"მთავარია, იცოდე, სად, რა, როგორ და ვისთან გააკეთო!" - კვირის პალიტრა

"მთავარია, იცოდე, სად, რა, როგორ და ვისთან გააკეთო!"

”ვინც ხმა აიმაღლა კვანტი დაუდეს”

"როდესაც წლების განმავლობაში სცენაზე ნინელი ჭანკვეტაძისა და სხვა საოცარი მსახიობების გვერდით დგახარ, ბევრ რამეს ნიშნავს. როდესაც რეპეტიციებზე ოთარ მეღვინეთუხუცესს ვაკვირდები, საოცარი გრძნობა მეუფლება.

თუ როგორ ხარჯავს ენერგიას, როგორ არ ზოგავს თავს და როგორ გიჩვენებს, რომ ის მეტრია, მაგრამ სცენაზე შენი ასაკისა ხდება. რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ნაკლებია მისი ამბიცია", - განაცხადა ინტერვიუს დასაწყისში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ, რომელიც, როგორც ყოველთვის, შემოქმედებით წვაშია.

ოქტომბრის ბოლოს თუმანიშვილის თეატრში პრემიერაა სპექტაკლისა, სადაც მსახიობი ერთდროულად ორ როლს ითამაშებს. სპექტაკლის სამუშაო სახელია "ჩაი ორისთვის", ლალი კეკელიძის პიესა რუსულენოვანია, აგებულია რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და იუმორისტული და ამასთანავე, ფსიქოლოგიური ჟანრისაა.

- გიორგი, თუმანიშვილის თეატრში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და რეპეტიციებს როგორ აპირებთ?

- ყველა საგრიმიორო დანგრეულია, მაგრამ ამაზე უარეს პირობებშიც მიმუშავია, წლების წინ ჩაბნელებულ და გაყინულ დარბაზში გავდიოდი რეპეტიციას.

- როგორც ვიცი, ფილმშიც გიღებენ...

- რეჟისორ ქეთი მაჭავარიანის სრულმეტრაჟიან ფილმში, სახელწოდებით - "მარილივით თეთრი", პატრულს ვთამაშობ. გადაღება აჭარაში, ქობულეთსა და ბათუმში მიმდინარეობს.

- რომელიმე გმირის განსახიერებაზე თუ ოცნებობ?

- თქვენ წარმოიდგინეთ, არა. ადრე ჰამლეტი მინდოდა მეთამაშა, მაგრამ ახლა აღარ მსურს, რადგან ეს როლი იმდენმა გენიოსმა მსახიობმა ითამაშა, რომ...

- როდესაც ტელესერიალ "ცხელ ძაღლში" გადაგიღეს, მაყურებლის ნაწილმა დაასკვნა, რომ, როგორც მსახიობმა, მამაშენს, ზურა ყიფშიძეს აჯობე.

- ამის მოსმენა ჩემთვის სასიამოვნოა, თუმცა ეს ყველაფერი ისევ და ისევ მამაჩემის დამსახურებაა. ზურამ ბევრი რამ მასწავლა. მაგალითად, მაქსიმალისტობა, პრინციპულობა...

- ბებიამ, ქალბატონმა ელენე ყიფშიძემ?..

- ოჰ, ბებია ელენე... ბებია კი არა ჩემი ძმაკაცი იყო. სულ მაფრთხილებდა, ბებია არ დამიძახო, ეს სიტყვა მაბერებსო. საბედნიეროდ, ტელესერიალ "ცხელ ძაღლში" ბებიასთან ერთად მომიწია თამაშმა. ელენე ძალიან მენატრება. ჩემი პირველი კრიტიკოსი და შემფასებელი იყო, მაგრამ აღარ მყავს. როდესაც პირველ, საკურსო  სპექტაკლში  მნახა, პირდაპირ არ გამაკრიტიკა და ფურცელზე დამიწერა, ოღონდ არა მწვავე, არამედ "ბებიისეული" წერილი. ასე მთავრდება: "მთავარია იცოდე, სად, რა, როგორ და ვისთან გააკეთო". ბებიას ამ ხელნაწერს დღემდე ვინახავ.

- როგორია სცენის მიღმა გიორგი ყიფშეძე?

- სადაც მივდივარ, იქაურ ქუდს ვიხურავ. როდესაც ერთსა და იმავე ადამიანთან დიდხანს მიწევს უთიერთობა, მის მანერებსა და ინტონაციას ვიღებ. მაგალითად, ქობულეთში ქობულეთელივით ვლაპარაკობ, სვანეთში რომ ვიყავი, სვანური კილო "ავიღე"... სხვათა შორის, ერთ-ერთი მსახიობი ვარ, ვისაც ჟურნალისტებთან ურთიერთობა უყვარს, მაგრამ ერთმა გაზეთმა ჩემზე ისეთი სიცრუე და საშინელება დაწერა, რომ სამუდამოდ მოვიკვეთე. რომ კვდებოდნენ, სიტყვასაც არ ვეტყვი.

- კრისტი ყიფშიძე კვლავ შენი ოფიციალური მეუღლეა?

- ასეა, მე და კრისტის ჯვარი აყრილი გვაქვს, მაგრამ ხელი არ გაგვიწერია. ასე რომ, ოფიციალურად ჩემს მეუღლედ მიიჩნევა.

- თქვენი ოჯახის დანგრევის მიზეზი მსახიობი ია სუხიტაშვილი არ ყოფილა?

- არა, რას ამბობთ?!

- იამ ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ კრისტი ჯერ კიდევ გიორგის მეუღლე იყო, როდესაც მე და გიორგი ერთმანეთს ვხვდებოდითო. სხვათა შორის, იას ამ ფრაზამ კრისტი ძალიან გააღიზიანა...

