ობამას პირადი ფოტოგრაფი: "ფოტოები, რომელთაც გიგზავნით, ჯერ საზოგადოებას არ უნახავს" - კვირის პალიტრა

ობამას პირადი ფოტოგრაფი: "ფოტოები, რომელთაც გიგზავნით, ჯერ საზოგადოებას არ უნახავს"

"უცებ ეს საოცარი "ფრინველი" ჩემ წინ დაეშვა. ობამა სწრაფად ჩამოვიდა ვერტმფრენიდან და დიდი ნაბიჯით გამოემართა. მას თითქმის ერთი ნაბიჯი აშორებდა ჩემგან. დაუჯერებელი იყო, ჩემ წინ, ასე ახლოს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იდგა!"

ანა უილდინგმა"თეთრ სახლში, ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას, რამდენიმე წელი იმუშავა. ფოტოგრაფთა დიდი ჯგუფის რამდენიმე წევრს ობამების ოჯახის გადაღება ოფიციალურ და ოჯახურ გარემოში ყოველდღიურად ევალებოდა, სწორედ ამ ვიწრო პრივილეგირებულ ფოტოგრაფებს შორის იყო ანა უილდინგიც. ბარაქ ობამას აქამდე უცნობ ფოტოებს ხელოვანი მალე კალიფორნიაში გამოფენს, მანამდე კი "კვირის პალიტრის" მკითხველს კადრს მიღმა ამბებზე მოუთხრობს და ექსკლუზიურ ფოტოებს გაუზიარებს.

ანა უილდინგი: - როცა ფოტოგრაფიაში ჩემს პირველ ნაბიჯებს ვიხსენებ, "ბრაუნის" კამერა მახსენდება. 8 წლისა სრული სერიოზულობით ვუდგებოდი ფოტოგადაღებას. თინეიჯერობაში მოდელობამ გამიტაცა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ საათობით კამერების წინ პოზირება ჩემი საქმე არ იყო. ამიტომაც მთლიანად ფოტოგრაფიით დავკავდი. იმხანად ოკლენდში (ახალი ზელანდიის უდიდესი ქალაქი) გადავედი და იქაურ გამოცემებთან დავიწყე თანამშრომლობა. 17-18 წლისა უკვე ანაზღაურებადი ფოტოგრაფი ვიყავი. მახსოვს, ბნელ ოთახში საათობით ვამჟღავნებდი ფირებს... მერე "მის მსოფლიოს" გადასაღებად დამიქირავეს, სერ ბობ გელდოფის (ირლანდიელი მუსიკოსი, მსახიობი) გადაღებაც მთხოვეს. პარალელურად მსახიობად ვმუშაობდი, მაშინ ახალ ზელანდიაში ბევრ ფილმს არ იღებდნენ, რასაც იღებდნენ, თითქმის ყველგან ვმონაწილეობდი. ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე რეჟისორის ასისტენტად დამნიშნეს, ფოტოგრაფობაც გავაგრძელე და 19 წლისამ საკუთარი ფოტოსტუდია გავხსენი.

- როგორ გახდით თეთრი სახლის რეპორტიორი? - თეთრ სახლში რამდენჯერმე მომიწია მუშაობამ. თავიდან მსურდა ობამას ადმინისტრაციის შესახებ ფოტოებით მომეთხრო. მაშინ ამერიკელ საზოგადოებასა და ინტერნეტსივრცეში, მცირედი დოზით, მაგრამ რასისტული დამოკიდებულება მაინც შეინიშნებოდა, განსაკუთრებით მიშელ ობამას მიმართ. ბევრი ვიშრომე, რომ ეს შემეცვალა. როცა მეკითხებიან, რთულია ამერიკის პრეზიდენტის გადაღებაო, გადახარხარება მინდა და თავს ძლივს ვიკავებ (იცინის).

- ობამებისა და ტრამპების ოჯახებზე ვისაუბროთ, თქვენ ორივეს იღებდით. - უფრო ობამებს, ეს მევალებოდა, თანაც ამ ოჯახმა დამაინტერესა.

ტრამპი ადმინისტრაციაში მისი მუშაობის დაწყების პერიოდში გადავიღე. რამდენიმე კარგი ფოტო გამოვიდა, სადაც პირდაპირ კადრში იყურება. მას და მელანიას ცოტა ხნით ნიუ-იორკშიც შევხვდი. სხვაობა ამ ორ პრეზიდენტს შორის აშკარაა, მათ მსოფლიოს სრულიად განსხვავებული აღქმა აქვთ.

