"ხანდახან ვმღერი, ფიქრობენ, რა ამღერებს­ შვილმკვდარ ქალსო, მაგრამ..." - რას ჰყვებიან მტრის მიერ მოკლული მამა ანდრიას დედა და და-ძმები? - კვირის პალიტრა

"ხანდახან ვმღერი, ფიქრობენ, რა ამღერებს­ შვილმკვდარ ქალსო, მაგრამ..." - რას ჰყვებიან მტრის მიერ მოკლული მამა ანდრიას დედა და და-ძმები?

არქივი, 2019-04-02

"სანამ ყურაშვილების მსგავსი ოჯახები არსებობენ და ბერის კაბაში ჯარისკაცებივით იბრძვიან, საქართველოს დასრულება არ უწერია"

"მამა ანდრიას ცხედრიდან სამი დღე სისხლდენა არ ჩერდებოდა. მის სისხლში აკურთხეს ჯვარი..."

მრავალშვილიან ქალებს გმირებს უწოდებენ ხოლმე და ჩვენი რესპონდენტი, 80 წლის სათნო მოხუცი, მართლაც გმირია - ცხრა შვილის დედაა, რომელთაგან ხუთმა სასულიერო გზა აირჩია. ლამარა ჭელიძე აფხაზეთის ომის დროს მტრის ტყვიით დახვრეტილი მამა ანდრიას დედაა. მაშინ ბერი ანდრია 27 წლის იყო. ახალგაზრდა ქართველმა არც ხალხი დატოვა და არც ეკლესია, არც მტერს დაუჩოქა და არც ქვეყანას უღალატა. მამა ანდრიას აღსასრულმა მისი დებისა და ძმების ცხოვრება შეცვალა. ერთ-ერთი ძმა "თეთრი" მღვდელია, მეორე - ბერი, ორი და კი მონაზონი.

1993 წლის ივლისში ბერი ანდრიას მამა რადიოს უსმენდა - რუსეთ-საქართველოს ომის საზარელ შედეგებზე იყო ლაპარაკი. სწორედ იმ საღამოს გაიგო, რომ აფხაზებმა შვილი დაუხვრიტეს. დედა თავზარდამცემი ამბის გაგებისთანავე სამი დღე-ღამე აზრზე არ მოსულა, მანამდე, სანამ ბერი ანდრია მიწას არ მიაბარეს...

სოფელ კამანში მამა ანდრიამ ყველა აზიარა და საქართველოს ერთიანობისთვის ილოცა. როცა მომხდურებმა ჰკითხეს, ეს საქართველოს მიწაა თუ აფხაზეთისო, მან აუღელვებლად უპასუხა, ეს ღმერთის მიწააო. ამ უკანასკნელი წინადადებითა და ღიმილით გადაინაცვლა სასუფეველში.

ბერ ანდრიაზე მოგონებები ერთ წიგნშია აკინძული. მას მრევლი და სასულიერო პირები იხსენებენ. ისტორიამ თავისი სახელი უკვე დაარქვა - გმირი ბერი ანდრია. ამის ნათელი მაგალითი ბაღდათის საკათედრო ტაძრის ფრესკაა, სადაც გამოსახულია უშარავანდედო ბერი საქართველოს სხვა სახელოვან შვილებთან ერთად.

ლამარა ჭელიძემ და ელგუჯა ყურაშვილმა სამშობლოს ცხრა შვილი გაუზარდეს. ელგუჯა ყურაშვილის დამსახურებაა ბაღდათის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსება. ახალგაზრდა კაცი სოფელ-სოფელ დადიოდა და სამუზეუმო ექსპონატებს აგროვებდა. ახლა მამის გზას მისი ქალიშვილი, ცირა ყურაშვილი აგრძელებს.

"ხანდახან ვმღერი, ფიქრობენ, რა ამღერებს შვილმკვდარ ქალსო, მაგრამ მე ვალმოხდილი, ქვეყნისთვის დაღუპული შვილის დედა ვარ"

ლამარა ჭელიძე-ყურაშვილი: "1960 წელს დავქორწინდით. ექვსი შვილი მყავდა, როცა ფოსტალიონად დავიწყე მუშაობა, ცოტა ამოვისუნთქეთ. მერე ბიჭები წამოიზარდნენ და მუშაობა დაიწყეს, უფროსი გოგონაც მოგვეხმარა, მეზობლებიც მხარში გვედგნენ და გავიტანეთ ცხოვრება. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ქვეყანას შეეწირა. ის მოწოდებული იყო ამ გზისთვის. ხანდახან ვმღერი, ფიქრობენ, რა ამღერებს შვილმკვდარ ქალსო, მაგრამ მე ვალმოხდილი, ქვეყნისთვის დაღუპული შვილის დედა ვარ". ლამარა ჭელიძე-ყურაშვილი

