"ვიკიპედიაში 12 500-ზე მეტი სტატია მაქვს დაწერილი" - კვირის პალიტრა

"ვიკიპედიაში 12 500-ზე მეტი სტატია მაქვს დაწერილი"

ვიკიპედიაში მივუთითეთ, რომ მაგალითად, მოქვის ტაძარი საქართველოშია და არა - ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში, როგორც სეპარატისტები ამბობენ

ქართული ვიკიპედია მწირი და არასრულია, თუმცა - სტატიებით უფრო მდიდარი, ვიდრე წლების წინ იყო და არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ამ სიმდიდრის მთავარი მიზეზი ჩვენი რესპონდენტია - სურამის მე-2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ჯაბა ლაბაძე, ის 2018 წელს საქართველოს ხუთ საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა. როგორ იქცა ბატონ ჯაბასთვის ვიკიპედიისთვის სტატიების წერა გატაცებად და როგორ აიყოლია ამ საქმეში თავისი მოსწავლეები, ჩვენი სტატიით შეიტყობთ.

- 2008 წლიდან ვარ ვიკიპედიაში რეგისტრირებული. მაშინ სურამის ცენტრალური ბიბლიოთეკის პიარმენეჯერად ვმუშაობდი. ვიკიპედიაში არაერთი სტატიის ესკიზს ქვემოთ ეწერა: "ეს არის სტატიის ესკიზი, თქვენ შეგიძლიათ განავრცოთ". მეც მივყვებოდი ბმულს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ვიბნეოდი, ვჩერდებოდი, ერთ დღეს კი ჩვენს ბიბლიოთეკაში აირექსის ცენტრის ტრენინგს დავესწარი და აი, მალე 11 წელი გახდება, რაც ვიკიპედიაში ვწერ. 11 წლის წინ ქართულ ვიკიპედიაში 20 ათასი სტატიაც არ იყო, ახლა კი 100 ათასზე მეტია.

- თქვენ რამდენი სტატია დაწერეთ? - 12 500-ზე მეტი. მუშაობის დროს ვაკვირდებოდი ვიკიპედიაში ახალდარეგისტრირებულ მომხმარებლებს და თუ რომელიმე მათგანი მომეწონებოდა, ვაძლევდი საჭირო რჩევებს... რამდენიმე ვირტუალური მოსწავლეც გავიჩინე. დღეს ერთი ჩემი ვიკიმოსწავლე ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორია.

2011 წელს ისტორიის სერტიფიცირებული მასწავლებელი გავხდი. ერთხელ მეხუთეკლასელებს მივეცი დავალება, რაღაც ინფორმაცია ვიკიპედიაში მოეძებნათ, თუმცა ეს ინფორმაცია იქ არ აღმოჩნდა. ვიფიქრე, მე დამეწერა, განმეთავსებინა და მერე დამევალებინა ამ ინფორმაციის მოძიება, თუმცა ბოლოს გადავწყვიტე, რომ ჯობდა, ეს ბავშვებისთვის დამევალებინა. სკოლაში ჩამოვაყალიბე ვიკიკლუბი, ვასწავლე ვიკიტექნოლოგიები, ვინაწილებდით სტატიებს და თითოეული კონკრეტულ საკითხზე მუშაობდა, მერე კი ვაწყობდით პრეზენტაციებს. შეფასების კრიტერიუმებიც იმის მიხედვით შევადგინე, ვინ რა მოცულობის სტატიას დაწერდა, როგორი იქნებოდა ის ენობრივად და შინაარსობრივად და ა.შ. არ დამითვლია, ამ პერიოდში რამდენი სტატიით გამდიდრდა ქართული ვიკიპედია. 2015 წლის შემდეგ ყოველ წელს ოთხ მოსწავლესთან ერთად სომხეთში, საერთაშორისო ვიკიბანაკში, გვეპატიჟებიან.

