"ბევრი­ ქართველი მუჰაჯირი გემებიდან გადავარდა და დაიხრჩო" - კვირის პალიტრა

"ბევრი­ ქართველი მუჰაჯირი გემებიდან გადავარდა და დაიხრჩო"

ქართველი მუჰაჯირების ისტორიაზე ბოლო დრომდე არ ლაპარაკობდნენ. მიზეზი ბევრი იყო, მათ შორის ის, რომ ამ ადამიანებმა ოდესღაც თავს მოხვეული რელიგიის გამო სამშობლოში ცხოვრება არ მოინდომეს...

თურქოლოგი, პროფესორი ნანა კაჭარავა 19 წელიწადია, თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტში ქართულ ენას ასწავლის და მუჰაჯირების სოფლებში ქართული ენის კურსებს ხელმძღვანელობს.

- არც დავფიქრებულვარ, ისე წავედი 1995 წელს ანკარის უნივერსიტეტში. პირველივე დღეს გულის მომკვლელი ამბავი გავიგე - უნივერსიტეტის ლინგვისტურ-ისტორიულ ფაკულტეტზე მსოფლიოს ყველა ენის განყოფილება არსებობდა, გარდა ქართულისა. საქართველოს მაშინდელ ელჩს, ნოდარ კომახიძეს მივადექი - საქართველოში 1944 წლიდან თურქოლოგიის უძლიერესი კათედრები გვაქვს და რა გაგვიჭირდა, რომ აქ ქართული ენის სახსენებელი არ არის-მეთქი?! ბატონი ნოდარი და მისი მოადგილე რექტორს შეხვდნენ და საჩუქრად ცნობილი ქართველი მხატვრის ტილოც მიუტანეს. რექტორი, რომელსაც წარმოშობით ქართველი მეუღლე ჰყავდა, ნახატის დანახვისას გაოცებულა - რა ხართ ეს ქართველები, რა იცოდით, რომ დღეს ჩემი დაბადების დღე იყოო! თუმცა, ელჩმა მისი დაბადების დღისა არაფერი იცოდა, ეს მისი დიპლომატია იყო და უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების საკითხიც მალე გადაწყდა. ცოტა ხნის შემდეგ კი ქართული ენის შესწავლა თურქეთის სამ სხვა უნივერსიტეტშიც (რიზე, არდახანი და ყარსი) დაიწყო. ამასთან, ქართული ენა თომერში, ანუ თურქეთში ენების შემსწავლელ კურსებზე დაუშვეს. ყოველკვირა მივემგზავრები მუჰაჯირების სოფელში, სადაც ქართველობას თითქმის დავიწყებულ ქართულს თავიდან ვასწავლი. სოფელში ქართველებთან ერთად ჩერქეზი მუჰაჯირებიც ცხოვრობენ. ჩერქეზთა მუჰაჯირობის ისტორია წლების წინ ვთარგმნე და თარგმნისას ვტიროდი, ახლა კი ქართველთა მუჰაჯირობის ისტორიის თარგმნაც მომიხდება. მუჰაჯირები თურქეთში რუსეთ-თურქეთის შეთანხმებით ბრუნდებოდნენ. რუსეთი ქართველი მუჰაჯირების გადახვეწას ბინძური მეთოდებით უწყობდა ხელს - დაქირავებული ხალხი ქართველ მუსლიმებში ხმებს ავრცელებდა, ძალით გაგაქრისტიანებენ, ცოლებს კი წაგართმევენო. ისინიც უკან გაბრუნებას არჩევდნენ. თუმცა საკუთარ მიწა-წყალს მოტყუებით რომ მოაშორეს, მალევე მიხვდნენ. ქართული სიმღერა - "ალი ფაშამ გვიღალატა" - სწორედ ამაზეა. ქართველი მუსლიმები რომ ისევ თურქეთში გაესტუმრებინათ, მაღალი წრის მუსლიმი ქართველობა მოისყიდეს, რომ უკან გლეხობა გაჰყოლოდათ. უმძიმესი გზა გაიარეს - თურქეთი მათ მისაღებად მზად არ აღმოჩნდა, ბევრი მუჰაჯირი გემებიდან გადავარდა და დაიხრჩო, ბევრიც გზაში ინფექციურმა დაავადებებმა იმსხვერპლა.

