"ყოველდღე გადარჩენისთვის გვიწევდა ბრძოლა" - "სტარები" და "ჩმორები" ე.წ. აფხაზურ არმიაში
"ყოველდღე გადარჩენისთვის გვიწევდა ბრძოლა" - "სტარები" და "ჩმორები" ე.წ. აფხაზურ არმიაში
რას ჰყვება ქართველი ბიჭი, რომელიც "აფხაზურ არმიაში" მსახურობდა

აფხაზი მოსახლეობის მოსაზრება,­ რომ რუსეთი ყველაფრისთვის გაიღებს­ ფულს, გარდა აფხაზური არმიისა, მართ­ლ­დება - ყველაზე მძიმე ვითარება ამ სფეროშია.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის მიღებ­ული დოკუმენტის თანახმად, რომელიც 2015 წელს შეიმუშავეს და რუსულ-აფხაზური შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას შეეხება, აფხაზური "არმია" გუდაუთაში დისლოცირებუ­ლი­ რუსული სამხედრო ბაზის დანაყოფი გახდა, თუმცა აფხაზების თქმით, პრობლემებს არც ამით ეშველა. მოსახლეობა ამბობს, რომ არმიის რეფორმირება არ გამოვიდა, რაც კიდევ
ერთი მიზეზია იმისა, რომ ახალგაზრდებს ჯარში წასვლა არ უნდათ.

"ყოველდღე გადარჩენისთვის გვიწევდა ბრძოლა"

ჩვენი რესპონდენტი, 23 წლის ლაშა, ერთ-ერთია იმათგან, ვისაც ე.წ. აფხაზურ ჯარში სამსახური არ სურდა, რამდენიმე წელი თანხას იხდიდა, თუმცა ერთხელაც მას სამხედრო კომისარიატის წარმომადგენელი მილიციის ორ თანამშრომელთან ერთად სახლში ესტუმრა და იძUულებული
გახდა, აფხაზური "ჯარის" ფორმა ჩაეცვა.

- "ვილისით" მომადგნენ შინ, როგო­რც კი მანქანაში ჩავსხედით, დედაჩემ­ისა­­ და ბებიაჩემის მოთქმა-გოდებით შეწ­უხებულმა სამხედრო კომისარიატის თანამშრომელმა­ მაშინვე დამუნათება დამიწყო, აქ ცხოვრობთ,­ მაგრამ ჯარში წასვლა არ გინდათო. მილიციელებმა გადახედეს, აფხაზები ხომ თავს იკლავენ პატრიოტიზმითო. კომისარიატის თანამშრომელმა არც ისინი დაინდო და "ამრიდებელთა" ვრცელი სია გადაშალა, 18-დან 28 წლამდე ასაკის სულ 400-მდე კაცი გამოვავლინეთ, მაგრამ მათი მამები, ბიძები და გავლენიანი პატრონები აქეთ მოგვდგნენ, თქვენ ხომ არაფერი გეშლებათ, ეს ბიჭები სპორტსმენები არიან და ალიბი აქვთო...

ვიცოდი, ახალგაზრდებს, განსაკუთრებით­ კი ქალაქელებს: სოხუმელებს, გაგრელებს, ბიჭვინთელებს ჯარში წასვლა არ უნდოდათ საშინელი პირობების გამო, მეტიც, ისინი აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებს "გლეხურს" უწოდებენ.

- აფხაზებს თუ აქვთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სურვილი?
- თავიდან, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა, აფხაზები აღტაცებული იყვნენ და რამდენიმე მათგანი ჩაწყობითა და ნაცნობობით წავიდა რუსე­თის ჯარში, მაგრამ მალე იმედი გაუცრუვდათ, ერთი-ორი ისეთი ნაცემი ჩამოიყვანეს,­ პოლიტიკური მოტივები აღარ ადარდებდ­ათ. თურმე რუსები დასცინოდნენ აქცენტის, პროვინციალიზმის, ველური ტრად­იციების, თითქმის ყველაფრის გამო. მხოლოდ ჩრდილოკავკასიელები უჭერდნენ მხარს.

- რა ხდებოდა "აფხაზურ არმიაში?"
- ცემა აფხაზურ ჯარშიც მიღებულია. ვიცოდი, რომ მისვლისთანავე მცემდნენ. თუ ვერ გაუმკლავდები, "ჩმორიკი" იქნები და ყველაფრის გაკეთება მოგიწევს: წყლის მოტანა, სერჟანტის ჩექმის გაწმენდა, მისი ტანსაცმლის გარეცხვა, სიგარეტისა და სასმლის შოვნა... პირველი ორი კვირა ბრძანების შეუსრულ­ებლობის გამო, შენობის უკან რამდენიმე ჯარისკაცი დამხვდა და მცემეს, მირტყამდნენ რკინის ნაჭრით, ხელით, ჩექმით, მაგრამ გავუძელი, ღამით კი ტანსაცმელი და ჩექმა დამიწვეს. დილით მოწყობაზე ფლოსტებითა და ნაცემი რომ გამოვ­ცხადდი, მეთაურმა მკითხა, რა მოგივიდაო. კიბეზე დავგორდი-მეთქი, ახარხარდნენ. სხვათა შორის, ჩემსავით ფლოსტებით სხვებიც იყვნენ. რამდენიმე დღის შემდეგ ისე მაგრად მცემეს, ცხვირის ძგიდე გამიტყდა და ძლიერი სისხლდენისგან გონება დავკარგე. რამდენიმე დღე ჰოსპიტალში გავატარე, სადაც ფანჯრების ნაცვლად, ცელოფანები იყო აკრული, კედლები კი დაბზარული... სამედიცინო პერსონალს მხოლოდ დილაობით ვხედავდი. შემდეგ ისევ ნაწილში დამაბრუნეს.

