ფრენა ღრუბლებს ზემოთ - ანუ როგორ სრულდება ბავშვობის სიზმრები - კვირის პალიტრა

ფრენა ღრუბლებს ზემოთ - ანუ როგორ სრულდება ბავშვობის სიზმრები

პარაპლანი - ცისარტყელა, რომლითაც შეგიძლია ღრუბლებს გადაუფრინო. და თუკი ერთხელ მაინც აფრინდები ღრუბლებს ზემოთ, ცა და დედამიწა ადგილებს შეიცვლის და გაიფიქრებ, რომ მთელი სამყარო შენია! იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განიცადო, ბავშვობის სიზმრების ახდენა უნდა გინდოდეს, რომლებშიც დაფრინავდი, გაღვიძებულს კი გული გწყდებოდა. ამ დროს უფროსები გეტყოდნენ - ადამიანს ფრენა არ შეუძლია, ეს იმიტომ დაგესიზმრა, რომ ძილში იზრდებიო, არადა, თურმე შეუძლია და თან - როგორ! პარაპლანით, უძრავოდ და უსაწვავოდ, თურმე დედამიწის შემოფრენა შეიძლება! როდესაც პარაპლანით საუკეთესო მფრინავს, გიორგი…შავერდაშვილს ვეუბნები, ღრუბლებს ზემოთ ფრენისას ხომ არ გეჩვენება, რომ სიზმრები მართლაც ხდება-მეთქი, სერიოზულად მპასუხობს, კი არ მეჩვენება, ნამდვილად ასეა, მაგას 14 წლისა მივხვდიო.

- პარაპლანით ფრენისას მართლაც ფიქრობ, რომ სამყარომ კარი გაგიხსნა და ყველაფერი შენია, თანაც ეს პირველივე გაფრენისას გემართება.

14 წლის ვიყავი, როცა ბებიასთან, სოფელ პატარა ლილოში ცაში მფრინავი კაცი დავინახე - ფრთაგაშლილ პარაპლანზე ეკიდა და მიქროდა. ამ სურათმა ისე დამატყვევა, ორი საათი ვიყურე ზემოთ, ვიდრე ეს კაცი არ დაეშვა და მე მასთან კისრისტეხით არ მივირბინე. ასე დაიწყო ჩემი ნაცნობობა ირაკლი კაპანაძესთან. ეს არის კაცი, რომელმაც ბნელსა და უსიხარულო 90-იანებში უკრაინიდან პირველი პარაპლანი ჩამოიტანა და ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო. დროდადრო დენი რომ მოვიდოდა, ტელევიზორს უყურებდა და ფრენას სწავლობდა. ფაქტობრივად, სიცოცხლეს სწირავდა. მერე პარაპლანის ფედერაცია შექმნა... მე კი იმ დღესვე ავიჩემე - გინდა თუ არა, მეც უნდა გავფრინდე-მეთქი. გადაირივნენ ჩემები, რაებს ამბობო, მაგრამ გამიშვეს - იცოდნენ, მაინც წავიდოდი.

- რა სიმაღლეზე შეიძლება ფრენა იმ საშუალებით, რომელსაც არც ძრავა აქვს და არც საწვავი? - უსასრულოდ. რასაკვირველია, ძრავიანი პარაპლანებიც არსებობს, მაგრამ უძრავო პარაპლანები მათზე ნაკლები არ არის. თუ ფრენა იცი, მიწიდან 10 000 კილომეტრზეც კი აფრინდები, ანუ ღრუბლებს ზემოთ.

- დაუჯერებელია!.. - ვინც ღრუბლებს ზემოთ დაფრინავს, მისთვის არ არის დაუჯერებელი, თუმცა საქართველოში ასე არ ვრისკავთ, რადგან ღრუბლებს ზემოთ გაუთვალისწინებელი რაღაცები ხდება, მაგალითად, შეიძლება იქ 10-15 გრადუსით დაბალი ტემპერატურა დაგხვდეს, რომელიც -40 გრადუსად მოგეჩვენება, რადგან იქ, ზემოთ ძლიერი ქარია. შეიძლება ისიც კი მოგეჩვენოს, რომ თავდაყირა კიდიხარ, ანუ დედამიწისაკენ კი არა, "ცისკენ ეშვები" და უსასრულობაში მიქრი. ეს საშიშია, მაგრამ თავბრუდამხვევი და მიმზიდველიც, ამიტომ ზოგჯერ შეიძლება რეალობას საერთოდ მოსწყდე.

- ეს კი საშიშია... - ზღვრების გადალახვა ყოველთვის საშიშია, ამიტომ ჩვენ მხოლოდ 2000 მეტრ სიმაღლემდე მივფრინავთ და უკან ვეშვებით.

- ეშვებით, როგორც ჩიტები... ცოტა არ იყოს, მშურს... ფრენის სწავლა ადვილია? - ვისაც არ შეეშინდება - ძალიან, ვისაც ეშინია, მისთვის არა... იცით, ყველაზე ძალიან ვის ეშინია? ვინც ყველაზე ხშირად ამტკიცებს, უშიშარი ვარო.

- გოგონები თუ ბიჭები? - ორივე შემთხვევაში ასეა - ტრაბახებს ეშინიათ. ისე კი, სიყვარული ამ შიშსაც გადალახავს - ბოლო დროს პარაპლანით ციდან დაშვებისას უამრავჯერ შევესწარით ხელის თხოვნას - გოგონები ეშვებიან, ბიჭები კი, მუხლზე დაჩოქილები, ბეჭდებს ახვედრებენ.

- ანუ ჩამოდი, დავქორწინდეთ და ახლა ერთად ვიფრინოთო! - რა ვიცი... იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ პარაპლანით ფრენის სწავლა ახლა ძალიან ბევრს უნდა, შეიძლება ასეც იყოს!