"რაც ნაკლები გამოცდა იქნება, მით უკეთესი" - კვირის პალიტრა

"რაც ნაკლები გამოცდა იქნება, მით უკეთესი"

უკვე ცნობილია, რომ სკოლებში გამოცდები მოეხსნათ როგორც მე-11, ისე დამამთავრებელი მე-12 კლასის მოსწავლეებს. ამასთან, 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება, უნივერსიტეტებს კი საშუალება ექნებათ, თავიანთი პროგრამების რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის - ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თვითონ დაამატონ, ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები კი ყველასთვის სავალდებულო იქნება. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს პროგრამის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ, განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის. ამასთან, ჩარიცხვა ისევ ცენტრალიზებული იქნება, თუმცა შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რომელშიც სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა იქნება გათვალისწინებული. ასევე შეიცვლება წესი, რომლის მიხედვით, არჩევით საგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ ცვლილებებს? ამის შესახებ განათლების ექსპერტ სიმონ ჯანაშიასთან ვისაუბრეთ.

- ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დავბრუნდით იმ მდგომარეობაში, როდესაც სავალდებულო იყო მხოლოდ სამი გამოცდის ჩაბარება. ასე ხდებოდა 2009 წლამდე.

სავალდებულო გამოცდებიდან უნარები იმიტომ ამოიღეს, რომ სკოლებში იყო უკმაყოფილება - თუ სკოლაში არ ისწავლება ის საკითხები, რომლებიც არის უნარების ტესტში (ეს არის ფორმალური ლოგიკის საკითხები), მაშინ რატომ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს უფლება, მოითხოვოს ფორმალური ლოგიკის ტიპის ამოცანების ამოხსნა?!

ვფიქრობ, გამოცდების რაოდენობის შემცირება კარგი და მნიშვნელოვანი სიახლეა, თუ ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ სკოლების განვითარებას. სკოლებში ბოლო ორი კლასის განმავლობაში ბავშვები ორიენტირებული არიან არა განათლების მიღებაზე, არამედ იმ შეჯიბრებაში გამარჯვებაზე, რომელსაც მართავს სახელმწიფო ერთიანი ეროვნული გამოცდებით. ამ შეჯიბრებაში გამარჯვების მოსაპოვებლად არ არის აუცილებელი განათლება, მაგრამ აუცილებელია ზუსტად იმის ცოდნა, რაც ტესტით მოეთხოვებათ. ეს ორი რამ ერთმანეთს აცდენილია და ასე იქნება ყოველთვის, როგორც უნდა ვეცადოთ ტესტების გაუმჯობესებას.

- რატომ? - იმიტომ, რომ მაგალითად, განათლების მიზანია ახალგაზრდის მოქალაქედ ჩამოყალიბება, ტესტი კი ამოწმებს კონკრეტულ კომპეტენციას, ვთქვათ - წერის, კითხვის და ასე შემდეგ. ადამიანი სცემს თუ არა პატივს განსხვავებულ აზრს, შეუძლია თუ არა იმოქმედოს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ნორმების შესაბამისად, შეუძლია თუ არა თვითონაც რაღაც ღირებული შექმნას, იყოს შემოქმედებითი და ა.შ. - ეს ამ ტესტებს არ აინტერესებს, პირიქით, ეს ტესტები თრგუნავს იმ პროცესს, რომელიც მიმართულია სწორედ ამ კომპეტენციისა და ღირებულებების ჩამოყალიბებისკენ. ამიტომ ვთვლი, რომ რაც ნაკლები გამოცდა იქნება, მით უკეთესი. ვინ როდის მიხვდა, არ ვიცი, მაგრამ მე უკვე 13 წელია ვწერ, რომ გამოცდები არის უსამართლო, მიკერძოებული იმ ხალხის მიმართ, ვისაც სახელმწიფომ შეუქმნა უკეთესი პირობები, ჰყავს უკეთესი მასწავლებლები, სწავლობს უკეთეს სკოლაში...

სხვადასხვა სკოლასთან ვმუშაობ და ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ ბოლო კლასის მოსწავლეების ჩართვა რაიმე პროექტებში იყო უპერსპექტივო, იმიტომ, რომ მათ ერჩივნათ მეტი ინტენსივობით მომზადებულიყვნენ გამოცდებისთვის, ვიდრე უფრო საინტერესო რაღაცები ეკეთებინათ.

მეორე პრობლემა, რასაც ეს გამოცდა იწვევს, არის ის, რომ რეპეტიტორები, რომელთაც მიმართავენ, რათა გამოცდებში გამარჯვების შანსი გაეზარდოთ, უარყოფითად მოქმედებენ სასკოლო სისტემაზე.

რეპეტიტორობა არა მხოლოდ დროს ართმევს ახალგაზრდებს, რომ მეტი განათლება მიიღონ, არამედ რეპუტაციასაც ულახავს სკოლებს (იმისთვის, რომ უკეთ დაანახონ თავიანთი საჭიროება და მიიღონ მეტი შემოსავალი).

