"რამე დაგიშავეთ, ბატონო პრეზიდენტო?!" - კვირის პალიტრა

"რამე დაგიშავეთ, ბატონო პრეზიდენტო?!"

"ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მინდა დაბრუნება. ჩემს მშობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან ჩახუტება... განა მარტო მე? თითქმის ყველა აქ ჩამოსული დაბრუნებაზე ოცნებობს, ყველა სუფრა ასე იწყება, ღმერთმა მალე შეგვახვედროს საქართველოშიო"...

აქ რომ ჩამოდიხარ, იმდენ ვალდებულებას იღებ, რომ შუა გზაში ვეღარ მიატოვებ და აი, რატომ: დედა ინვალიდი მყავს, უმუშევარი. ასევე მამაც. სტუდენტი შვილის სწავლის ფულს ვიხდი (ამას დაუმატე აბიტურიენტობის დროს 4 რეპეტიტორის გასამრჯელოც), დენის, გაზის, წყლის, ინტერნეტის, საკვების, ჩასაცმელის ხარჯები ჩემი გაგზავნილი ფულით იფარება. წელს მშობლებმა, ორივემ, ოპერაცია გაიკეთეს.  მამას მეორე ოპერაცია სჭირდება ერთი თვის შემდეგ.

აქაურ ხარჯებსა და სიძვირეზე აღარაფერს ვიტყვი. რომ ჩამოვიდე, ამ ყველაფერს რომელი სამსახურის ხელფასი ეყოფა? ან სად არის სამსახური? მე წამოსული კი ვარ, მაგრამ დაწვრილებით ვიცი, რაც საქართველოში ხდება. ქართულ პრესას სისტემატურად ვეცნობი. მანდ რომ ვიყო, ამდენ წიგნსა და ჟურნალ-გაზეთს ვერც ვიყიდდი. საქართველოში ერთი რომ იყიდის გაზეთს ან ჟურნალს, მერე მთელი სამეზობლო კითხულობს. ხალხს ის აქვს საფიქრალი, პური რითი იყიდოს.

ემიგრანტების დაბრუნება ემიგრანტებზე არ არის დამოკიდებული. ჩვენმა ,,მფრინავმა"'' პრეზიდენტმა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისაგან შემდგარმა მთავრობამ ამაზე უნდა იზრუნოს, თორემ ერთი იმდენი ადამიანი, რაც უკვე ჩამოსულია, საელჩოებში ელოდება ვიზას საქართველოდან გამოსაქცევად. სთხოვეთ ბატონ პრეზიდენტს, გაუსწოროს თვალი სინამდვილეს. თუ ეს არ სურს, ე.ი. ხალხი სძულს. რატომ, ბატონო პრეზიდენტო, რამე დაგიშავეთ?"

ქეთი სანოძე, საბერძნეთი