"ტაში მთავრდება და ყველაფერს თავიდან იწყებ..." - კვირის პალიტრა

"ტაში მთავრდება და ყველაფერს თავიდან იწყებ..."

"თუ ბალერინა თვალსაწიერს არ იფართოებს, ვეღარ იცეკვებს. ბალეტი ხომ სპორტი არ არის, სადაც მთავარია, ილეთი კარგად შეასრულო - ბალეტი ჩვენს სულშია"

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიმა-ბალერინას, ნინო სამადაშვილს ვსტუმრობ. ოთახს, სადაც ვსაუბრობთ, მაყურებლის მორთმეული ვარდები ამშვენებს. - ვარდები ყოველთვის სჭარბობს სხვა ყვავილებს, - ეღიმება პრიმას დედას, მაგდა ბერძენიშვილს. ჩვენ ვსაუბრობთ ბალერინას ცხოვრებაზე თუ ხელოვნებაში ცხოვრებაზე, რომელიც ხშირად ვარდების სიუხვით იზომება.

- ნინო, საქართველოს უახლესი ისტორიის ბნელ და ცივ პერიოდად სამართლიანად მონათლული ოთხმოცდაათიანების ბოლოს დადექით პირველად საბალეტო კლასის ძელთან. სარეპეტიციოს კართან დედა გელოდებოდათ, სახლში - ტკბილი ოჯახი, მაგრამ მომავალში რა მოხდებოდა, შეუძლებელი იყო, ვინმეს სცოდნოდა. მაშინ საქართველოში ბალეტი მკვდარი იყო...

- ამაზე მაშინ ვერ ვიფიქრებდი, ალბათ, არც დედაჩემს ჰქონდა შორეული გეგმები, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი - ბალეტი სწორედ იმ პირველი დღიდან შემიყვარდა, რომელიც თქვენ გამახსენეთ. ვიცი, გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ნებისმიერი წარმატება მხოლოდ შრომით და სიყვარულით მოდის. ალბათ, ვიღაც იტყვის, რომ არც თვითონ დაუზოგავს თავი, მაგრამ ვერაფერს მიაღწია, რადგან ამ ქვეყანაში არა და არ დამთავრდა სოციალური თუ პოლიტიკური კრიზისები... მის ნათქვამში სიმართლის მარცვალი იქნება, მაგრამ ჩემი შრომა არსად დაკარგულა, სწორედ ამ თავდაუზოგავმა შრომამ ჩამოაყალიბა ჩემი დღევანდელი სახე.

- და არ შეუშლია ხელი ქვეყანას, რომელშიც არა და არ მთავრდება კრიზისები?

- რა თქმა უნდა, შემიშალა და დღესაც მიშლის. ქალბატონ ნინო ანანიაშვილის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ როდესაც ის საქართველოში ჩამოვიდა და ჩვენს დასს სათავეში ჩაუდგა, ყველამ იცის, როგორ მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა, თუმცა ფარ-ხმალი არასდროს დაუყრია. ამიტომაც გვყავს ახლა ასეთი დასი.

ემიგრაციაში ცხოვრება არ არის ტრაგედია, როდესაც ამას განვითარებისთვის აკეთებ და არა - ლუკმაპურისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, უმჯობესია, როდესაც შენი სამუშაო ადგილი შენივე ქვეყანაა...

გვაკრიტიკონ ისე, როგორც ამას ვიმსახურებთ - ბალეტის კრიტიკას ვგულისხმობ, მაგრამ ამას ჩვენს ქვეყანაში ვერ ვეღირსეთ. ნინომ ყველაზე უკეთ იცის, რომ ის პატარა გოგონები აღარ ვართ, რომლებიც ჩაგვიბარა, ამიტომ ყველანაირად გვიწყობს ხელს, რომ ერთ სივრცეში არ ვიხარშოთ და თვალსაწიერი გაგვიფართოოს. ჩვენი დასი ბევრს მოგზაურობს. ეს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნისთვის არის სასარგებლო, მეორე მხრივ კი ჩვენი ჰორიზონტის გაფართოებას ემსახურება.

- და ნამდვილი კრიტიკის გემოსაც იქ იგებთ?

- დიახ. ამას წინათ ბელორუსიის დიდი თეატრის სცენაზე ვიცეკვე "გედების ტბა". ჩემს ოდილიაზე მაშინ წავიკითხე პირველად პროფესიონალი კრიტიკოსის ნააზრევი. ახლობლებისგან იმისი მოსმენა, თუ როგორი სასწაული, არაჩვეულებრივი ქალღმერთი ხარ, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ პროფესიონალის შეფასება, შესაძლოა, გარდამტეხადაც კი იქცეს...

- ბალერინობა ყოველდღიური რუტინაა, რომელსაც დიდი ფიზიკური შრომა და ზოგჯერ ტკივილიც ახლავს...

