"ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ ჩვენი ერების ტრაგედიითა და კულტურით, რომელმაც მიუხედავად ტირანებისა და რუსული ტანკებისა, სიყვარული მაინც შეინარჩუნა" - კვირის პალიტრა

"ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ ჩვენი ერების ტრაგედიითა და კულტურით, რომელმაც მიუხედავად ტირანებისა და რუსული ტანკებისა, სიყვარული მაინც შეინარჩუნა"

"სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ შეუძლებელია გაჩუმება, მაგალითად, როცა მიმდინარეობს სასამართლო სხდომები "თეატრალურ საქმეზე", როდესაც მასხრად იგდებენ და აწამებენ კირილ სერებრენიკოვს (რუსი რეჟისორი, "გოგოლ-ცენტრის" სამხატვრო ხელმძღვანელი). მას რუსეთის ხელისუფლების გაკრიტიკების გამო 2017 წელს საქმე შეუთითხნეს, თითქოს დიდი თანხები მიითვისა და დააკავეს", - ამბობს ლეგენდარული საბჭოთა მსახიობი ლია ახეჯაკოვა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელშიც საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საუბართან ერთად, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზეც ლაპარაკობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თქვენ არასდროს გაურბოდით რუსეთის ხელისუფლების კრიტიკას... - თქვენ გინდათ, რუსეთის ხელისუფლება გავაკრიტიკო და ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო იმის მიმართ, რაც ახლა რუსეთში ხდება და რაც რუს ერს ემართება?! მოდი, არ ვისაუბრებ ამაზე ქართველ ხალხთან, მშვენიერ და საყვარელ საქართველოსთან. ამაზე შინ უნდა ვილაპარაკო, იმ ქვეყანაში, სადაც მე ვარ სახალხო არტისტი და ამასთან "ნაცმოღალატე", "მეხუთე კოლონის" წარმომადგენელი.

კადრი ფილმიდან: ,სამსახურებრივი რომანი'

მიუხედავად ყველაფრისა, იმედი ისევ ბჟუტავს, რომ კულტურა განკურნავს და დაიცავს შეშლილ სამყაროს. თებერვალში მოსკოვის დრამატულ თეატრ "სოვრემენიკში" რეზო გაბრიაძის გასტროლია. ეს ძალიან მიხარია! ადგილები ცოტაა. რეზო, ჩემო ძვირფასო, ჯანმრთელად იყავი, დიდ წარმატებას გისურვებ, ვამაყობ შენით და იმით, რომ მრავალწლიანი მეგობრობა გვაერთიანებს. ჩვენ ვნახეთ ანიმაციური დოკუმენტური ფილმი "Знаешь мама, где я был", რომელიც რეზოს შვილმა, ლევან გაბრიაძემ გადაიღო და ისევ მომინდა საქართველოს ნახვა. ავტირდი, როდესაც ყმაწვილი რეზო სოფელში ბებოსთან მიდის და ამ დროს ქართული მრავალხმიანი განუმეორებელი მუსიკა ისმის...

თბილისში სტუმრად ვიყავი ჩვენს მშვენიერ ალექსანდრა ბურატაევასთან (ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, რომელიც ახლა თბილისში ცხოვრობს). სუფრას ვუსხედით და ახალგაზრდა მუსიკოსები ქართულ სიმღერებს მღეროდნენ... ისეთი სანახაობა იყო... საოცარია საქართველო. ხუთი დღე ჩვენმა ალექსანდრამ ნამდვილი ქართული მასპინძლობა გაგვიწია. ალბათ, ხვდებით, ჩვენ როგორ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული: დიდი სახელებით, საერთო ისტორიით, ჩვენი ერების ტრაგედიითა და დიდი კულტურით, რომელმაც მიუხედავად ტირანებისა და რუსული ტანკებისა, სიყვარული მაინც შეინარჩუნა. მაპატიეთ პათეტიკური სიტყვები, მაგრამ მათ უკან აღტაცება და მადლიერება იმალება.

ყოველთვის თქვენი ლია ახეჯაკოვა!

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: რა მისწერა 10 წლის ლია ახეჯაკოვამ სტალინს? - საბჭოთა კინოლეგენდის ცხოვრება და სამი ქორწინება