ოთხი შვილი სხვადასხვა ტაძარში მსახურობს. მამა ანდრია წაუძღვა ღვთის ტაძრისკენ დანარჩენებს. ერთი შვილი, მამა იოანე, თეთრი მღვდელია, მეუღლე, შვილები და შვილიშვილები ჰყავს. ის ბოლო იყო, ვინც ძმა, მამა ანდრია, აფხაზეთში გააცილა. ძმის სიკვდილიდან მალევე ჯერ სტიქარით შეიმოსა, მერე მღვდლის ანაფორით.

მამა იოანე ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში მოღვაწეობს. მას წლების შემდეგ ბერი ანდრიას სამოსელი გადასცა ყოფილმა ტყვემ, რომელსაც ომის დროს სახლი დაეწვა და მამა ანდრიამ უპატრონა.

"ჩვენ სამ საუნჯეს მივყვებით: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. მამა ანდრიამ სამივეს შესწირა თავი"

მამა იოანე: "მე და ჩემი ძმა მავთულბადის საამქროში ვმუშაობდით, ის სახარებას კითხულობდა, მერე ნელ-ნელა გაგვერიდა, შემდეგ მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა. ხულოდან აფხაზეთში რომ გადაიყვანეს, ვნერვიულობდით, არაფერი ვიცოდით მის შესახებ, დიდხანს ვეძებდით, ხან დავითგარეჯში, ხან სხვა მონასტრებში, მაგრამ ვერ ვპოულობდით. მერე ერთმა ერისკაცმა და შემდგომში სასულიერო პირმა გაგვაგებინა მისი ადგილსამყოფელი. თურმე მამა ანდრია კამანში გადაუყვანიათ... ომის დროს, 1993 წელს ჩავედი მის მოსანახულებლად. როცა მონასტერში მივედი, მამა ანდრია მოხუცებისა და შშმ პირებისთვის სეფისკვერებს აცხობდა. შემდეგ თითოეულისგან აღსარება მიიღო და აზიარა. გადავეცი, რომ მეუფე დანიელმა ერთი კვირით წამოსვლის კურთხევა მისცა. ფეხსაცმელი არ ჰქონდა, რომ გზად ჩაეცვა, რეზინის ბოტები გადაჭრა და ისე წამოვიდა. დედაჩემმა შვილი რომ დაინახა, წამოიძახა,"მთლად ქრისტეს დამსგავსებიხარ, შვილოო. სამი დღე დარჩა, ღამეებს სახლში არ ათევდა, ეკლესიაში ატარებდა. მერე თქვა, ჩემს ხალხთან უნდა დავბრუნდეო. ავტობუსამდე მივაცილე, ავიდა და მას შემდეგ აღარ მინახავს. მამა იოანე

მამა ანდრიას გარდაცვალებამდე არ მიფიქრია სასულიერო პირად წასვლა. სოხუმში პირველად ჩავაბარე აღსარება, შემდეგ ზიარება მივიღე. სტიქარიც იქ ჩამაცვეს. როცა ბაღდათის ეპარქია აღდგა, მივედი ტაძარში და საყოფაცხოვრებო საქმიანობაში ჩავერთე. მომდევნო წელს დიაკვნად მაკურთხეს.

ჩემი ძმა, მამა ელიზბარი ბერია. მშობლებს, ალბათ, იმან გადაატანინა ჩვენი მღვდლობა და დების მონაზვნობა, რომ მე თეთრი მღვდელი ვარ, მყავს მეუღლე, შვილები და შვილიშვილები, ჩემს მშობლებს კი მემკვიდრეები.

ერში ჩემი და, მაკა, ფეხბურთს თამაშობდა, ქალთა ნაკრებში იყო. ახლა დედა შუშანიკია. უმცროსი და ფილოლოგიურზე სწავლობდა, მაგრამ მეორე კურსიდან მონაზვნად ეკურთხა. ჩვენ პატარა, ჩვილი ძმა გარდაგვეცვალა და რვანი დავრჩით.

ჩვენმა ბაბუამ, მალაქია ყურაშვილმა, ხუცური კარგად იცოდა და სახარებას კითხულობდა. დიაკვნობდა, მაგრამ ხელდასხმული არ ყოფილა. სულიერების მაგალითზე ვიზრდებოდით, ჩვენ სამ საუნჯეს მივყვებით: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. მამა ანდრიამ სამივეს შესწირა თავი.

