"რატომ ვერ ვიგირავე ბინა" - კვირის პალიტრა

"რატომ ვერ ვიგირავე ბინა"

მე და ჩემი მეგობარი გოგონა წელიწად-ნახევრაზე მეტხანს ვეძებდით 10-12 ათასი დოლარის ღირებულების ბინას გირაოთი და თითქმის ყველა ჩვენი ვიზიტი წარუმატებლად სრულდებოდა. ბინის მეპატრონეები გვთავაზობდნენ საცხოვრებლად გადაკეთებულ სხვადასხვა დანიშნულების ფართობებს, ავტოფარეხებს, სარდაფებს, სადაც რამდენიმე საფეხურით ქვემოთ უნდა ჩასულიყავი, საკუჭნაოებს, ორ ან სამსართულიანი სახლების კიბის ქვეშ მოწყობილ "ბინებს", სხვენებს, პატრონის მიერ თვითნებურად გამოტეხილი პატარა სარკმლით, რომელიც "ბინას" ანათებდა. ვნახეთ, გაურკვეველი ფორმის ჯიხურები, უცნაური მიშენებები, სადაც 20 კვმ სივრცეში სველი წერტილიც იყო, საძინებელიც და სამზარეულოც და არც ერთგან უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო...

ყველა ამ ე.წ. ბინაში შეყვანილი იყო ბუნებრივი აირი და ჩვენს კითხვაზე - რამდენად უსაფრთხოდ იყო დამონტაჟებული - ყველა ერთსა და იმავეს გვპასუხობდა - აქამდე არაერთხელ მქონდა გაქირავებულიც და დაგირავებულიც, აქ ოჯახები ბავშვებით ცხოვრობდნენ და არავის არაფერი დამართნიაო...

ზოგიერთ ბინაში ისევ ძველი მდგმური ცხოვრობდა და როდესაც ბინის მეპატრონეს ამა თუ იმ საკითხზე, ძირითადად, გაზის გამათბობლის უსაფრთხოებაზე, ან სულაც მოშიშვლებულ დენის კაბელებზე ჩავეძიებოდით, "ზედმეტი და ინტრიგანული კითხვებით" შეწუხებული, ტელეფონზე აღარ გვპასუხობდა ან მკვახედ გვეუბნებოდა, რომ სხვა კლიენტი იპოვა...

იმ შემთხვევაში კი, თუ ბინის მეპატრონეს ე.წ. ატმორიც ჰქონდა, ცხელი წყლის გამო ბინის ფასი გაცილებით მაღალი იყო... რაც ყველაზე მთავარია, ბევრ ასეთ ბინაში ცხოვრობდნენ ბავშვიანი ოჯახები, სტუდენტები, რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდები... რამდენიმემ გვირჩია, თუ აქ გადმოსვლას გადაწყვეტთ, გაზის გამო ღამე ფანჯარა ოდნავ გამოღებული დატოვეთ, ჩვენ ასე ვიქცევითო...

წელიწად-ნახევრის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბანსა და რაიონში დაახლოებით 300-ზე მეტი ბინა ვნახეთ და ვერც ერთის მეპატრონე ვერ დავიყოლიეთ, ოდნავ დაეკლო ფასი, რათა ჩვენ იმ თანხით ელემენტარული უსაფრთხოებისა და ჰიგიენის საკითხები მოგვეგვარებინა.

მძიმე სოციალური ფონის გამო მოსახლეობას უჭირს და შემოსავლის პოვნას ყველა თავისებურად ცდილობს. რაიონებიდან მოსახლეობის მიგრაციის შემდეგ ბინის გაქირავება ბევრმა გადაწყვიტა, მაგრამ თითქმის ყველამ გაყვანილობა - როგორც ელექტრო, ისე გაზის - კუსტარულად, სწრაფად, შეღავათიან ფასად და უმეტესად - უხარისხოდ გააკეთა. შედეგსაც ასე თანდათან, ადამიანების სიცოცხლით ვიმკით...

ნინო აფხაზავა