შენ უნდა დაიბრუნო საქართველო!.. - კვირის პალიტრა

შენ უნდა დაიბრუნო საქართველო!..

ამ ბიჭის ფოტოს ინტერნეტში გადავაწყდით. კვალს მივდიეთ და მხოლოდ ის გავიგეთ, ამერიკაში წასული ქართველი ემიგრანტების შვილი ყოფილა. იქ ჩაუცვმევია ქართული ჩოხა სამშობლოს მონატრებულ დედას - თავის პატარას სამშობლოს სიყვარულს ასწავლის და ალბათ თავადაც ასე იქარვებს უსამშობლობით გამოწვეულ ტკივილს.

ეს ბიჭი ქართული ჯიშის ერთი ნერგია, იმ მილიონ შვიდასი ათასი ქართველიდან ამოსული, რომლებიც უცხო მიწაზე გადაიხვეწნენ... რა დიდი ტკივილია და თანაც რა დიდი იმედი... ასეთი ბიჭები უცხოეთში ასიათასობით იზრდებიან და იქიდან გვემატებიან დაცოტავებულ ქართველებს. განგების ძალავ და მადლო, ნუ გადაგვიჯიშებ ამისთანა ბიჭებს, თავის მიწას, ჯილაგსა და წინაპარს ნუ დააკარგვინებ, ნუ აქცევ უცხოტომელად - "უცხოობაში რაა სიამე?" დააბრუნე საკუთარ მიწაზე, რომ ფესვი გაიდგან და თავისი ძლიერებით მიწაც გააძლიერონ.

შენც აუცილებლად უნდა დაბრუნდე, ჩემო პატარავ! შენც და შენი ტოლი ქართველებიც. სხვა გზა არ არის, უთქვენოდ სამშობლოს ვერ ვიხსნით.

საქართველო თქვენს გზას გამოჰყურებს. გელოდებით, ჩემო პატარავ და ამ წერილს იმ სიყვარულს ვატანთ, როგორითაც სამშობლოს უყვარხარ...

გამარჯობა, საყვარელო! რა კარგი ხარ.

ეგ ლამაზი ჩოხა ვინ შეგიკერა? აბა, მოდი, კარგად შეგიკრა! სად გაგონილა, ვაჟკაცს ფეხები უჩანდეს და ისიც ფუნთულა! ვაჟკაცი მგლისმუხლა უნდა იყოს!

მგელი ჯერ არ იცი, რა არის? მაგას მერე გეტყვით, როცა გაიზრდები ან თვითონაც მიხვდები.

მოდი, ჩოხას შეგიკრავ და დავიწყოთ. ჯერ გაუშვი ეგ ლამაზი თითები ხმალს... ვერ უშვებ? კარგი. ისეთი ქვეყნის შვილი ხარ, ეგ ხმალი მაინც სულ ხელში უნდა გეჭიროს!

მოკლედ, იყო და არა იყო რა. იყო ერთი ლამაზი ქვეყანა. ამ ქვეყანას შენი თვალებივით ლურჯი ცა ადგა თავს, შენი თათუნებივით თეთრი მთები და შენი ღუღუნივით ტკბილი ენა ჰქონდა... იქაურებს ჩოხებიც ისეთი ეცვათ, შენ რომ გაცვია და წელზე ხმალიც შენსავით ეკიდათ - მძინარეებსაც... იცი, რატომ? ეს ქვეყანა ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი, ყველას უნდოდა, ხელში ჩაეგდო. ამიტომაც ყოველი მხრიდან ავი კაცები უტევდნენ.

ამ ცუდ კაცებსაც ქუდები ეხურათ, ოღონდ შენნაირი ვაჟკაცური ფაფახები კი არა, რაღაცნაირი წოწოლები, თითქოს ქვაბი ჩამოუმხიათო. ხმლებიც ჰქონდათ, ოღონდ დაგრეხილი და უშნო. დაერეოდნენ ამ თავისი უშნო ხმლებით ამ ლამაზ ქვეყანას და ჩეხდნენ და ჩეხდნენ.

თან უხაროდათ. ვერ მიხვდი, რა უხაროდათ? ახლა ეს ქვეყანა ჩვენი გახდებაო. ვერ მივართვით. ის ცუდი კაცები აქაურობას ცოტა ხნით დატოვებდნენ თუ არა, ხე რომ მოჭრეს, მის ადგილზე ახალ ნერგს რგავდნენ, დანგრეული სახლის მაგივრად ახალს აგებდნენ, ახალ სახლში კი შენისთანა ბიჭები და გოგოები იბადებოდნენ. მათი მამიკოები კი მათ უკვე ხმლებს უჭედდნენ (მარტო ბიჭებს კი არა, გოგოებსაც).

როგორ თუ ეს ქვეყანა ისევ ფეხზე დგასო, ისევ შემოიჭრებოდა ცუდი ხალხი და შენისთანა ბიჭებიც სულ კუდით ქვას ასროლინებდნენ...

მაგრამ მიწა მაინც წაგვართვეს და უკან შენ უნდა დაიბრუნო.

აბა, მაჩვენე ეგ თითები და რაღაც დავითვალოთ... ერთი, ორი, სამი... და... ბევრი... იცი, მტერს რომ უნდა მოერიო? ვერ დავითვლით... მაგრამ ხომ ყველას მოერევი? ხმალი კი გეჭიროს! არასოდეს გაუშვა ხელიდან!

ახლა ხომ ყველაფერი გაიგე!

გენაცვალე!

ნანა რამიშვილი