მამა ანდრიას ანაფორა ტყვეობაგამოვლილმა გოგონამ, მანანამ და მისმა დედამ, ამჟამად დედა მარიამმა გადმოგვცეს ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ. გვამი ცისფერ ხავერდში გაუხვევიათ და მესამე დღეს დაკრძალეს. სამი დღე სისხლდენა არ ჩერდებოდა ცხედრიდან. მის სისხლში აკურთხა ჯვარი მანანამ. ვიცით, რომ კომანში მამა ანდრიას საფლავს ახლაც უვლიან და პატივს სცემენ აფხაზები".

"მამა ანდრიას ღვაწლმა, მისმა აღსასრულმა გვასწავლა, როგორ უნდა ემსახურო ქვეყანას"

ამ დიდი ოჯახის ერთ-ერთი ქალიშვილი, ცირა, ერში დარჩა, დაოჯახდა და მამის დაარსებულ მუზეუმს ხელმძღვანელობს...

ცირა ყურაშვილი: "როცა ჩემი ძმა სასულიერო პირი გახდა, უკვე დაოჯახებული ვიყავი. ბერად რომ ეკურთხა, სრულიად მიუწვდომელი გახდა ჩემთვის. ამიტომ ყოველთვის მის ბავშვობას ვიხსენებ, პატარა პაატას. მამა ანდრიას ღვაწლმა, მისმა აღსასრულმა გვასწავლა, როგორ უნდა ემსახურო ქვეყანას. უფლის მადლიერი ვარ, რომ მამა ანდრიას და ვარ. ხშირად ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩვენ გვერდითაა. ჩემი დედმამიშვილები მამა ანდრიას აღასრულის დღეს, 5 ივლისს ჩამოდიან და ვიკრიბებით მშობლიურ სახლში. ცირა ყურაშვილი

მამა იდეალისტი იყო. გაზეთ "წითელი დროშის" შტატგარეშე კორესპონდენტადაც მუშაობდა. გასული საუკუნის 60-იან წლებში დააარსა მუზეუმი. ცხრა შვილის მამა გაუთავებლად დადიოდა და სამუზეუმო ექსპონატებს აგროვებდა. უხაროდა დამთვალიერებლის გამოჩენა".

"ეს ბერი ანდრიას სამშობლოა, აქ ცხრა შვილის მოხუცი დედა ბედნიერობს, რადგან სამშობლოს შესწირა მისმა შვილმა თავი"

ბაღდათის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარს ღირსეულ მამულიშვილთა ფრესკა ამშვენებს, რომელზეც გამოსახულნი არიან თავდადებული სასულიერო და საერო პირები. მათ შორის ერთი ბერი შარავანდედის გარეშეა, რადგან წმინდანად არ არის შერაცხილი. ეს ბერი ანდრიაა. ტაძრის არქიმანდრიტი იმ დღეს ელოდება სასოებით, როცა მამა ანდრიას შარავანდედს დაადგამენ და ხატზე გამოსახავენ...

ბაღდათის საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი მაკარი: - ჩვენი ტაძარი 1996 წელს აშენდა. აქ არის ფრესკა, სადაც გამოსახული არიან რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი ღვაწლმოსილი სასულიერო და საერო პირები: სოლომონ მეორე, კირიონ კათალიკოსი, ამბროსი ხელაია, დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭაჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და მამა ანდრია, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს. ხშირად, როცა ჩვენს ქვეყანაში საზარელ ამბებს ვიგებთ, როცა დაუძინებელი ჩრდილოელი მტერი თავს გვესხმის, როცა ქართველები ორგულობენ და მტრის ბანაკში ინაცვლებენ, იმედგაცრუებული ქართველები ამბობენ ხოლმე,"საქართველოს აღარაფერი ეშველებაო, მაგრამ სანამ ყურაშვილების მსგავსი ოჯახები არსებობენ და ბერის კაბაში ჯარისკაცებივით იბრძვიან, საქართველოს დასრულება არ უწერია. ეს ბერი ანდრიას სამშობლოა, აქ ცხრა შვილის მოხუცი დედა ბედნიერობს, რადგან სამშობლოს შესწირა მისმა შვილმა თავი, იმ ოჯახში გაზრდილი ქალები კი სანთელს ახვევენ და ღმერთს ქვეყანასა და ხალხს ავედრებენ.

იხილეთ ასევე: "მლოცველს, უკნიდან ესროლეს კისერში" - მამა ანდრიას ცხოვრება და მოწამებრივი აღსასრული

იხილეთ ვიდეო