"მხატვრობაში მარტოობაა მთავარი" - კვირის პალიტრა

"მხატვრობაში მარტოობაა მთავარი"

გასულ კვირას უნიჭიერეს მხატვარს, გიორგი ვაშაკიძეს იმერეთში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ვესტუმრე. ზამთრის ნაცრისფერ ამინდს მის ეზოში გემოვნებით განაწილებული ძველი, ერთი შეხედვით, გამოუსადეგარი ნივთები ამშვენებს. ფანჩატურში შევჩერდით. იანვრის სუსტი მზის სხივები გვათბობდა და გვანათებდა. ეს იმიტომ, რომ გიორგიმ ბუნების აღსაქმელად სტანდარტული სახურავის ნაცვლად, ძველი ხის ფანჯრებით გადახურა. მინის ქვევიდან ცას ავყურებდი და ვფიქრობდი, ხელოვნება ის არის, რასაც ერთეულები ქმნიან. ამ ერთეულებში ერთმა მხატვარმა თავის სამუშაო ოთახში მიგვიწვია. როგორც წარმოგიდგენიათ, სწორედ ისეთია მხატვრის სამუშაო გარემო: მყუდრო და ნათელი ოთახი, სადაც უნიკალური ნამუშევრები, უიშვიათესი ჩარჩოები და ქაოსია. ქაოსს კლასიკური მუსიკა განმუხტავს და გიორგიც ხელში ფუნჯს იღებს, პალიტრაზე ფერს ირჩევს და ხატვის გრძელ გზას მიუყვება.

პირველი ნაბიჯი ფუნჯით

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სამი წლისამ ხელში ფერადი ფანქარი და ფურცელი აიღო. ნამუშევარზე მშობლებს გაეღიმათ, თუმცა გაუჩნდათ კითხვა: რას ნიშნავდა დახატულ ფეხისგულზე მუქი წერტილი? პასუხი ბავშვური, თუმცა ლოგიკური იყო - ეკალი შეერჭო ფეხშიო. იმ დღიდან დღემდე 49 წლის გიორგი ვაშაკიძე ხატავს. მის შემოქმედებას ბავშვობის დროინდელი მიგნება ლაიტმოტივად ისევ გასდევს. ყველა ნამუშევარს წინწკლები, წვეთები და წერტილები აქვს. მისი ნახატები ამშვენებს საქართველოში უმსხვილესი კომპანიების კედლებსა და მხატვრობის თაყვანისმცემელთა კოლექციებს. სტილი განსაკუთრებულია - კოლაჟური, აბსტრაქტული და სიურრეალისტური. ცნობილი მხატვრის, გივი ვაშაკიძის ვაჟის ნამუშევრები სრულიად განსხვავებულია მამის შემოქმედებისგან. ისინი ერთი ოჯახის ორი პროფესიონალი და სხვადასხვა მიმდინარეობის მხატვრები არიან.

გიორგი ვაშაკიძე: - მამა ამ სოფლიდან იყო, პროფესიით მხატვარი გახლდათ. დედა, ნათელა კეშელავა, ფილოლოგია. მყავს უფროსი ძმა, ის ოქრომჭედელია. ბავშვობა ძალიან ლამაზი იყო. ბედნიერად ვიზრდებოდი. ბაბუა პოეტი გახლდათ და ჩვენთვის ხელოვნებიდან დანახული სამყარო საოცარი იყო. მყავს მეუღლე, თამუნა უგრეხელიძე და ტყუპი გოგონა.

ბავშვობიდან ვხატავდი და მამამ პიონერთა სასახლეში შემიყვანა. მოგვიანებით იაკობ ნიკოლაძის ტექნიკურ სასწავლებელში ჩავაბარე, მერე მხატვრის სახლთან არსებულ შემოქმედებით სახელოსნოში ვმუშაობდი... 27 წლის ვიყავი, როცა მივაგენი ჩემს სტილს და მას შემდეგ ჩემებურად ვხატავ. თუმცა, 3 წლისას ფეხისგული გამომისახავს ფურცელზე და წერტილი დამისვამს. როცა მკითხეს, ეს რას ნიშნავსო, მიპასუხია, ეკალი შეერჭო-მეთქი. ფაქტობრივად, სამი წლისამ განვსაზღვრე, რა სტილში უნდა მეხატა. ეს შემთხვევითობამ განაპირობა თუ განგებამ, არ ვიცი, მაგრამ ჩემს ყველა ნამუშევარს წინწკლები აქვს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გერმანიაში, რუსეთსა და, რა თქმა უნდა, თბილისში გამოფენებში ვმონაწილეობდი.

საქართველოში მხატვარს თვითრეალიზაცია ძალიან უჭირს. არ ინტერესდებიან მისი შემოქმედებით. ამის გარეშე კი ვერ შეიძენ საღებავს, ტილოს, თუმცა მაინც ვხატავ.

საზღვარგარეთ ათზე მეტ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა, პერსონალური გამოფენა ხუთჯერ მქონდა, გუნდურები - 20-მდე. ადრე დღე არ გავიდოდა, რომ არ დამეხატა... ხატვა უსასყიდლოდ, ცოტა მონური შრომაა.

ფერთა სამყაროში

როცა ტილოზე ჩანაფიქრი გადაიტანა, დასრულებული სულ სხვა რამ გამოვიდა. აიღო და დაწვა. საბედნიეროდ, ბოლომდე არ ჩაფერფლა. გადარჩენილი ფრაგმენტი სხვა ახალ სურათს დაადო და კომპოზიცია შეიქმნა.