- სტატიების განთავსება მხოლოდ ენთუზიაზმით ხდება? - ენთუზიასტები ვართ, თუმცა ბოლო წლებში ტარდება შიდა ან საერთაშორისო კონკურსები, სადაც შესაძლებელია ერთჯერადი პრიზის, მათ შორის - ფულადი პრიზის მოგება. საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის წევრი ვარ. ეს ასოციაცია, ვიკიპედია და ჩემი მოსწავლეები აქტიურად ვთანამშრომლობთ.

ბავშვებთან ერთად 1000-მდე სტატია დავწერეთ აფხაზეთისა და შიდა ქართლის, კერძოდ, ცხინვალის, ახალგორის, ჯავის, ზნაურის მუნიციპალიტეტების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით მოვიძიეთ და გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია 136 ძეგლის თაობაზე. ზოგი ინგლისურ და აფხაზურენოვან ვიკიპედიაშიც განვათავსეთ. მივუთითეთ, რომ მაგალითად, მოქვის ტაძარი საქართველოშია და არა - ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში, როგორც სეპარატისტები ამბობენ.

- ცხადია, რეიტინგებს აკვირდებით... - წელს ყველაზე ბევრი მკითხველი ჰყავდა ჩემს სტატიას ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის შესახებ სტალინის პერიოდში. ჩემი წამოწყებით მოსწავლეების მოტივაცია მაღლდება, ქართული ვიკიპედია იხვეწება, 2018 წელს კი საქართველოს ხუთ საუკეთესო მასწავლებელს შორის დამასახელეს.

ქართულენოვანი ვიკიპედია 2003 წელს შეიქნა

2015 წლის 13 ოქტომბერს ქართულენოვანი ვიკიპედიის სტატიების რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია. დღეს ქართულ ვიკიპედიაში 126 250 სტატიაა. შედარებისათვის: პირველი ქართული უნივერსალური სამეცნიერო ცნობარი "ქართული საბჭოთა ენციკლოპედია" 70 ათასამდე ტერმინ-სტატიას მოიცავს.

რეგიონში ლიდერია სომხურენოვანი ვიკიპედია 250 000 სტატიით, აზერბაიჯანულს კი 142 000 სტატია აქვს.

ქართული ვიკიპედიის 2018 წლის ყველაზე პოპულარული სტატიების ათეული: ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია - 407 167 ნახვა; საქართველო - 179 980 ნახვა; დავით მეოთხე აღმაშენებელი - 141 952 ნახვა; თამარ მეფე - 121 906 ნახვა; ილია ჭავჭავაძე - 121 247 ნახვა; ვაჟა-ფშაველა - 108 838 ნახვა; თბილისი - 107 220 ნახვა; სულხან-საბა ორბელიანი - 88 159 ნახვა; ვახტანგ გორგასალი - 85 452 ნახვა; ქართული დამწერლობა - 81 309 ნახვა.

ვიკიპედია მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ვებსაიტთა ათეულშია

ვიკიპედია 2001 წლის 15 იანვარს ამერიკელმა ჯიმი უელსმა და ლარი სენგერმა დააარსეს ინგლისურ ენაზე, მალე კი გაიხსნა განყოფილებები სხვა ენებზეც. პროექტის მიზანია, შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე, რომელშიც ყველას შეუძლია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. ვიკიპედიის მთავარი პრინციპი მოხალისეობაა. ნებისმიერი სტატია შექმნილია მოხალისეთა მიერ, ანაზღაურების გარეშე.

დღეს ვიკიპედია 293 ენაზე არსებობს და მილიონობით სტატიას მოიცავს. უდიდესია ინგლისურენოვანი ვიკიპედია, რომელიც 5,7 მილიონ სტატიას შეიცავს. 2018 წლის განმავლობაში მომხმარებლებმა ვიკიპედიაში 190,7 მილიარდი გვერდი ნახეს. ვიკიპედია მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ვებსაიტთა ათეულში შედის.