- ეს არის პროფესია, სადაც მიღწეულით ტკბობის უფლება მხოლოდ მანამდე გაქვს, სანამ ტაშს გიკრავს დარბაზი. ტაში მთავრდება და ყველაფერს თავიდან იწყებ. დამთავრდა სპექტაკლი? ხვალ ისევ უნდა გაიარო რეპეტიცია. დახვეწე ილეთი? ხვალ ამაზე უკეთ უნდა გააკეთო. ეს წრეა, რომელშიც საკუთარი ნებით შედიხარ და არსად გინდა წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგჯერ მართლაც რუტინაა. თუმცა როდესაც სპექტაკლამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და მომზადებას იწყებ, გიკეთEებენ გრიმს, თმას, შემოაქვთ შენი კოსტიუმი, ირგებ, ხელით ეხები, იმ ტყავში ძვრები, რომლითაც სცენაზე უნდა დადგე, ორკესტრი უკრავს, დარბაზი გასუსულია და გულისცემა გიმატებს, შენ ხელოვნების მსახური ხარ - ბედნიერი მსახური.

- მერე ქუჩაში გამოდიხართ და რაც იქ გხვდებათ, აღარ გეხებათ?

- მეხება! ჩემი პროფესიის გამო, შესაძლოა, "გვერდით გავწიო" ადამიანები, ვაწყენინო ჩემი მოუცლელობით, ვერ ვიყო იქ, სადაც მათ უნდათ, ვიყო, მაგრამ ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, ჩემი საქმეც არის. როცა განსაკუთრებულად თანავუგრძნობ მოვლენას, ვპოულობ დროს, რომ მივიდე და ცოტა ხანს მაინც დავდგე სხვებთან ერთად მანამ, სანამ ეს უსაფრთხოა ჩემი ფეხებისთვის... იმედი მაქვს, არ გაეცინება მკითხველს, რადგან ფეხები ბალერინასთვის უმნიშვნელოვანესია. მახსოვს, ერთხელ რეპეტიციაზე შევედი და ისეთი დაღლილი მქონდა ფეხები, ჩემს პედაგოგს ვუთხარი, ვერაფრით ავხტები-მეთქი. იმ დილით "გედების" რეპეტიცია მქონდა, საღამოს კი ლაურენსია უნდა მეცეკვა. მოკლედ, ვერ ავხტები-მეთქი, გამოვუცხადე. არა უშავს, მოდი, ნელ-ნელა დავიწყოთო... დავიწყეთ, ეშხში შევედი და მთელი სპექტაკლი გავიარე. ავხტი კი არა, ვიფრინე კიდეც...

- მიუხედავად იმისა, რომ დასის წევრი ხართ, გაქვთ საკუთარი გეგმებიც. - ჯერჯერობით ჩემი გეგმები მთლიანად დასის გეგმებს ემთხვევა, თუმცა ხანდახან მთავაზობენ რაღაცას, რაც მხოლოდ ჩემია. ახლახან საფრანგეთში მიმიწვიეს. სიხარულით წავალ, მაგრამ ამან დასის გეგმებს ხელი არ უნდა შეუშალოს. ახლა ქალბატონ ნინოსთან ერთად გეგმას ვაწყობ; იმედი მაქვს, მოვახერხებ წასვლას ჩემს პარტნიორთან ერთად და ფრანგულ დასთან ვიცეკვებ.

- პრიმა-ბალერინებს მხოლოდ გეგმები აქვთ, თუ ოცნებებიც? - ბევრი გეგმა და უფრო მეტი ოცნება. იცით, რაზე ვოცნებობ? მინდა, დრო და ენერგია იმისთვისაც მეყოს, რომ სხვა მხრივაც განვვითარდე. თუ ბალერინა თვალსაწიერს არ იფართოებს, ვეღარ იცეკვებს. ბალეტი ხომ სპორტი არ არის, სადაც მთავარია, ილეთი კარგად შეასრულო - ბალეტი ჩვენშია, ჩვენს სულში... კიდევ ერთი ოცნება მაქვს და ცოტა შორიდან დავიწყებ...

როცა ჩვენს დასთან ერთად პირველად მოვხვდი იაპონიაში და ვნახე, როგორ უჩოქებდნენ ნინო ანანიაშვილს მაყურებლები, როგორ იდგნენ სიცივეში საათობით, რომ კიდევ ერთხელ დაენახათ, მივხვდი, რა განასხვავებს ქართველ მაყურებელს მათგან. ქართველებისთვის სპექტაკლზე მოსვლა, შესაძლოა, ერთადერთი ნათელი სხივი იყოს სიბნელეში, მათთვის კი, ვინც ისედაც სინათლეში ცხოვრობს, მიძინებული ემოციების გამოცოცხლებას ლამობს... ამიტომ არის მათთვის ჩვენი ბისზე გამოსვლა, პრიმასთან მიახლოება, მისი ავტოგრაფი ესოდენ მნიშვნელოვანი. მათ პრობლემები არ აქვთ, უპრობლემო ადამიანები კი მოწყენილები არიან. ხელოვნება თითქოს ჩვენთვისაც და მათთვისაც სულიერების წყაროა, მაგრამ მათთვის უფრო გართობა მგონია...

სიტყვა გამიგრძელდა... ჰოდა, ძალიან მინდა, ჩვენი მაყურებელიც სინათლიდან მოვიდეს თეატრში...

დეა ცუცქირიძე