- როგორ შეგხვდნენ?
- ვითომ არაფერი მომხდარა. მე პირვ­ელი კი არ ვიყავი, ვისაც სცემეს, 18-19 წლის ბიჭებს, ვისთანაც გაუვიდოდათ, სახლში გზავნიდნენ, რომ პურმარილი მოეტანათ და შემდეგ დილამდე მეთაურობასთან ერთად ქეიფობდნენ. "გავლენიანები" მედღევეობას არ კადრულობდნენ, თავისუფალი გრაფიკი და ბანქოს თამაში ერჩივნათ. ერთ­ხელ ერთ-ერთმა "ძველმა" - "სტარი", ასე ეძახიან - ცოცხზე მიმითითა, დაგავეო. რკინის საწოლების თავებით ვიჩხუბეთ. მცემეს, თავი გამიტეხეს, მაგრამ ცოცხისთვის ხელი არ მიხლია, რადგან ერთხელ დამორჩილება მუდმივად მორჩილებას ნიშნავდა.

ექიმმა მირჩია, ერთი ქართველი ხარ ("მენგრელს" მეძახდნენ) და ვერ გაუძლებ, ხვალ-ზეგ უარესს გიზამენ, გააკეთე, რასაც გეუბნებიანო. ვიფიქრე, ნაწილში დაბრუნების შემდეგაც თუ არაფერი შეიცვალა, მესამე სართულიდან გადავხტები, თუ დავიმტვრევი, სახლში მაინც გამიშვებენ-მეთქი. თვითმკვლელობაზეც ვფიქრობდი, რადგან ტერმინატორი ნამდვილად არა ვარ, "დაჩმორება" კი არ მინდოდა...
ამასობაში, ჩემს ნაწილში კოდორელი სვანი­ ბიჭი გადმოუყვანიათ. სასადილოში ჩასვ­ლისას, როგორც კი ერთ-ერთმა "ძველმა" მორიგი ბრძანება მომცა, შენი ულუფა მე მომეცი, მარტო პურიც გეყოფაო, სკამებით­ ვიჩხუბეთ. იქაურობა დავლეწეთ, მაგრამ შუა ჩხუბში შევნიშნე, ის სვანი და კიდევ რამდენიმე აფხაზი ბიჭი უკვე ჩემს მხარეს დადგნენ. ეს იყო შემთხვევა, როცა მჩაგვრელების წინააღმდეგ ეთნიკური ნიშნის გარეშე გავერთიანდით. შეტაკება ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

შედეგად 6 კაცი ჰაუპტვახტში გაგვიშვეს. 3 დღის შემდეგ ყაზარმაში რომ დავბრუნდით, ვითარება ოდნავ დამშვიდებული დაგვხვდა. შევრიგდეთო, გვითხრეს უფროსებმBა,­ ვისაც "სიტუაცია ეჭირა", მაგრამ არ ვენდე. ერთ დღეს იარაღი დაიკარგა და ერთი დიდი ჩხუბი მაინც მოგვიხდა, რადგან ხელი ჩვენ დაგვადეს, ეს კი ციხეს ნიშნავდა.

- რა მოიმოქმედეთ?
- ერთ მიყუჩებულ ადგილას მივიმწ­ყვდიეთ და ვუთხარით, თუ ჩვენებას­ არ შეცვლით, დაგხოცავთ და მხოლოდ­ ამის შემდეგ წავალთ ციხეში-მეთქი. შეეშინდათ და ჩვენება შეცვალეს.
მეორე დღეს ნაწილში პოლკოვნიკი ზანთარია მოვიდა და აფხაზ სამხედროებს, ვისაც ამ საქმისთვის თვალყურის დევნება ევალებოდა, ყველაფერი თავზე დაამხო. 7 ერთეული იარაღი დაიკარგა, კალაშნიკოვის ავტომატები და ორი რევოლვერი... როგორც ვიცი, ჯარიმებიც გადაახდევინეს და ხელფასებიც დაუქვითეს. იარაღის დაკარგვა ჩვეულებრივი ამბავია.

