დათო ქაჯაია: "გვახსოვდეს, ნებისმიერ მოსახვევში შეიძლება სიკვდილი იყოს ჩასაფრებული" - კვირის პალიტრა

დათო ქაჯაია: "გვახსოვდეს, ნებისმიერ მოსახვევში შეიძლება სიკვდილი იყოს ჩასაფრებული"

"რამდენი მძღოლისგან მომისმენია, აქ რადარია, ნელა გავივლი და მერე შევუბეროთო"

ბოლო დღეებში გორთან მომხდარმა ორმა ავტოავარიამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა და შეგვაძრწუნა. არაერთი სტატია დაწერილა "კვირის პალიტრაში", რა სანქციები და რეგულაციები იქნებოდა კარგი და რა - არა, მაგრამ ჩვენი რესპონდენტის, ავტომრბოლელ დათა ქაჯაიას აზრით, სანქცია და რეგულაცია ვერ გვიშველის, თუ არ ამაღლდა მძღოლების თვითშეგნება. წამში დაშვებული შეცდომა შეიძლება თქვენთვის ან შემხვედრისთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს.

დათა ქაჯაია, კლუბ Mia Force-ის მრბოლელი: - მინდა მძღოლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მოვუწოდო, დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები.

რეგულაციები გამკაცრდა, საჯარიმო სანქციებიც გაიზარდა, რაც გარკვეულწილად აფხიზლებს მძღოლებს, მაგრამ სანქცია და ჯარიმა ვერ გვიშველის, სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ წუთმა, წამმა, უყურადღებობამ შეიძლება სავალალო შედეგი მოიტანოს. ამიტომ უნდა დავემორჩილოთ ყველანაირ რეგულაციას, ნუ ვეცდებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას.

ასეთ დროს გვგონია, საფრთხის შემთხვევაში შევძლებთ საჭის დამორჩილებას, მაგრამ ვცდებით. ამას მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ, როცა უკვე გვიანია და ავტომობილის მართვა შეუძლებელია.

რეგულაციებში გათვალისწინებულია, თუ რამხელა სიჩქარესა და მანძილზე როგორია ხილვადობა, მძღოლის რეაქცია, უნარები, რათა უეცარი მანევრის დროს უპრობლემოდ დაიმორჩილო მანქანა. ყველა ავტომობილს ინდივიდუალური მონაცემები აქვს, მაგრამ საერთო მახასიათებლები ასეთია: თანამედროვე მანქანას, რომელიც 100კმ/სთ-ით მოძრაობს, 40 მეტრი სჭირდება გაჩერებისთვის. ამას ემატება მძღოლის რეაქციაც - როცა თვალი საფრთხეს აღიქვამს, ის სიგნალს გადასცემს ტვინს, ტვინი კი კიდურებს. გვგონია, ეს ყველაფერი წამის მეათასედებში ხდება, სინამდვილეში, მინიმუმ, წამს მაინც ვანდომებთ. წარმოიდგინეთ, როდესაც მანქანა 100 კმ/სთ სიჩქარით მიდის და რეაქციისთვის წამი გვჭირდება, ამ დროში ჩვენი მანქანა დაახლოებით კიდევ 20 მეტრამდე მანძილს გადის. თუ სიჩქარე გადაჭარბებულია, ეს მანძილიც იზრდება...

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენს ბაზარზე ბევრი არაორიგინალი სამუხრუჭე ხუნდი იყიდება. ზოგი მძღოლი ცდილობს იაფად გამოვიდეს, მაგრამ საფრთხის დროს ეს დანაზოგი სავალალოდ გვიბრუნდება. მეტი სოციალური რეკლამა გვჭირდება, რათა მძღოლმა გააცნობიეროს საფრთხე და მხოლოდ ჭკვიანი კამერის შიშით, მოთხოვნის შესაბამისად არ შეანელოს სიჩქარე. რამდენისგან მომისმენია, აქ რადარია, ნელა გავივლი და მერე შევუბეროთო.