მეუღლეებიც განსხვავებული არიან, ისევე როგორც მათი წარსული, გამოცდილება: მიშელ ობამა ჰარვარდში სწავლობდა, ბევრს მუშაობდა, რომ წარმატებისთვის მიეღწია. პირველი ლედისგან ყოველთვის ელიან ქველმოქმედებას, მიშელმაც უამრავი პროგრამა შექმნა. მელანიაც ეწევა ქველმოქმედებას, ოღონდ არც ისე ინტენსიურად. გამიხარდა, მელანიამ მიშელის მიერ გაახლებული თეთრი სახლის ბოსტანი რომ შეინარჩუნა (მიშელმა აშშ-ის 32-ე პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის მეუღლის, ელეონორას ტრადიცია განაგრძო: 1943 წელს თეთრი სახლის ეზოში პირველად მან გააშენა ბოსტანი, ელეონორას შემდეგ ბოსტანზე ჰილარი კლინტონი ზრუნავდა, შემდეგ კი მიშელ ობამა. - ავტ.).

- ფოტოგადაღებისას როგორ მოიპოვეთ ბარაქ ობამას ნდობა? - ეს არც დამჭირვებია. ფოტოგადაღება სულისა და ხასიათის შეგრძნებაა. მუშაობისას პრიორიტეტულია დადებითის წინა პლანზე წამოწევა. ადგილმდებარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ნიუსების სტილით კი არ ვიღებდი, სიღრმეებში ვიჭრებოდი.

- ერთი ფოტოს ისტორია გვიამბეთ... - როცა პირველად ვესტუმრე თეთრ სახლს, სწორედ მაშინ ვიხილე პირველად პრეზიდენტის ვერტმფრენიც. მზე ჩადიოდა, თეთრი სახლის ვარდების ბაღი აყვავებულიყო... გავემართეთ დასაშვები ზოლისკენ. მხოლოდ ორი ოპერატორი და მე ვიყავით. უცებ ეს საოცარი "ფრინველი", პრეზიდენტის ვერტმფრენი, ჩემ წინ დაეშვა. ობამა სწრაფად ჩამოვიდა ვერტმფრენიდან და დიდი ნაბიჯით ჩვენკენ გამოემართა. მას თითქმის ერთი ნაბიჯი აშორებდა ჩემგან. დაუჯერებელი იყო, ჩემ წინ, ასე ახლოს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იდგა! უდიდესი პატივი იყო ჩემთვის იმ წუთში იქ ყოფნა, რისთვისაც მადლიერი ვარ. მომეწონა პრეზიდენტის ვერტმფრენიც... მიყვარდა მისი გადაღება დაშვების მომენტში. მას დიდებული პილოტები ჰყავს.

ფოტოები, რომელთაც თქვენ გიგზავნით, ჯერ საზოგადოებას არ უნახავს...

- რა ხდის ფოტოს პოპულარულს, გადაღების ობიექტი თუ ავტორი? - ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება სხვადასხვა ფოტოგრაფმა გადაიღოს, მაგრამ ყველა მათგანი არ გარდაიქმნება დაუვიწყარ ფოტოდ, თუ თავად გამოსახულება ან ფოტოზე აღბეჭდილი ამბავი არ არის ექსტრაორდინარული ან სულშემძვრელი...

ფოტოგრაფი ხდის ნამუშევარს უნიკალურს. რამდენჯერ გადაუღიათ ოდრი ჰეპბერნი? ათასჯერ! მაგრამ რამდენიმემ გაუძლო დროს, მათ შორის დუგლას კირკლენდისფოტომ.

ჩემმა გადაღებულმა ერთ-ერთმა ფოტომ ბევრს "ბითლზის" ცნობილი ფოტო გაახსენა - ზებრაზე რომ გადადიან. თუმცა ამერიკის ექსპრეზიდენტს სიარულის განსხვავებული, თავისებური მანერა აქვს. აი, ეს არის ზუსტად ფოტოხელოვანის ოსტატობა, როცა იცი, როდის, როგორ და ვინ ჩააჩხაკუნო.