- სულ ზეთის საღებავებში 300 ნახატი მაქვს, გუაშში გრაფიკული ნამუშევრები 700-800-ს აღწევს. მათი დიდი ნაწილი გავყიდე. ხელოვანი რომ პროდუქტიული იყოს, ეს ინტერესსა და რეალიზაციასთანაა პირდაპირ კავშირში. მცირე რეალიზაცია მაქვს ხოლმე, მეუღლე და დედა მეხმარებიან.

როცა თემას ვიპოვი და მუშაობას ვიწყებ, ამ დროს სამუშაო ოთახში ყოველთვის მუსიკა ჟღერს. აბსტრაქტულ ხელოვნებაში ფერადოვნება მეტია, როცა კონკრეტულ სიუჟეტს ვხატავ, ფერადოვნება მცირდება. აბსტრაქცია-სიურრეალიზმის სინთეზია ჩემი შემოქმედება. ნახატი მხოლოდ ტილო ან ფურცელი არ არის, ნახატია მისი ჩარჩოც. ჩვეულებრივი ჩარჩოს ნაცვლად, ვიყენებ ხის ტოტებს, ფოთლებს, მეტალის დეტალებს, ჭანჭიკებს, ცულის პირს, ტყვიის ჰილზებს, სიგარეტის კოლოფებსაც...

მხატვრის ოთახი

ქაოსი, მუსიკა, უამრავი ნივთი, ძველი სურათები და მათგან აწყობილი ულამაზესი კოლაჟები - ეს ის გარემოა, სადაც იქმნება ულამაზესი ნამუშევრები.

- სამუშაო ოთახში რამდენიმე ნამუშევარი მაქვს გამოფენილი, 2016-2018 წლების. ეს ის ადგილია, რომელიც ძალიან მიყვარს. აქ იბადება განწყობა და იქმნება სურათები. აქ პატარა ზღაპრებს ვწერ, ზღაპრებს, რომელთა ნახვაც შეიძლება.

აი, ამ ნახატზე თვითმფრინავები წითელ და შავ ფერებშია, აქ რკინაცაა გამოყენებული და მავთულიც, სიგარეტიც... აქ ის იდეაა, რომ ბრძოლას, ომს თან ახლავს სისხლი და სამყაროს აფეთქება, ანუ სიშავე. ნახატი გაფორმებულია საყოფაცხოვრებო ნივთებით, იმით, რაც შესაძლოა ბრძოლაში წასულ კაცს თან ჰქონოდა, მაგალითად, თამბაქო, ჰილზები და ა.შ. ამ თემაზე კიდევ რამდენიმე სურათი მაქვს დახატული.

როგორც სიტყვა სიტყვას ცვლის, ისეა მხატვრობაშიც, ხედვას თემა მოაქვს, თემას - ხედვა და იცვლება სამუშაო თემატიკაც. მხატვრობაში მარტოობაა მთავარი, გადაწყვეტილებასაც მარტო იღებ და მარტოვე ასრულებ. არ უნდა იყო მონა შენივე ნახატის და ამიტომ ბევრი გამინადგურებია, თუმცა დღეს გული მწყდება. ჩანაწერებსაც ვაკეთებ და ლექსებსაც ვწერ, მათი ნაწილიც გამინადგურებია და ეს არასწორია...

ერთი ნახატი მაქვს, წითელი ალვის ხე, მასზე მინაწერია: "ყვირილს არ აპირებდა, მსმენელი არ ჰყავდა, რადგან არ აპირებდა ყვირილს წითელი ალვის ხე". მას შემდეგ, რაც კომუნისტები მოშორდნენ სამყაროს, ადამიანები ჩარჩოებიდან გამოვიდნენ და მეც მწვანე ხის ნაცვლად, წითელი დავხატე. სამყარო ბრძოლაა, ეს ბრძოლის მუხტი დაჰყვება ჩემს ნამუშევრებსაც. ერთ ნახატზე უნაპირო დაუსახლებელი ადგილია. საბრძოლო გემი მოადგა ხმელეთს, თუმცა გემზეც არ არიან მებრძოლები, მაგრამ ეს ბრძოლის დრამაა... ამ სურათზე მძიმე სიჩუმეა. მე არ ამირჩევია ეს სიჩუმე...

"ჩემი სკამი განსხვავებულია"

- მიყვარს ბუნებაში ყოფნა, ბუნების პირველწყაროობა. მაქვს სავარძელი, რომელიც არაორდინარულია, ყველა სკამი ერთმანეთს ჰგავს, ეს კი განსხვავებულია. ეს ბუნებასთან დაკავშირებული ჩემი ხედვაა. ეზოს მოწყობაც კი მნიშვნელოვანია. არ მომწონს, როცა ღობესთან მეზობლისკენ, მაგალითად, ეკალს ვხედავ, იმწამსვე ვჭრი და მათ ნაცვლად ხეს ვრგავ. ეს ერთგვარი დამოკიდებულებაა ბუნებისა და ადამიანის მიმართ. ხელოვნებაში სტანდარტულიც უნდა იყო და ამავე დროს, ორიგინალურიც. არ უნდა დაიბნეს მნახველი, უნდა იცოდეს, რა არის, მაგრამ ახლებური უნდა იყოს. ეს არის არტი.

იყო პერიოდი, როცა ბევრ გამოფენაში ვმონაწილეობდი. იმართებოდა მამაჩემისა და ჩემი ერთობლივი გამოფენებიც. მისი მთელი კოლექცია იყიდებოდა, ჩემი კი - არა. მამა მეუბნებოდა, 50-60 წლამდე ჩემი ნახატებიც არ იყიდებოდაო. ახლა მე მივუახლოვდი ამ ასაკს.