უნდა გვახსოვდეს საქართველოს გზების თავისებურებებიც. ამ მთაგორიან მხარეში გზებზე ბევრი უცნობი მოსახვევია. შეიძლება სულაც ზეპირად ვიცოდეთ ყოველი მოსახვევი, მაგრამ შემხვედრის დაუდევრობის გამო ვერ ავიცილოთ ავარია თავიდან.

- თქვენ ხშირად მოგზაურობთ, უცხოეთში რა სიტუაციაა ამ მხრივ? - მაგალითად, გერმანიაში არც არის საჭირო ისეთი ჭკვიანი კამერის დამონტაჟება, რომელიც კონკრეტული ავტომანქანის სიჩქარეს ერთიდან მეორე კამერამდე გამოჩენის დროის მიხედვით ითვლის. ბედნიერი ვიქნებოდი, ქართველ მძღოლებსაც რომ აღარ დასჭირდეთ კამერებით გაკონტროლება. რამდენიმეჯერ მყავდა საქართველოში სტუმრად უცხოელი მრბოლელები და გაოცებული დარჩნენ ჩვენი მოძრაობით. ხუმრობდნენ, ქართველებს ამ სპორტში ნიჭი იმიტომ გაქვთ, თურმე ყოველდღიურად შუაგულ ქალაქში ვარჯიშობთო. მართლაც, ხანდახან ისეთი მანევრების გამოყენება გვიწევს, რაც სპორტშიც გამოგვადგება.

- ბევრისგან გამიგონია, ახალგაზრდას რომ ვხედავ ბე-ემ-ვეს საჭესთან, ვცდილობ ჩამოვრჩე ან გზა დავუთმოო. - საზოგადოებაში ბე-ემ-ვეს შესახებ ცოტა მცდარი ინფორმაციაა, თითქოს უფრო ცურდება, უფრო არამდგრადი მანქანაა სამართავად, მაგრამ ასე არ არის. საქმე ის არის, რომ ამ მარკის მანქანა ახალგაზრდებისთვის უფრო ხელმისაწვდომია, ნახევრად სპორტულია, დიდ სიჩქარეს ავითარებს და ამით იზიდავს ახალგაზრდებს. ამიტომაც უფრო მეტია წესების დამრღვევი ბე-ემ-ვეს ახალგაზრდა მძღოლი და ავტოსატრანსპორტო შემთხვევაშიც ხშირად ბე-ემ-ვე ფიგურირებს.

გახსოვდეთ, მაღალი სიჩქარით მოძრაობისას თავს იღუპავთ და შესაძლოა სხვაც გააუბედუროთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ბევრი ახალბედა მძღოლი თქვენი უნებლიე და უადგილო მანევრით შეიძლება ისე დაფრთხეს, დაიბნეს, რომ ავარია მოახდინოს და ვინმე შეიწიროს.

სანამ მოძრაობის წესებს დავარღვევთ, სიჩქარეს გადავაჭარბებთ ან მოვინდომებთ მანქანის შესაძლებლობებით მოვიწონოთ თავი, გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ მოსახვევში შეიძლება ჩასაფრებულია სიკვდილი, რასთანაც არავის ვუსურვებ თვალის გასწორებას.

შემზარავი სტატისტიკა

09. 01. ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

22.01. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.

28.01. დიდი დიღმის გადასახვევთან ველოსიპედით მიმავალ მოქალაქეს ავტომობილი დაეჯახა. 50 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.

28.01. გორი-კარალეთის მონაკვეთზე ერთმანეთს ბე-ემ-ვე და მინივენი შეეჯახა. დაიღუპა 30 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

31.01. სოფელ ქიწნისთან "ოპელი" ვაშლით დატვირთულ სატვირთოს შეეჯახა. დაიღუპნენ 18, 19 და 23 წლის ახალგაზრდები.