აფხაზი სამხედროები იარაღის ბიზნესში იყვნენ ჩართული, კლიენტურად კრიმინალები, ძველი ბიჭები და მაღალჩინოსნები ჰყავდათ. თუ ფაქტი გახმაურდებოდა, დიდი ამბავი მოჰყვებოდა, თუ არადა, მიჩუმათდებოდა, ისედაც ძველი შეიარაღება აქვთ და ჩამოვწერეთო, იტყოდნენ.
ორი წლის განმავლობაში, ალბათ, სულ ათჯერ წაგვიყვანეს სასროლეთზე, რადგან ვაზნები არ ჰქონდათ, მაშინ როცა ერთ საშუალო-სტატისტიკურ აფხაზს იარაღისა და ტყვია-წამლის არსენალი აქვს სახლში.

ეზოში 2008 წლის ომის ნაალაფარი საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაქონი ორი ტანკი იდგა, მაგრამ დაქოქილი არავის უნახავს. აფხაზები ხუმრობდნენ, რუსული ჯართის შემდეგ, მაღალ სტანდარტებს ვერაფერი გაუგესო.
სერჟანტები და ოფიცრები გვეუბნებოდნენ, კაპიკებს გვაძლევენ და ავად რომ გავხდეთ, ვინ მოგვხედავს, სამკურნალოდ საქართველოში თუ წავალთ, თორემ აქ დაღუპულები ვართო.
დილით 6 საათზე ვდგებოდით და ვვარჯიშობდით, თუმცა ეს ყველას არ ეხებოდა, "გავლენიანები" 10 საათზე დგებოდნენ. გვამღერებდნენ გაუგებარ აფხაზურ ჰიმნს, რომლის ტექსტი მე კი არა, თავად აფხაზებმაც არ იცოდნენ.

- საკვებად რა გქონდათ?..
- ჩაი და პური, ფაფები, პური არმი­ისთვის ცალკე ცხვებოდა ­და შიგ ხან თაგვს­ ვპოულობდით, ხან რაღაც­ გაურკვეველ ნივთებს. კარტოფილი საქონლის ხორცით, ხანდახან თევზი, ლობიო, ბორშჩი, რაღაც წვნიანები­ და საღამოს ისევ ჩაი... ოღონდ ყველაფერი უგემური. ყველგან ანტისანიტარია იყო... უამრავი ინტოქსიკაციის შემთხვევა ყოფილა, ამიტომ ვისაც ჯარში გავლენა და ფული ჰქონდა, გარეთ ვჭამდით. როდესაც რუს სამხედროებთან ერთობლივი წვრთნა გვიტარდებოდა, დერეფნების დეზინფექცია და თეთრეულის გამოცვლა იწყებოდა, აწესრიგებდნენ ეზოებს, წმენდდნენ ფანჯრის მინებს.

ჩვენი ტანსაცმელი, რომელიც სამრეცხაოში უნდა გაერეცხათ, ხშირად ჭუჭყიანი მოჰქონდათ უკან, რადგან დაბალი ძაბვის გამო სარეცხი მანქანები არ ირთვებოდა, ან ეზარებოდათ, ხელფასს არ გვიხდიანო... ჯარისკაცებს მკბენარები და პარაზიტები ჰყავდათ, რადგან ცხელი წყალი არ გვქონდა. საპონი თითქმის არასდროს იყო, ჯარისკაცებს, მით უფრო ზამთარში, ბანაობა ეზარებოდათ.

- თეორიულ მომზადებაში რას გადიოდით?
- ძალიან ბევრმა აფხაზმა რუსულად წერა არ იცოდა, რადგან სკოლაში თითქმის არ უვლიათ, ამიტომაც თეორიის ლექტორები მათთვის წერა-კითხვის შესწავლით იყვნენ დაკავებული. ამ მხრივ მეც არ გამოვირჩეოდი, რუსულ ჯარში ვისწავლე, რადგან ჩემს სკოლაში სწავლება ჯერ კიდევ ქართულად მიმდინარეობდა, ოჩამჩირელი ვარ, მაგრამ მამას გალის სკოლაში დავყავდი. სამხედრო ტოპოგრაფიის მხოლოდ ის გავიგე, რომ სტრატეგიული მოწინააღმდეგე­ "საქართველოა". ოფიცრები წუხდნენ, ომის დამთავრებისთანავე იმდენი მოხალისე მოაწყდა არმიას, პატრიოტული სულისკვე­თება იმდენად მაღალი იყო, ვერ ვიფიქრებდით, აფხაზური ჯარი ასეთ უდისციპლინო სისტემად თუ ჩამოყალიბდებოდაო. საჩვენებლად, აღლუმებისთვის, ე.წ. ელიტური ნაწილი ჰყავთ, მაგრამ მე ჩვეულებრივ "არმიაში" ვიყავი, სადაც მე და ასობით ჩემისთანას, 2500-კაციანი არმია ჰყავთ, ყოველდღე გადარჩენისთვის გვიწევდა ბრძოლა.

რეზო
09 თებერვალი 2019 19:49
ესაა რუსეთის უძლეველი არმია?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები