წითელა - პასუხი ყველა კითხვაზე - კვირის პალიტრა

წითელა - პასუხი ყველა კითხვაზე

"მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები უფრო ხშირად აკითხავენ სამედიცინო პუნქტებს და იტარებენ ვაქცინაციას, ჯერჯერობით წითელა მაინც აქტიურად ვლინდება. წლის დასაწყისიდან დღემდე 600-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული", - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ექიმ-ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი, რომელიც წითელასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებს პასუხობს.

- როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება აცრების შესახებ ფეიკინფორმაციები და ანტიპროპაგანდა?

- რასაც ყოველთვის ემსახურებოდა - ერთეულთა ინტერესის დაკმაყოფილებას საზოგადოების ინტერესის ხარჯზე! ეს ინტერესი შეიძლება იყოს მატერიალურით დაწყებული, ზოგადსაკაცობრიოთი დამთავრებული... აცრების ანტიპროპაგანდა პროგრესს ეწინააღმდეგება და ადამიანთა სიცოცხლეს არაფრად დაგიდევს...

- რატომ მოხდა წითელასა და H1N1-ის ერთდროულად აფეთქება? - დარგის ექსპერტები წითელასა და გრიპის ერთ პერიოდში გავრცელებას 2018 წლის ზაფხულიდან ვარაუდობდნენ და ამის შესახებ არაერთხელ ითქვა. ამასთან, გრიპი რომ ყოველ სეზონზე ამა თუ იმ ინტენსივობით ვრცელდება, ყველასთვის ცნობილია.

- რა სიმპტომები აქვს წითელას, რამდენ ხანს გრძელდება და რა შეიძლება მოხდეს გართულების შემთხვევაში? - წითელა საშიში დაავადებაა. იწყება მაღალი სიცხით, რინიტითა და კონიუნქტივიტით, რასაც მოსდევს გამონაყარი - სახიდან ფეხებისკენ. შემდგომ ტემპერატურა იკლებს, გამონაყარი მცირდება, ადამიანი გამოჯანმრთელდება და იშვიათი გამონაკლისის გარდა, დარჩება იმუნიტეტი მთელი სიცოცხლის მანძილზე.

დაავადების მიმდინარეობისას ძალიან ხშირად გვხვდება სხვადასხვა გართულება, კერძოდ, ათი დაავადებულიდან ერთს ემართება ოტიტი (შუა ყურის ანთება), ათი დაავადებულიდან ერთს - დიარეა, 20 დაავადებულიდან ერთს - ფილტვების ანთება, 1000 დაავადებულიდან ერთს - ტვინის ანთება, 1000 დაავადებულიდან ერთი ან ორი იღუპება და გამოჯანმრთელებული 100 000-დან 4-11 შემთხვევაში წითელას გადატანიდან 7-10 წელიწადში განვითარდება ქვემწვავე, მასკლეროზებელი პანენცეფალიტი, რომელიც უკურნებელი, პროგრესირებადი დაავადებაა.

- და აუცილებელია აცრა... - აცრა ერთადერთი საშუალებაა დაავადების თავიდან ასაცილებლად. ალტერნატივა არ არსებობს!

- ბევრს არ ახსოვს, არის თუ არა აცრილი. ლაბორატორიულად შესაძლებელია დადგენა, აქვს თუ არა პირს იმუნიტეტი? ან თუ აცრილია, ხელმეორედ აცრას რა შეიძლება მოჰყვეს? - აცრილია თუ არა, ლაბორატორიულად არ დგინდება.

ლაბორატორიულად დგინდება, აქვს თუ არა ადამიანს წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტი. იმუნიტეტი შეიძლება შეძენილი იყოს დაავადების გადატანის ან აცრის შედეგად. ხელმეორედ აცრას შეიძლება მოჰყვეს იმუნიტეტის გაძლიერება, რაც ზიანს არავის მოუტანს.

- თუ ადამიანს მოხდილი აქვს წითელა, განმეორებით დაავადება შეიძლება? - იშვიათად ადამიანის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს წითელას მიმართ იმუნიტეტს და ხელმეორედ დაავადება გამორიცხული არ არის.

- ორსულების აცრა თუ შეიძლება და რა მოხდება, თუ ორსული დაავადდა?

- ორსულები არ უნდა აიცრან. მათ მძიმედ გადააქვთ წითელა და ეს დაავადება დედისთვის სახიფათოა.

- H1N1-სა და წითელაზე ერთდროულად აცრა შეიძლება, თუ ეს გართულებას გამოიწვევს? - ერთდროულად აცრა შეიძლება. არც აცრებს შორის ინტერვალის დაცვაა საჭირო.

- შეიძლება თუ არა, გრიპი და წითელა ერთდროულად დაემართოს ადამიანს? - როდესაც ორივე ვირუსი ინტენსიურად ცირკულირებს, შეიძლება...

- შეიძლება წითელათი დაავადებულთან კონტაქტით ამ ინფექციის გადადება? როგორ დავიცვათ თავი, ბავშვები? - დაავადებულთან კონტაქტი სახიფათოა ყველასთვის, ვისაც არ აქვს იმუნიტეტი, საკუთარი თავი და ბავშვები კი აცრით უნდა დაიცვათ.

- რომელ ასაკში უფრო რთულად მოსახდელია წითელა? - წითელათი დაავადება ყველაზე სახიფათოა წლამდე ასაკში, შემდგომი ჯგუფია 1-5 წლის ასაკი და 20 წლის ზევით.

- რა პერიოდშია აქტიური ეს ინფექცია? - წითელა ყველაზე აქტიური ზამთარ-გაზაფხულის სეზონზეა, თუმცა ის სხვა სეზონზეც შეიძლება დაემართოს ადამიანს.

- დღეს სტატისტიკა როგორია? - მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები უფრო აქტიურად იტარებენ ვაქცინაციას, ჯერჯერობით წითელა ისევ აქტიურად ვლინდება. წლის დასაწყისიდან უკვე აღრიცხულია 600-ზე მეტი შემთხვევა.

ვისთვის არ შეიძლება აცრა:

  • აცრა არ უტარდებათ ორსულებს, აცრა უნდა ჩატარდეს მინიმუმ 1 თვით ადრე ორსულობამდე;
  • თუ გქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;
  • თუ გაქვთ იმუნოდეფიციტი;
  • თუ გაქვთ არაგანკურნებადი ტუბერკულოზი.