დასასახლებლად ყველა ისეთ ადგილებს ეძებდა, მათ მშობლიურ ადგილებს რომ ჰგავდა: ზღვის სანაპიროზე მცხოვრებნი კვლავ ზღვის სანაპიროზე სახლდებოდნენ, მთიანეთიდან წასულები მთა-გორებს ეძებდნენ, ამ ძებნაში კი თურქეთის შუაგულამდე აღწევდნენ. იმიტომაც არის დღეს, მაგალითად, ბურსაში 45 ქართული სოფელი. ამ სოფლებში ძალიან კარგად ცხოვრობენ, სხვებზე უკეთ - ქართულმა ნიჭმა შეძლო, ცარიელი ხელით ცხოვრება აეწყოთ, სამშობლო კი არ დავიწყებოდათ... თუმცა, უფროსი თაობის ქართველები უფრო დაჟინებით სწავლობენ ქართულს, ვიდრე ახალგაზრდები... მაგრამ საქართველოს აქვს პროგრამა - ქართული ემიგრაციის ახალი თაობა ერთი თვით საქართველოში ჩამოჰყავთ, აქედან წასულები კი საქართველოს ვეღარ ივიწყებენ. როდესაც დუზჯედან ქართველმა მასწავლებელმა ანაკლიაში 24 მოზარდი ჩამოიყვანა (მათ შორის, 3 გოგონა), ბავშვები ისეთი მოჯადოებული დაბრუნდნენ უკან, მშობლები მასწავლებელს ეხუმრებოდნენ, აღარ გაგატანთ შვილებს, გვეშინია, იქ არ დარჩნენო.

ეს ბავშვები ანაკლიაში დაუახლოვდნენ იქაურ ქართველებს. უკან დაბრუნებისას თურმე ისე ეხუტებოდნენ ერთმანეთს, იმდენი ცრემლი დაღვარეს, გეგონებოდა, ერთად იზრდებოდნენო. რამდენიმემ შეყვარებულიც კი გაიჩინა. მასწავლებელმა მითხრა, წერილებს სწერენ ერთმანეთსო.

- როგორ წერენ, ქართული ხომ დავიწყებული აქვთ?

- გუგლის თარგმანით... ეს ჩვენი თურქი ქართველები მართლა საოცრად მომხიბვლელები არიან - მაღლები და ლამაზები.

- უფრო პატარა ქართველები თუ დადიან ქართულის შესასწავლად? - დადიან... მამა-ბაბუებს დაჰყვებიან... ერთხელ, როცა უფროსებს გაუჭირდათ სიტყვის დაწერა, პატარებმა დამიწერეს. მათ ლექსებიც დავურიგე, მაგალითად, "მე პატარა ქართველი ვარ". მონდომებით სწავლობენ. თურქულში ზოგი ქართული ბგერა არ არის, მაგალითად, ჭ, ც, ყ და ბევრს ამ ბგერების გამოთქმაც უჭირს, მაგრამ ზოგი ისე გამოთქვამს, თითქოს აკვნიდან ასე ლაპარაკობდეს. ამ დროს თავს ვერ ვიკავებ და წამოვიძახებ ხოლმე, შენ ნაღდი ქართველი ხარ-მეთქი!

მუჰაჯირ კავკასიელებს, ტრადიციულად, იქაც ქართველების იმედი აქვთ. მაგალითად, სოფლის მამასახლისების არჩევისას ჩერქეზი აუცილებლად ქართველს დაასახელებს, ქართველი კი - თურქს!

ჩერქეზები თურქეთში მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში, რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობის დროს გადმოასახლეს. თითქმის მთელი ერი წავიდა. მათ არისტოკრატიას რუსეთმა მოსთხოვა, ან მთები მიატოვეთ და ბარში ჩასახლდით, ან მოგვცილდითო!

ჩერქეზებმა მონობას წასვლა არჩიეს - ზღვით გადავიდნენ თურქეთში. იმდენი იყვნენ, პატარა გემებზე ვერ ეტეოდნენ, ზღვაში ცვიოდნენ. სამშობლოში ჩერქეზთAა მხოლოდ ნაწილი დარჩა და ისიც თურქული წარმოშობის ტომებს შეუერთეს. ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას ჰქონდა ჩაწერილი 90 წლის ჩერქეზის ნაამბობი - ჩერქეზების ზღვით წასვლის შემდეგ შავი ზღვა შვიდი წლის განმავლობაში ნაპირზე თავის ქალებსა და თმას რიყავდაო.

- საბედნიეროდ, უკვე ბევრი ქართველი მუჰაჯირი საქართველოში დაბრუნდა...

- დიახ. ჩემთვისაც ბევრს უთქვამს თურქეთში, სიცოცხლის ბოლო წლები ჩემს სამშობლოში უნდა გავატარო, იქ უნდა დავიმარხოო. ამას მატერიალური საფუძველიც აქვს - საქართველოში ცხოვრება უფრო იაფია, ვიდრე თურქეთში, თუმცა სისხლის ყივილიც არის... Bბევრმა საქართველო მოიარა, ნათესავებიც იპოვა და ბედნიერია.