"შვილმა პეტერბურგიდან დედის ფერფლი ჩამოიტანა და მთაწმინდაზე, მამის საფლავზე მიმოაბნია..." - კვირის პალიტრა

"შვილმა პეტერბურგიდან დედის ფერფლი ჩამოიტანა და მთაწმინდაზე, მამის საფლავზე მიმოაბნია..."

ქვეყნად ყველაფერი როდი კვდება - სიყვარულის ლეგენდა თაობიდან თაობას გადაეცემა და ყოველი გახსენებისას ვარსკვლავივით კაშკაშებს. პოეტ სიმონ ჩიქოვანისა და მარიკა ელიავას სიყვარულზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ 60-იანი წლების თბილისში.

სიმონ ჩიქოვანი მთაწმინდაზე დაკრძალეს. მისმა მეუღლემ შვილს უთხრა, მე მთაწმინდაზე არავინ დამკრძალავს, არადა, მინდა, მამაშენის გვერდით ვიყო, ამიტომ როცა მოვკვდები, ჩემი სხვაგან დაკრძალვა არ გაბედო, დამწვი და ფერფლი ჩემი ქმრის საფლავზე მოაბნიეო. ორი წლის შემდეგ შვილმა დედის ანდერძი შეასრულა... სიმონ ჩიქოვანის ბიძაშვილი ელეონორა ჩიქოვანი აბაშის სოფელ ნაესაკაოში პოეტის მუზეუმს უვლის და ლეგენდარულ სიყვარულსაც ხშირად იხსენებს.

- სიმონი ბედით დაჩაგრული ბიჭი გვყავდა ჩიქოვანებს. ჯერ დედა გადაჰყვა მის დაბადებას, მერე დედასავით საყვარელი ძიძა მოუკვდა, ბოლოს დებიც დაეხოცა, კართან სიღატაკე ჩაუსაფრდა, მაგრამ მაინც კარგ ადამიანად გაიზარდა.

მერე თბილისში წავიდა სასწავლებლად და იქაც ძალიან უჭირდა. მისი სინათლე მარიკა იყო, რომელიც რუსთაველზე დაინახა დასთან ერთად. თურმე დანახვა და სიმონის შეძახილი ერთი იყო - ვინ არის ეს გოგო, ცოლად უნდა შევირთოო! სიმონის მეგობარ პოეტებს ძალიან გაჰკვირვებიათ, შე კაცო, რაღა მაგას უყურებ, მაგის დაზე მთელი თბილისი გიჟდება და იმას რატომ არ შეხედეო! სიმონმა კი - თავი დამანებეთო და მარიკას გაცნობა მაშინვე მოახერხა, თუმცა გოგოს ასე ადვილად ვინ გაატანდა?! მამა თანამდებობის პირი ჰყავდა და სულაც არ ეპიტნავებოდა ღარიბი სიძე, მაგრამ მარიკამ რვა წლის მანძილზე სხვა არავისკენ რომ არ გაიხედა, ქორწილიც გაიმართა... მარიკას ძლიერი ქალის მხოლოდ სახელი ჰქონდა, სინამდვილეში ის სიმონის აჩრდილი იყო, რომელსაც ძალიან მძიმე ბედი არგუნა ღმერთმა. ჯერაც ახალგაზრდას, დიაბეტი დაემართა და დაბრმავდა. მარიკა იყო მისი ხელებიც, კალამიც, ჰაერიც... მაღალსართულიან სახლში ცხოვრობდნენ და როცა სიმონს დაბლა ჩამოსვლა აღარ შეეძლო, მარიკა ბინაში ასეირნებდა, რომ ქმრისთვის ლოგინად ჩავარდნა აეშორებინა, მერე კი დღის ამბებს დღიურში წერდა: "დღეს სიმონმა ინერვიულა", "დღეს სიმონმა იცინა", "დღეს სიმონმა ამოიოხრა"... ბოლოს მარიკაც ავად გახდა. კიბო აღმოაჩნდა. თუმცა, მოახერხა, რომ სიმონს ეს არ გაეგო. პეტერბურგში ოპერაციაც ისე გაიკეთა, ქმარს არაფერი უთხრა, სიმონის გარდაცვალებით კი ყველაფერი დამთავრდა. სიმსივნემ ხელახლა შემოუტია და შვილმა ისევ პეტერბურგში წაიყვანა, მაგრამ უკვე გვიან იყო - პეტერბურგიდან ნიკამ დედის ნაცვლად ფერფლით სავსე ურნა ჩამოიტანა, მთაწმინდაზე აიტანა და ფერფლი მამის საფლავზე მიმოაბნია.

- მართლაც ლეგენდასავით ამბავია... - ვინც მათი სიყვარულის ამბავი იცის, როგორ შეიძლება, დაივიწყოს!.. ახლა სულ ახალ ამბავს გაგანდობთ: არცთუ დიდი ხნის წინ დამირეკა პოეტმა შარლოტა კვანტალიანმა, - მერიიდან ნებართვა გამოვითხოვე და სიმონ ჩიქოვანის საფლავის ქვაზე მარიკას სახელიც დავაწერეო. ასე რომ, ეს ორნი, ვერც სიცოცხლემ რომ ვერ დააშორა და ვერც სიკვდილმა, ისევ ერთად არიან.