"ზურა ჩემთვის უპირველესად მამა იყო და მერე ნიჭიერი მსახიობი... მკაცრი ხდებოდა მაშინ, თუ საკითხი მის ქვეყანასა და ხალხს ეხებოდა" - კვირის პალიტრა

"ზურა ჩემთვის უპირველესად მამა იყო და მერე ნიჭიერი მსახიობი... მკაცრი ხდებოდა მაშინ, თუ საკითხი მის ქვეყანასა და ხალხს ეხებოდა"

"ერთი შეხედვით მკაცრი ჩანდა, თუმცა ასეთი არ ყოფილა"

იშვიათად, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველას უყვარს. ზურაბ ქაფიანიძე სწორედ ასეთი იყო. მსახიობობაზე არასდროს უოცნებია, თეატრალურ ინსტიტუტში მისი სიცილის წყალობით მოხვედრილა, რომელიც თურმე შემთხვევით გაუგონია აკაკი ხორავას და დაურწმუნებია, რომ პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან საბუთები გამოეტანა და თეატრალურში ჩაებარებინა. თავისივე ჯგუფში ჩაურიცხავს. აკაკი ხორავას სიცოცხლის ბოლომდე მამობილად მოიხსენიებდა. მამაზე სასაუბროდ ზურაბ ქაფიანიძის ვაჟს, ბექნუ ქაფიანიძეს ვესტუმრეთ:

ფოტოგალერეა

- ზურა სხვებისთვის სახალხო არტისტი იყო, მაგრამ ჩემთვის უპირველესად მამა და მერე ნიჭიერი მსახიობი. არაჩვეულებრივი მამა იყო - თბილი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე. ჩვენ არანაირი პრივილეგიებით არ ვსარგებლობდით, რა თქმა უნდა, ვხედავდი მისადმი ხალხის სიყვარულს, რაც მახარებდა და სიამაყით მავსებდა, ამასთან, ვაცნობიერებდი, რომ ასეთი დამოკიდებულება ჩემგან პასუხისმგებლობას მოითხოვდა.

- რამდენად იყო ჩართული შვილების ცხოვრებაში? - მაქსიმალურად, თუმცა ჩვენს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს მოუხდენია. ხანდახან მგონია, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ახლაც ასე ვიღებ, ვფიქრობ, აბა, ზურა რას მირჩევდა-მეთქი, თითქოს რაღაცებს უხილავად ვუთანხმებ.

ერთი შეხედვით მკაცრი ჩანდა, თუმცა ასეთი არ ყოფილა, მკაცრი ხდებოდა მაშინ, თუ საკითხი მის ქვეყანასა და ხალხს ეხებოდა. დღიური ჰქონია, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოვაჩინეთ. ერთგან წერს, სანამ ჩემს ქვეყანაში ერთი გაჭირვებული ადამიანი მაინც იარსებებს, ვერ მოვისვენებო. თუკი ვინმეს ოდნავ მაინც ხელს გაუმართავდა, გულით ხარობდა. ადარდებდა თავისი ქვეყნისა და ხალხის სადარდებელი და უხაროდა, რაც ქართველებს ახარებდა. ამას ხალხი გრძნობდა და უკან დიდ სიყვარულად უბრუნებდა.

- ონავრობის გამო გტუქსავდათ? - პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე. ერთხელ მამა დირექტორმა ლიანა შეწირულმა დაიბარა. ზურას სკოლაში მოსვლა მოვლენა იყო, ყველა უღიმოდა, ესალმებოდა. მახსოვს, მე ძალიან დათრგუნვილი მივყვებოდი. ქალბატონმა ლიანამ მკაცრად დაიწყო, ბატონო ზურა, თქვენი ვაჟი ვერ ხვდება, მე-4 გაკვეთილის შემდეგ სკოლაში რატომ უნდა დარჩეს... მაგრამ იქვე გაანეიტრალა სიმკაცრე... მინდა გითხრათ, რომ ბექნუს სახით მაგარი ვაჟკაცი გეზრდებათო. დირექტორის ბოლო წინადადებამ მამას იმდენი რამ უთხრა, რომ ერთი გაკვეთილის გაცდენა წვრილმანად ჩათვალა და აღარ დამტუქსა. ასე გააგრძელე, შვილოო, მითხრა სკოლიდან გამოსვლის შემდეგ.

- იუმორის განსაკუთრებული ნიჭი რომ ჰქონდა, ამას ყველა ამბობს, მაგრამ მართლა ჰქონდა რაჭაში "სერგო ორჯონიკიძის სახელობის ტუალეტი"? - რაჭაში ჩვენი ამ განთქმული საპირფარეშოს ამბავი ყველამ იცოდა... ტუალეტის კარზე მიწერილი ჰქონდა: "სერგო ორჯონიკიძის სახელობის". ამოვიდოდნენ რაიონის მილიციის წარმომადგენლები, წაშლიდნენ და წავიდოდნენ, ზურა კი ისევ აახლებდა წარწერას. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ რაჭაში მიწისძვრა არ მოხდა, რომელმაც მიწასთან გაასწორა "სერგო ორჯონიკიძის სახელობის საპირფარეშო"... სიგიჟემდე უყვარდა რაჭა. ეზოს უვლიდა, სოფლის საქმეებს აგვარებდა, ღობეს მიაჭედებდა, ხეებს გამხმარ ტოტებს აჭრიდა, შეშას ჩეხდა და ამ ფუსფუსით ბედნიერი იყო.

- ბექნუ, ბერდია, ლელა - მთასთან დაკავშირებული სახელები შეგირჩიეს მშობლებმა. - მთა ძალიან უყვარდა. სახელები ბერდია და ლელა მთაში ხშირად გვხვდება, ბექნუ უფრო იშვიათად, სვანური სახელია.

ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ მამიდებს. დედის გარდაცვალების შემდეგ, 14 წლიდან მამიდები მზრდიდნენ. არ მაკლებდნენ სიყვარულს.

- თავად როგორი მამა ხართ? - ორი არაჩვეულებრივი გოგოს, ნინო და მარიამ ქაფიანიძეების მამა ვარ. ვცდილობ კარგი მამა ვიყო და ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის, სხვანაირად არც შეიძლება.

- ახმეტელის თეატრში მუშაობთ.

- ჩემთვის ყველაზე საყვარელი სივრცე თეატრშია და რაც ყველაზე მეტად გიყვარს, იმ პრობლემებს ყველაზე მეტად განიცდი -  იმდენი პრობლემა დაგროვდა თეატრში, მინდა ბევრმა ისაუბროს ამაზე... თუმცა, როდესაც მსახიობი თეატრის პრობლემებზე საუბრობს, ზოგს ეჩვენება, თითქოს ამით ავტომატურად სამხატვრო ხელმძღვანელს უპირისპირდება, არადა, ასე არ არის. მინდა უკეთესად იყოს მოწყობილი როგორც შემოქმედებითი, ისე ფინანსური საკითხები. არ შეიძლება ასეთი მწირი ხელფასი ჰქონდეთ მსახიობებს. რა სულიერ განვითარებაზეა ლაპარაკი, როდესაც უყურებ მსახიობს, რომლის უკან უამრავი ყოფითი პრობლემა დგას. ვისაც ამ პრობლემების აღმოფხვრის ბერკეტები უპყრიათ ხელში, ისინი დანაშაულს სჩადიან თავიანთი ინერტულობით, ზედაპირული დამოკიდებულებით. ასე საქმე არ კეთდება.

დიდი სურვილი მაქვს, თვითონ დავდგა სპექტაკლი და მგონი, თავს გავართმევ. როცა ამ ჩანაფიქრს ხორცს შევასხამ, აუცილებლად დაგპატიჟებთ პრემიერაზე.

იხილეთ ზურაბ ქაფიანიძის უცნობი ფოტოები

იხილეთ ასევე: ქართული კინოს მარად ცოცხალი "ზვიადაური" - მსახიობი, რომელსაც უარყოფითი როლი არ უთამაშია