- (იღიმის) ცოლის, თუნდაც ყოფილის მხრიდან ეს ბუნებრივი რეაქციაა.

- კრისტისა და შენს მეორე მეუღლეს, ანის ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა აქვთ?

- ისეთი კარგი, რომ საყიდლებზე ერთადაც კი დადიან... მე და კრისტისაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ის ჩემი შვილის დედაა.

- "სიმართლის დროში" თქვი, ია სუხიტაშვილი, როგორც ქალი არ მომწონდაო. ამ ამბავმა ია ძალიან გაანაწყენა. ჩვენთან ინტერვიუში ისიც თქვა, გიორგი ჩემი პირველი სიყვარული იყოო...

- ამ გადაცემაში ეს კითხვა ძალიან ცუდად დამისვეს - შენ ია სუხიტაშვილი მოგწონდა, მაგრამ ამის თქმა ვერ გაუბედეო? ვუპასუხე, არა-მეთქი. ანუ, ამ კითხვას ორი პასუხი ჰქონდა. პირველი: ია სუხიტაშვილი მოგწონდათ? - კი. ვერ გაუბედე ამის თქმა? - არა, გავუბედე. კითხვა იყო არასწორად ფორმულირებული, თორემ ისეთ რაღაცებზე გავეცი პასუხი, როგორ გგონიათ, ამის თქმის მომერიდებოდა?

- იას თუ აუხსენი ეს ყველაფერი?

- რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ იამაც ცუდად გაიგო ჩემი პასუხი.

- ია სუხიტაშვილმა ახლახან ოჯახი შექმნა. ამ ამბავმა გული ხომ არ დაგწყვიტა?

- არა. რატომ? ია ჩემს მეგობარს გაჰყვა ცოლად. მიშა მესხი ჩემი ძმაკაცია. მე და იას ათი წლის წინ გვქონდა ურთიერთობა, შემდეგ გათხოვდა და შვილიც გაუჩნდა... ასე რომ, მე და ია მეგობრებად დავრჩით.

- ამ ზაფხულს ქობულეთში, ერთ-ერთ ბარში ბარმენად მუშაობდი...

- დიახ და ამის გამო ბევრმა მისაყვედურა, ეს არ გეკადრებაო და რაღაც სისულელეები, მაგრამ მაინც ვიმუშავე და ბარმენად მომავალ ზაფხულსაც სიამოვნებით ვიმუშავებ. 18 წლისა კვიპროსზე ვცხოვრობდი და იქაც ვმუშაობდი ბარმენად, ასე რომ, ბავშვობა გავიხსენე.

- შენს შვილზე ვისაუბროთ...

- ჩემი ნატაშკა ძალიან ნიჭიერია. პატარაა და ხან მოდელობა სურს და ხანაც - მსახიობობა. თეატრში ხშირად მიმყავს. გიჟდება, როდესაც გრიმს მიკეთებენ. ძალიან დამოუკიდებელია. უყვარს კითხვა, ხატავს, ფოტოგრაფობს, კლიპებს იღებს, სხვათა შორის, ჩემთან საოცარი ურთიერთობა აქვს, როდესაც ლუდის კათხით ხელში დამინახავს, მიბრაზდება და მიყვირის, მამიკო, რატომ სვამ და რატომ არ მიჯერებ, სათამაშო ხომ არ გგონივარო...

მერე იბუტება და თავისთვის ჯდება. შეუტყვია ჩემი სიმთვრალის ამბავი და იმის შემდეგ ლუდის სმასაც მიკრძალავს. ძალიან ზრუნავს ჩემზე, ისე გაჭრილი ვაშლივით მგავს - ჩემი ბავშვობის ფოტოები რომ ნახოთ, ერთმანეთისგან ვერ გაგვარჩევთ. თუმცა მეზობელს ხომ არ უნდა ჰგავდეს (იცინის)?

- კრისტი კვლავ შენს გვარს ატარებს...

- მივეცი და უკან ხომ არ წავართმევ? წარმოშობით სომეხია და თავის დროზე ვუთხარი, ჩემს გვარზე გადმოდი, თორემ სომხური გვარით საქართველოში ყოველთვის მეორე იქნები-მეთქი. რადგან თვითონ არა აქვს პრობლემა, რომ ჩემი გვარით დადის, იაროს!

- პოლიტიკაზე რას იტყვით?

- არც მე და არც მამაჩემი პოლიტიკაში არ ვერევით. მთავარია, პოლიტიკური სიტუაცია არ შეეხოს თეატრსა და კინოს. მაგალითად, ახლახან კულტურის სამინისტრომ თეატრებს ძალიან შეუმცირა დაფინანსება. ამიტომ თეატრების ხელმძღვანელობა იძულებულები ხდება, 20-ზე მეტი თანამშრომელი გაუშვას. არ გეგონოთ, რომ ეს საშინელება მხოლოდ თეატრებს შეეხო.

ოპერაც და კონსერვატორიაც ასეთივე დღეშია. იმის ნაცვლად, რომ კულტურის დაწესებულებებს დაფინანსება გაგვიზარდონ, შეგვიმცირეს. მაგრამ მაინც არ მსურს ამ ყველაფერში ჩარევა, რადგან ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკაში ჩარევა, ხალხის გადაკიდებას ნიშნავს. ჩემს თვალსაზრისს ყოველთვის ჩემთვის ვინახავ, რადგან ვინც ხმა აიმაღლა, კვანტი დაუდეს. ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს, ანდაზებით იცხოვროს და იმოქმედოს, ყველაფერი რიგზე იქნება.

ნინო მაისურაძე

”ყველა სიახლე”