 30 წამის განმავლობაში ამოძრავებთ (მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით...), მეხსიერება 10%-ით გაგიუმჯობესდებათ. როგორც მეცნიერები ხსნიან, ეს მიიღწევა იმით, რომ ამ დროს ტვინის ორივე ნახევარსფერო ჰარმონიულად მუშაობს.

ჩასწვდით საკითხის არსს

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ცუდი მეხსიერება ხშირად უყურადღებობის ბრალია. თუ კონკრეტული საკითხით დაინტერესდებით, ეს მეხსიერებაში ჩაიბეჭდება. თუ რაიმე კარგად არ გვესმის, ნაკლებად გვამახსოვრდება. ჯერ უნდა ჩავწვდეთ საკითხის არსს და მერე სხვადასხვა ინფორმაციის ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირება აღარ გაგვიჭირდება. ეს მეთოდი განსაკუთრებით შედეგიანია უცხო ენების შესწავლის დროს.

ხმამაღლა გამეორება

ხმამაღლა გამეორება ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებაში გვეხმარება. თუ სმენითი მეხსიერება გაქვთ განვითარებული, ხშირად გაიმეორეთ საჭირო ცნობები ხმამაღლა. შეგიძლიათ აუდიოჩანაწერებიც გამოიყენოთ. როდესაც ხმამაღლა ვამბობთ რაღაცას, მაგალითად, ტელეფონის ნომერს, მისამართს ან სახელს, ამ დროს ჩვენი ტვინი აფიქსირებს ამ ინფორმაციას უფრო სწრაფად, ვიდრე მისი ჩაწერის შემთხვევაში.

წარმოსახვა

წარმოიდგინეთ ის, რისი დამახსოვრებაც გსურთ. შეგიძლიათ წარმოსახული სურათი ფურცელზეც გადაიტანოთ გრაფიკული ჩანახატის, სქემის, დიაგრამის სახით და ძილის წინ მთელი დღე წარმოსახვით უკან ,,გადაახვიეთ~. გაიხსენეთ ყველა დეტალი, რაც დღის განმავლობაში დაგამახსოვრდათ. ემოციური დამოკიდებულების გარეშე, უბრალოდ, ჩამოთვალეთ, რა მოხდა. წარმოდგენა, ისევე როგორც ხმამაღლა გამეორება, ტვინის სხვადასხვა უბანს ააქტიურებს.

მიაბით ინფორმაცია რაიმე საგანს

მნემონიკა არის ხერხების ერთობლიობა, რომლებიც გვეხმარება ინფორმაციის გრძელვადიანი მეხსიერების `საცავში~ შენახვაში. მნემონიკის ერთ-ერთი ხერხიAა, როდესაც ადამიანი დასამახსოვრებელ მასალას უკავშირებს რაიმე საგანს, შენობას, ნივთს, სურნელს... საჭიროების შემთხვევაში კი იხსენებს მასზე მიბმულ ინფორმაციას.

P.S. როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ყველა ინფორმაციას რომ ვიმახსოვრებდეთ. ტვინში ქაოსი გვექნებოდა. როგორც მეცნიერები ამბობენ, საბედნიეროდ, ტვინს უსარგებლო და მოძველებული ინფორმაციისგან გათავისუფლების უნარი აქვს, ეს აუცილებელია, რათა მეხსიერებამ სათანადოდ იმუშაოს. როცა რაიმე გვავიწყდება, ეს იმის ნიშანია, რომ დავიწყებაზე პასუხისმგებელი მექანიზმი კარგად მუშაობს.

ნათია სიბაშვილი