რეპეტიტორობის მესამე პრობლემა ის არის, რომ რეპეტიტორების უმრავლესობა თვითონ არის იმ მოსწავლეების სკოლის მასწავლებელი, ვისაც ამზადებს და იმის გამო, რომ მათ აქვთ კომერციული ურთიერთობა საკუთარ მოსწავლეებთან, სასწავლო პროცესსაც კომერციულ ჭრილში უყურებენ - თავიანთ მოსწავლეებს უფრო მაღალ ნიშნებს უწერენ, ან სასკოლო გაკვეთილების გაცდენას პატიობენ და ა.შ. ესეც საყურადღებო პრობლემაა.

რეპეტიტორს ხელს აძლევს, დაარწმუნოს მშობელი, რომ სკოლაში მიღებული ცოდნით შეუძლებელია გამოცდების ჩაბარება და ამისთვის სხვადასხვა ხერხს იყენებენ.

- საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ გამოცდების მოხსნა მოსწავლეებს საგნის სათანადოდ შესწავლის მოტივაციას დაუკარგავს. იმასაც ამბობენ, რომ სკოლის ატესტატით პირდაპირ უმაღლესში ჩასაბარებლად თუ წავლენ, ეს სკოლებსა და უნივერსიტეტებში კორუფციის რისკს გაზრდის. - მას, ვინც ამბობს, რომ თუ მოსწავლეებს გამოცდები არ ექნებათ, სწავლის მოტივაცია დაეკარგებათ, როგორც ჩანს, სჯერა, რომ გამოცდების დროს მოსწავლეებს სათანადო მოტივაცია ჰქონდათ. ჩემი აზრით, ეს მცდარი დასკვნაა. მეცნიერულად დასტურდება, რომ ასეთი გარე წახალისების მექანიზმებით, შეზღუდვებითა და მათრახით ადამიანი ცოდნას არ იღებს. ის სწავლობს იმიტომ, რომ დააკმაყოფილოს ვიღაცის მოთხოვნები და ეს ცოდნა არის ინერტული, ფუყე და მოსწავლეების უმეტესობას გამოცდის შემდეგ ყველაფერი ავიწყდება. თუ ეროვნული სასწავლო გეგმა რომელიღაც საგანში ითხოვს ანალიზის უნარს, შემოქმედებითი უნარის განვითარებას და ა.შ., ამ დროს კი ვამოწმებთ მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას და იმასაც დახურული კითხვებით, ჩემთვის გაუგებარია, ამ ტესტის მომზადებას როგორ შეიძლება ვინმემ ან გამართული პედაგოგიური, ან საჭირო განათლების მომტანი პროცესი დაარქვას.

რაც შეეხება სკოლის ნიშნების გამოყენებას უმაღლესში ჩასაბარებლად, მგონია, რომ თუ უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ მეტი ავტონომია იმისთვის, რომ გაითვალისწინონ, რომელი სკოლა აქვს დამთავრებული მოსწავლეს, ამ სკოლაში არის თუ არა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები დანერგილი, არის თუ არა ეს სკოლა სპეციფიკური განათლების მიმცემი და ა.შ., მაშინ უკეთესად შეძლებენ სტუდენტების შერჩევას, ვიდრე დღეს არჩევენ.

ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა შეეძლოს, მაგალითად, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში, გაითვალისწინოს, რომელი სკოლა აქვს დამთავრებული ადამიანს და არ აქვს იგივე უფლება, მაგალითად, თსუ-ს.

- სან-დიეგოს უნივერსიტეტს ეს უფლება აქვს?

- რა თქმა უნდა! ის ხელმძღვანელობს ამერიკული სისტემით - ითვალისწინებენ სკოლის ნიშნებსაც, სხვადასხვა მიღწევასაც, როგორიც არის, მაგალითად, ოლიმპიადებში მონაწილეობა და ა.შ. და მხოლოდ ამის შემდეგ იყენებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს. საინტერესოა, რატომ ვაყენებთ უნივერსიტეტებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში?

- რას უნდა ველოდოთ, რას მივაღწევთ ამ ცვლილებებით? - მხოლოდ ეს ცვლილებები ვერაფერს მიგვაღწევინებს, აუცილებელია, შეიცვალოს სასწავლო გეგმა სკოლებში, რათა სკოლებს ჰქონდეთ მეტი თავისუფლება, რომ დანერგონ მრავალფეროვანი პროგრამები. უნდა დაიწყოს უმაღლესი სასწავლებლების გაძლიერება, იქ უნდა დაინერგოს შიდა, უფრო გამჭვირვალე, საზოგადოებრივ კონტროლზე ორიენტირებული შერჩევის მექანიზმები, უნდა დავეხმაროთ უნივერსიტეტებს, რომ გაუმჯობესდეს პროგრამების ხარისხი, ჰყავდეთ უკეთესი პერსონალი; უამრავი რამ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ბარიერების მოხსნას აზრი ჰქონდეს, თორემ მხოლოდ ბარიერის მოხსნით არაფერი შეცვლება.